Facebook Twitter

საქმე # 330100120003785971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№151აპ-23 ქ. თბილისი

უ. ბ. 151აპ-23 16 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბ. უ–სს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. უ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 7 ივნისს, თ-ში, ჯ-ს ქუჩა N..-ში, ბ. უ–მა ურთიერთდაპირისპირებისას ძმას - ბ. უ–ს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც ძლიერად ჰკრა ხელი გულ-მკერდის არეში და მიაჯახა ხეს, რა დროსაც ბ. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ბ. უ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, ბ. უ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ბ. უ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6.1. ბ. უ–ს ადვოკატმა ი. ბ–მა პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. უ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, დაზარალებულმა - ბ. უ–მა (მსჯავრდებულის ძმა) და მოწმე - ნ. უ–მა (მსჯავრდებულის შვილი) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ფაქტის ერთადერთმა თვითმხილველმა, მოწმე მ. ქ–მ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს ძმები - ბ. და ბ. უ–ი სიტყვიერად შელაპარაკდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ინიციატორი დაზარალებული ბ. უ–ი იყო. იგი ბ. უ–ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა - ბ. უ–მა დაზიანებები გაშველებისას, ხესთან შეჯახების შედეგად მიიღო. მისივე განმარტებით ბ. უ–საც აღენიშნებოდა დაზიანებები.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები - დ. გ–ი, ზ. გ–ი და ლ. ლ–ი უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

10. ბ. უ–ს სხეულზე დაზიანებების არსებობა, გარდა მ. ქ-ს ჩვენებისა, დადასტურებულია დაკავების ოქმითა და შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნა ადასტურებს ბ. უ–ს სხეულზე დაზიანებების არსებობას, თუმცა აღნიშნული დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების განვითარების მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ერთდროულად დაინიშნა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულის მიმართ.

11. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, იგი შეიცავს ზოგად მითითებას ბ. უ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე, თუმცა არაინფორმატიულია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ხერხი და ა.შ.) დადგენის კონტექსტში.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ბ. უ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე