საქმე # 020100122005498341
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1350აპ-22 ქ. თბილისი
ფ. ბ. 1350აპ-22 4 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ბ. ფ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ბ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ბ. ფ–სმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მ–ს რაიონში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და დამხმარე შენობა-ნაგებობაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის AKC-74 მოდელის, 5.45 მმ კალიბრიან, სროლისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ კალაშნიკოვის კონსტრუქციის №..........ავტომატს, ოთხ ცალ მჭიდსა და ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრიან, სროლისათვის ვარგის, საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ 100 ცალ ვაზნას, რაც ამოიღეს შსს მ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 იანვარს ჩატარებული ბ. ფ–ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკის შედეგად.
2.2. ბ. ფ–სმა 2021 წლის შემოდგომაზე (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), მ–ს რაიონის სოფელ ლ–ში უკანონოდ შეიძინა და მ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობაში უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით 213.4 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც შსს მ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 იანვარს ჩატარებული ბ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას ამოიღეს.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენით:
3.1. ბ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელად სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი.
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ბ. ფ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
3.3. ბ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 22 იანვრიდან 2022 წლის 9 მარტის ჩათვლით. მასვე სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2022 წლის 22 ივლისის 12:10 საათიდან.
3.4. ბ. ფ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები; 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 3 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - მ. ბ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბ. ფ–სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ფ–სის ადვოკატმა მ. ბ–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ. ფ–სთვის სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ბ. ფ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, კმაყოფაზე ჰყავს მთელი ოჯახი, მათ შორის - არასრულწლოვანი შვილები, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბ. ფ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საკითხის შეფასებისას, მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 22 იანვრის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ბ. ფ–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, 2022 წლის 22 იანვარს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ-ს რაიონის სოფელ ლ-ში ჩატარდა ბ. ფ–ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, ოთხი მჭიდი, ასი ვაზნა და გამომშრალი მარიხუანა. შესაბამისად, ბ. ფ–ს წაასრეს დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ბ. ფ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე