საქმე # 330100121004851177
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №149აპ-23 ქ. თბილისი
გ. ზ.149აპ-23 5 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ზ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ............ ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. გ–იმა დედას - ჯ. გ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავზე, რის შედეგადაც, ჯ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ მოითხოვა ზ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ მოითხოვა ზ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. დაზარალებულმა ჯ. გ–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. გ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
10. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ. ფ–სისა და ბ. გ–ს გამოკითხვის ოქმების (უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები) იმ ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია დაზარალებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რადგან წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით არარელევანტურია გამომძიებელ კ. თ–ს გამოკითხვის ოქმი (უდავო მტკიცებულება), რომელიც ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ზ. გ–ის ადგილსამყოფლის შესახებ.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება). შესაბამისად, სამედიცინო ბარათში, ბარათის დათვალიერების ოქმსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში (უდავო მტკიცებულებები) ასახული, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.
15. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის კუთხით, ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე - მათი საკმარისობის თვალსაზრისით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო ბარათისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაცია, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი და მათი გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
17. საქმეში არსებული სამედიცინო ბარათის თანახმად, ჯ. გ–ს ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნება ხილული დაზიანებები.
18. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ზ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე