Facebook Twitter

საქმე # 330100122006200712

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №152აპ-23 ქ. თბილისი

ბ. გ. 152აპ-23 15 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 10:20 საათზე, თ–ში, ლ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორსულ მეუღლეს - ლ. კ–სს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ სახეში რამდენჯერმე ძლიერად გაარტყა გაშლილი ხელი და ასევე თავში ძლიერად დაარტყა მუშტი. ძალადობის შედეგად ლ. კ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2.2. ძალადობის შემდგომ, გ. ბ–ე დანის დემონსტრირებით დაემუქრა მოკვლით ორსულ მეუღლეს - ლ. კ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ლ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ. ბ–ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (2 წლით,11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარი) 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, გ. ბ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბერის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ბ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ბ–ს გამართლება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს გ. ბ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

9. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს გ. ბ–ე დანის გამოყენებით დაემუქრა ორსულ მეუღლეს - ლ. კ–ს და ფიზიკურად იძალადა მასზე. მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა მსჯავრდებული გ. ბ–ე მოქმედებდა თუ არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ბ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ლ. კ–ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - მ. ქ–ს, თ. კ–ს, ლ. დ–ს გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ბ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

12. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. ბ–ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მიუთითებს, რომ ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს (მაგ., იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N770აპ-19).

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მხარეების მიერ უდავოდ ცნობილ დაზარალებულ ლ. კ–სის ( იხ. ტ.1, ს.ფ. 3-6) და მოწმე თ. კ-ს (ტ.1, ს.ფ. 31-33) გამოკითხვის ოქმებს, რომლებითაც ცალსახად დგინდება, რომ გ. ბ–სის მიერ დაზარალებულისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც გ. ბ–მ დაზარალებულს „გააშვებინა ხელი“ (დაზარალებული თმაში სწვდა თ. კ-ს) და - შესაბამისად არ ემსახურებოდა ხელყოფის მოგერიების მიზანს და არ წარმოადგენდა თავდაცვის საშუალებას.

14. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული ლ. კ–სის და მოწმე თ. კ–ს გამოკითხვის ოქმებით ასევე ცალსახად დგინდება, რომ მუქარა უკავშირდებოდა დაზარალებულის მიერ ჭურჭლის მსხვრევას და არა დაზარალებულის მიერ თვითდაზიანებას, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ გ. ბ–ს მიერ ცივი იარაღით დამუქრების შემდეგ.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ლ. კ–სა და თვითმხილველი მოწმის - თ. კ–ს გამოკითხვის ოქმებზე. დაზარალებულმა ლ. კ–სმა განმარტა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს 10:20 საათზე მივიდა თ–ში, ლ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბინაში, სადაც მეუღლე ნახა მისთვის უცხო ქალთან ერთად. ამაზე განაწყენებულმა, მისთვის უცხო ქალს მოქაჩა თმა, რის გამოც გ. ბ–მ გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, შემდეგ კი მუშტი ჩაარტყა თავში. ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ გავიდა მისაღებ ოთახში, დაამსხვრია თეფშები, ისე რომ არავის მოხვედრია. მისაღებ ოთახში გ. ბ–სე დანით ხელში დაემუქრა რომ მოკლავდა. დაზარალებულის განმარტებით, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში, რის გამოც თავადაც აიღო დანა, დაიდო ვენაზე და მსჯავრდებულს უთხრა, რომ ,,სანამ შენ მომკლავ იქამდე ჩემით არ ვიცოცხლებო“. ამ დროს გ. ბ–სთან მივიდა იქვე მყოფი ქალი და ეხვეწებოდა, რომ დაწყნარებულიყო. დაზარალებულმა რამდენჯერმე მსუბუქად დაისვა დანა მაჯაზე, ოდნავ გაიკაწრა, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია. ამის შემდეგ გ–მ დააგდო დანა, დაზარალებულს უკბინა მარცხენა ხელზე და დანა დააგდებინა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ანალოგიურად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს მოწმე თ. კ–ც.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა).

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, არ ახდენს საქმის სრულ განხილვას, როგორიცაა ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით. ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par 75, ECtHR, 21/09/2017).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე