საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №148აპ-23 თბილისი
თ-ი ა., 148აპ-23 4 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ა. თ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
2. განაჩენის მიხედვით, ა. თ-ს მსჯავრი დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 14 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-ში მდებარე თავის სახლში, ა. თ-ი, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე. ჯ. კ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. თ-ს ადვოკატმა ა. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. თ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა; ა. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ა. თ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.
7. გამართლებულ ა. თ-ის ადვოკატი ა. ბ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურორის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. თ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე