Facebook Twitter

საქმე # 180100121005021002

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №157აპ-23 ქ. თბილისი

ი. ბ. 157აპ-23 23 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ი–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში, საავტომობილო გზაზე, ბ. ი–სმა შურისძიების მოტივით, მათ შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დარჩენილი წყენის გამო, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული მყარი, მოგრძო ფორმის საგანი თავში ჩაარტყა დ. ჩ–ს, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც, 2021 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა დ. ჩ–ი.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ბ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ბ. ი–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 21 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს–მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა და მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს–მ და მოითხოვა ბ. ი–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს ბ. ი–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას. დაცვის მხარის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას არ დადასტურდა ბ. ი–ს მიერ დ. ჩ–სის განზრახ მკვლელობის ფაქტი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა ბრალდებულის მიერ დ. ჩ–სის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. ი–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულის უფლებამონაცვლის - დ. გ–ს, მოწმეების - გ. ი–ს, მ. ღ–ს, ჯ. ტ–ს, ნ. თ–ს, ა. კ–ს, გ. წ–ს, თ. ხ–ს, თ. ჟ–ს, ნ. ბ–ს, ჯ. ტ–ს, ა. ი–ს, ა. მ–ს, ნ. ა–ს, ნ. ჭ–ს, ი. შ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ბ. ი–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს მათ შორის: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი, ლოკალიზაცია, მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის N146აპ-22 განჩინება).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს. გ. ი–მა, თ. ჟ–მა და ჯ. ტ–მა თანხვდენილად განმარტეს, რომ დ. ჩ–ა და ბ. ი–ს შორის უეცრად წარმოიშვა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური სახის კონფლიქტი. ხმაურზე მივიდა ხალხი, რომლებმაც გააშველეს ბ. ი–ი და დ. ჩ–ი. ბ. ი–მა დატოვა შემთხვევის ადგილი, მაგრამ დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან, რომლის შეჩერებაც სცადა გ. ი–მა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბ. ისეთი სისწრაფით მიუახლოვდა დ–ს, რომ გ. ი–მა ვერ დაინახა, თუ რა საგანი ჩაარტყა ბ–მ დ–ს თავში, თ. ჟ–მა და ჯ. ტ–მა ასევე დაინახეს, რომ რაღაც საგანი ჩაარტყა ბ–მ დ–ს, რომელიც წაიქცა, მაგრამ თავისით წამოდგა, მოწმეთა განმარტებით დავითს დარტმის შედეგად თავიდან წამოუვიდა სისხლი და ითხოვდა შველას. ბ–მ სწრაფად დატოვა ტერიტორია და წავიდა თავისი სახლისკენ. მომხდარი მოვლენები იდენტურად აღწერა მ. ღ–მა და მიუთითა, რომ პირველი კონფლიქტიდან 10 წუთში დაბრუნებული ბ–ა აგრესიულად მიდიოდა დავითის მიმართულებით, რომელიც გ. ი–მა ვერ შეაჩერა, ბ–მ აიწია მაისური მარჯვენა მხრიდან, რაღაც ნივთი ამოიღო და დაარტყა დ. ჩ–ს თავში. მოწმემ დარტყმისას დაინახა ბ–ს მაღლა აწეული ხელი, რომელშიც ეჭირა ღია ფერის გაურკვეველი საგანი, დაახლოებით 10 სმ სიგრძის, მოგრძო ფორმის, 5 სმ სისქის. მოწმის განმარტებით ეს საგანი ბ–მ მთელი ინერციით მოუქნია ზემოდან ქვემოთ დ. ჩ–ს თავის მარცხენა არეში. შესაბამისად, შემთხვევის თვითმხილველი ყველა მოწმე თანხვდენილად მიუთითებს, რომ ბ. ი–ს ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც ჩაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დ. ჩ–სს თავიდან წამოუვიდა სისხლი.

12.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ა. დ–ს, მ. ღ–ს, თ. ჟ–ს, გ. ი–ს, ჯ. ტ–ს, ა. ხ–ს, ვ. ი–სა და დ. ხ–ს მონაწილეობით ჩატარებულ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებზე, სადაც კონფლიქტი და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები გადმოცემულია თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების იდენტურად.

12.2. სასამართლო ითვალისწინებს ასევე „.......... ჰოსპიტალსის“ ექიმების - ა. კ–სა და გ. წ–ს ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საავადმყოფოში მიყვანისას უგონო მდგომარეობაში მყოფ დ. ჩ–ს აღენიშნებოდა მარცხნივ თავის არეში სისხლმდენი დიდი ზომის ღია ნახეთქი ჭრილობა, ქალა ტვინის ღია ტრამვა, თავის ტვინის და შიდაქალას ჰემატომა, ტრამვული სისხლჩაქცევა, ქალა სარქველის მოტეხილობა, დ. ჩ–ზე არსებული დაზიანებები იყო სიცოცხლისათვის სახიფათო.

12.3. სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით დასტურდება, რომ დ. ჩ–ს სიკვდილის მიზეზია ქალასარქვლის ძვლების მოტეხილობა, ქალას ღრუსა და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევა, თავის ტვინის შეშუპება, დარბილება, შემდგომი მენინგიტის განვითარებით, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, განვითარებული ქალატვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად. დ. ჩ–ს გვამის გამოკვლევისას ნანახი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები გარდა მარცხნივ საფეთქლის მიდამოში არსებული შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობისა, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და არიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან -

სიკვდილთან.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გადმოცემულ არგუმენტებს და თავად მსჯავრდებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებს, ვინაიდან არ გამომდინარეობს იმ მტკიცებულებებიდან, რაც გამოიკვლია სასამართლომ. დაცვის მხარის არგუმენტით, დაზარალებულის სიკვდილი შეიძლება გამოეწვია წაქცევისას მიღებულ დაზიანებას. აღნიშნული განმარტება არ არის სარწმუნო, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ ექიმთა განმარტებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება, დ. ჩ–სათვის ბ. ი–ს მიერ თავის არეში, მარცხენა მხარეს, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით გარდაცვალების ფაქტი, გასათვალისწინებელია ასევე მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს განვითარებული მოვლენების შესახებ.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს როგორც პირდაპირი, ასევე - არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის; იმავდროულად, იმ გარემოებას, რომ მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ ბ. ი–ის ქმედება განპირობებული იყო შურისძიების მოტივით. განვითარებული მოვლენები - ფიზიკური დაპირისპირება, სიტყვიერი შელაპარაკება, წასვლა და 10 წუთის შემდეგ დაბრუნება და მყარი, მოგრძო ფორმის საგნის ჩარტყმა, მეტყველებს სწორედ ბ. ი–ს განზრახვაზე - მოეხდინა დ. ჩ–ს სიცოცხლის განზრახ ხელყოფა. იმ ვითარებაში, როდესაც სუბიექტი ასრულებდა მიზანმიმართულ ქმედებას(მთელი ძალით თავში საგნის ჩარტყმა), შეუძლებელია, იმავდროულად არ გაეთვალისწინებინა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის საშიშროება. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია და მიზეზობრივად ცალსახად უკავშირდება ბ. ი–ს მხრიდან დ. ჩ–სათვის მყარი, მოგრძო სახის საგნის სასიცოცხლო ორგანოში(თავში) მიყენებულ დაზიანებას.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორის მტკიცება ბ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის ჩადენის შესახებ, ხოლო მამხილებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება, რომ სწორედ ბ. ი–სის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები, თავად ბ. ი–ს ჩვენებასთან ერთად, მიუთითებენ, რომ მის ქმედებას წინ უძღვოდა კონფლიქტური ფონი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა მსჯავრდებულის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე