საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1354აპ-22 თბილისი
გ-ე გ-ი, 1354აპ-22 11 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის განაჩენით:
1.1. გ-ი გ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აპრილის პირველი ნახევრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აპრილის პირველი ნახევრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-ი გ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
1.3. გ-ი გ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 12 ივლისიდან იმავე წლის 14 ივლისის ჩათვლით. მასვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით.
2. განაჩენის მიხედვით, გ-ი გ-ეს მსჯავრი დაედო:
ü ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი);
ü გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორ - 2020 წლის დეკემბრის დასაწყისისა და 2021 წლის აპრილის პირველი ნახევრის ეპიზოდებში);
ü გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მუქარაში, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორ - 2020 წლის დეკემბრის დასაწყისისა და 2021 წლის 11 ივლისის ეპიზოდებში);
ü გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2021 წლის 11 ივლისის ეპიზოდი).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის დეკემბერში, თ-ში, გ-ის ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ-ი გ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით თავის არასრულწლოვან შვილს - ბ. გ-ეს, კერძოდ: სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მას ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
3.2. გ-ი გ-ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ის იყო ოჯახის უფროსი, მეუღლე უნდა დამორჩილებოდა მას, გაეკეთებინა მხოლოდ სახლის საქმეები, არ ჰქონოდა ურთიერთობა და მიმოსვლა მეზობლებსა და ნათესავებთან, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს, ასევე, მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელში ამოწმებდა მის მიმოწერებს. აღნიშნული მოტივით:
o 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, ღამის საათებში, თ-ში, ე. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე სახლში, გ-ი გ-ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ლ. გ-ს, კერძოდ: ფეხი ძლიერად ჩაარტყა ბარძაყის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, ღამის საათებში, თ-ში, ე. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე სახლში, გ-ი გ-ე თავის მეუღლეს - ლ. გ-ს საყოფაცხოვრებო დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2021 წლის აპრილის პირველ ნახევარში, ღამის საათებში, თ-ში, ე. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე სახლში, გ-ი გ-ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ლ. გ-ს, კერძოდ: თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი და გაშლილი ხელი, ასევე კარებზე მიარტყმევინა თავი. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 19:40 საათზე, თ-ში, ე. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე კორპუსის მე-- სართულზე, გ-ი გ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ლ. გ-ს, კერძოდ: ორჯერ ძლიერად მოქაჩა თმა და ცდილობდა მის წაყვანას, ასევე გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახეში და ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ მარცხენა მკლავზე მოუჭირა ხელები. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ-ში, ე. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე ბინაში მყოფ ლ. გ-ს თავისი მეუღლე გ-ი გ-ე საკომუნიკაციო ქსელ „ვოცაპის“ მეშვეობით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. ამასთან, დაახლოებით 10 წუთში, იმავე მისამართზე, გ-ი გ-ე თავის მეუღლეს - ლ. გ-ს, ძალადობის შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა. დაზარალებულმა მუქარის ორივე შემთხვევა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ-ი გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და გ-ი გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ-ი გ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
10. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ გ-ი გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე