Facebook Twitter

საქმე # 330100122005626498

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№150აპ-23 ქ. თბილისი

შ. გ. 150აპ-23 8 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ–ა ჩ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. გ. შ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველოს შსს-ის ქ. თ-ს მიერ გ. შ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N.., რომლითაც გ. შ–ს, ქ. ა–ს მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა ქ. ა–სთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. გ. შ–ს აგრეთვე აეკრძალა ქ. ა–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2022 წლის 28 თებერვალს, დილით, მას შემდეგ, რაც გ. შ–ს გააცნეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და განემარტა ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები, იგი მივიდა ქ. ა–ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. ბ. კ–ის ქუჩა N..ში, რითიც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.2. გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 28 თებერვლიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ხ. ჩ–ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ხ. ჩ–ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. შ–ს საქართველის სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება გ. შ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

3. 2022 წლის 28 თებერვალს, 01:40 საათზე, ქ. ა–ს მოთხოვნით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გ. შ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N.... ორდერის პირობების თანახმად, გ. შ–ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. გ. შ–ს აგრეთვე აეკრძალა ქ. ა–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელ ორდერზე დაფიქსირებულია გ. შ–ს, ქ. ა–სა და გამომძიებელ დ. ს-ს ხელმოწერები.

4. საქმეში არსებული დანაშაულის შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის თანახმად, 2022 წლის 28 თებერვალს, 06:20 საათზე, შეტყობინების ინიციატორმა - ქ. ა-მ განაცხადა, რომ „მისი არაოფიციალური მეუღლე მეორედ მიუვარდა სახლში, კარი შეანგრია, წაართვა ტელეფონი და წასვლას აპირებდა. ვარაუდობს, რომ ახლომახლოსაა.“

5. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ---- შ-------- დააკავეს 2022 წლის 28 თებერვალს, 07:55 საათზე, ქ., ბ. კ-ის ქუჩა N-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.

6. გამომძიებელ დ. ს-ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. შ–ს სატელეფონო საუბრისას დეტალურად განუმარტა მის მიმართ 2022 წლის 28 თებერვალს, 01:40 საათზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვები, გასაჩივრების წესი და ვადა, აგრეთვე ორდერის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გამომძიებლის განმარტებით, ვინაიდან იყო ღამის დრო, გ. შ. ორდერის გადასაცემად დაიბარა მეორე დღეს, თუმცა, სატელეფონო საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 10 წუთში ბრალდებული თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც გამომძიებელმა კიდევ ერთხელ აუხსნა ორდერის პირობები (მათ შორის, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელ სახლში - ბ. კ-ის ქ. N-ში მდებარე ბინაში მისვლის უფლება) და გადასცა ორდერის ასლი. შემაკავებელი ორდერის გაცნობისა და გადაცემის ფაქტი გ---- შ--------მ დაადასტურა ხელმოწერით. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ, რამდენიმე საათში კვლავ მიიღეს შეტყობინება გ. შ–ს მსხვერპლის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შესახებ, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები. გამომძიებლის განმარტებით, გ. შ. დააკავა დაზარალებულ ქ. ა–ს საცხოვრებელ ბინაში.

7. დაზარალებულ ქ. ა–ს ჩვენებით, 2015 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ. შ–სთან. ცხოვრობენ ქ., ბ. კ-ის ქუჩა N..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2022 წლის 28 თებერვალს, გ. შ. იქცეოდა აგრესიულად, გახდა არაადეკვატური, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, დაზარალებულის მოთხოვნით, ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, გ. შ–ს აეკრძალა ქ. ა–სთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილი იყო აკრძალვის თაობაზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან რამდენიმე საათში გ. შ. დაბრუნდა მათ საცხოვრებელ სახლში, წიხლით შეანგრია კარი და შევიდა. დაზარალებულმა მეუღლეს შეახსენა, რომ შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მასთან მიახლოება, თუმცა ბრალდებული სთხოვდა, მიეცა დილამდე დარჩენის უფლება. მეუღლეებს შორის კონფლიქტურ სიტუაციას ესწრებოდა დაზარალებულის შვილი, რომელიც იყო ძალიან შეშინებული და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ა-მ კვლავ დარეკა 112-ში. დაზარალებულის განმარტებით, ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს გ. შ.

8. გ. შ–ს განმარტებით, 2022 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, დაურეკა გამომძიებელმა, განუმარტა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და მეორე დღეს დაიბარა პოლიციის განყოფილებაში ორდერის გადასაცემად. სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში თავად მივიდა გამომძიებელთან, რომელმაც კვლავ აუხსნა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და უთხრა: „გაძლევ შემაკავებელ ორდერს და არ გაეკარო სახლს“. ბრალდებულის განმარტებით, გამომძიებელმა მხოლოდ სიტყვიერად აცნობა აკრძალვის თაობაზე და ორდერის ასლი არ გადაუცია. შემაკავებელ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. გ. შ–ს ჩვენებით, მის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახლში მისვლის უფლება, გამომძიებელმა უპასუხა, რომ თუ არავინ დარეკავდა პოლიციაში, შეეძლო სახლში მისვლა.

9. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით (2022 წლის 28 თებერვლის N.. შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, დანაშაულის შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, გამომძიებელ დ. ს-სა და დაზარალებულ ქ. ა–ს ჩვენებებით) უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. შ–ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ გ. შ. არ იყო ინფორმირებული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მსჯავრდებულმაც დაადასტურა გამომძიებლის ჩვენება, რომლის თანახმად, გ. შ–ს შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვების შესახებ განემარტა როგორც სატელეფონო საუბრისას, ისე პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერზე დაფიქსირებულია გ. შ–ს ხელმოწერა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ორდერის ჩაბარება. მსჯავრდებულის არგუმენტი - თითქოს, ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, საფუძველს მოკლებულია და არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. თავად მსჯავრდებულიც განმარტავს, რომ სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, სწორედ ორდერის ჩასაბარებლად, საკუთარი სურვილით, დათქმულ ვადაზე ადრე გამოცხადდა გამომძიებელთან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულის სათანადო წესით ინფორმირება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ, თუმცა, ნაწილობრივ არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სასჯელის დასაბუთებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით გ. შ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით - დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის მხედველობაში მიღებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მუხლის სანქციით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა აღნიშნული მსჯელობა და არ შეუცვლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დასაბუთება.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ზომის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 7 ივლისის განაცენი საქმეზე N14აპ-22). კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

14. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“;

15. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად, მათ შორის, მიიჩნევა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი;

16. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული წესი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე;

17. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახური დანაშაულის ცნებასა და პასუხისმგებლობის (კვალიფიკაციის) საკითხს, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესს ადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდებოდა გ. შ–ს მიერ მეუღლის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, გ. შ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ოჯახის წევრის მიმართ ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩადენამ დააფუძნა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენება - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო - გამოიწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის N14აპ-22 განაჩენი, II-15). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო მსჯავრდებულისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანიშვნის შესახებ.

21. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომაზე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ქ. ა–ს მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 19 მაისიდან, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2021 წლის 18 მაისს. შესაბამისად, მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს - 2022 წლის 28 თებერვალს, - იგი იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა), რაც საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს და განაპირობებს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად. კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

22. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ხოლო რეციდივის წესით დასანიშნი სასჯელი (მინიმუმ - 1 წელი და 6 თვე) აჭარბებს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას, გ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით სასჯელად თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით, მოცემულ შემთვევაში - 1 წლით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს დანიშნული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა.

23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 1 აგვისტოს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, გ. შ. ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც, მართალია, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი გარემოებაა, თუმცა, ვინაიდან გ. შ–ს სასჯელი დანიშნული აქვს, რეციდივის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილი წესით, - სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია დანიშნული სასჯელის ვადის შემცირების შესაძლებლობას.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ–ა ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე