საქმე # 120100122005493153
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №159აპ-23 ქ. თბილისი
გ. ნ. 159აპ-23 16 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ ნ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–სა და გ. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ა–ში, ..... ქუჩაზე, ......... ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. გ–ი ყოფილმეუღლეს მ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2021 წლის 30 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ა–ში, .........ას ქუჩაზე, შპს „.......ის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. გ–ი ყოფილ მეუღლეს მ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 7 იანვრამდე, ქ. ა–ი, ნ. გ–ი ყოფილ მეუღლეს მ. მ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით:
3.1. ნ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ნ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ. გ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 7 იანვრიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება ნ. გ–ს მიმართ და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ. ს–მა და კ. ლ–მა მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ნ. გ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ნ. გ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
5.2. ნ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
5.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.6. ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 7 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
6.1. პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა(7 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (30 დეკემბრის ეპიზოდი) და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6.2. მსჯავრდებული ნ. გ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ს. კ–ა და გ. ლ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ნ. გ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ნ. გ–ს ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, დაცვის მხარე კი ნ. გ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. გ–სის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ. გ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების - მის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს ყოფილი მეუღლის მ. მ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი და შემაკავებელი ორდერის ოქმი სრულად ეფუძნება დაზარალებულ მ. მ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა); ბრალდების მხარის მოწმეები (მ. მ–ი და ნ. ვ–ე) არ არიან შემთხვევის (2021 წლის 30 დეკემბრის ფაქტის) თვითმხილველნი, უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან; არ უნახიათ დაზარალებული სავარაუდო შემთხვევიდან მცირე ხანში და არ უთითებენ მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული 2021წლის 30 დეკემბრის ეპიზოდის შემდეგ; აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2021წლის 30 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით სრული მოცულობით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ნ. გ–სის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ მ. მ–ს, მოწმეების: მ. მ–ს, ნ. ვ–ს ჩვენებებით, 2022 წლის 8 იანვრის შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. გ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის მ. მ–სის მიმართ.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 7 იანვრის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულ მ. მ–ს ჩვენება სრულად თანხვდენილია მამის - მ. მ–ს ჩვენებასთან, რომელსაც იმავე დღეს ურეკავდა მსჯავრდებული ნ. გ–სი. მ. მ–ი მას არ პასუხობდა, დაახლოებით მეთხუთმეტე დარეკვაზე უპასუხა, რა დროსაც მათ მოუვიდათ ხმამაღალი შელაპარაკება. ამ დროს ოთახში შევიდა მ. მ–სი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და როდესაც მიხვდა მამამისი ელაპარაკებოდა მის ყოფილ მეუღლეს უთხრა შეეწყვიტა საუბარი და წასულიყვნენ პოლიციაში განცხადების დასაწერად, რადგან მას აღარ შეეძლო მუქარის, დამცირებისა და შეურაცხყოფის მოთმენა. დაზარალებული მის მიერ პოლიციის განყოფილებაში დაწერილ განცხადებაში უთითებს, რომ უნდა მუქარისა და შიშის გარეშე ცხოვრება(იხ. ტ.1, ს.ფ. 2). დაზარალებულის ჩვენება ასევე სრულად თანხვდენილია ნ. ვ–სის ჩვენებასთან, რომლის თანახმად 2022 წლის 7 იანვარს, როდესაც ნ. გ–მა დაურეკა დაზარალებულის მამას და მათ შორის იყო დაძაბული საუბარი, სახლში დაბრუნდა მ., რომელმაც განუმარტა მათ, რომ ნ. გ–ი დაემუქარა მისი და მამამისის მოკვლით. ნ. გ–ს მხრიდან მუქარის შემდგომ დაზარალებულის მძიმე ემოციურ მდგომარეობას ადასტურებენ თავად დაცვის მხარის მოწმეები: ხ. გ–ი და გ. მ–ი. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2022 წლის 8 იანვრის შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოიცა ნ. გ–ის მიერ 2022 წლის 7 იანვარს ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე.
12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით(მათ შორის: დაზარალებულ მ. მ–ს, მოწმეების: მ. მ–ს, ნ. ვ–სის, ი. ც–ს, ნ. ს–ს ჩვენებებით, 2021 წლის 6 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის, 2022 წლის 20 იანვრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნითა და ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. გ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
13. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ. მ–ს ჩვენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. გ–სთან. ფინანსური პრობლემებისა და ეჭვიანობის გამო ნ–ი ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც 2021 წლის 5 ივლისს ისინი განქორწინდნენ და მ. მ–სი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან, ას რაიონის სოფელ ს–ში. განქორწინების შემდეგ ნ. გ–ი თითქმის ყოველ დღე ურეკავდა შერიგების მოთხოვნით და ემუქრებოდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა ფიზიკურად გაუსწორდებოდა და მოკლავდა. ასევე ემუქრებოდა მამის - მა. მ–ს მოკვლით, რადგან მიაჩნდა, რომ ოჯახი დაენგრა მ–ს გამო და მ. იმყოფებოდა მამის გავლენის ქვეშ. შერიგებაზე უარის გამო ბრალდებული სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ნ. გ–სი ყოველ დღე მიდიოდა დაზარალებულის სამუშაო ადგილას(ქ. ა–ში, კ–ს ქუჩაზე არსებულ მაღაზია „ს–ში“), სთხოვდა გარეთ გასვლას სალაპარაკოდ. ყოველ მორიგეობაზე ღამის საათებში იდგა მაღაზიის წინ, ავტომანქანით და აკონტროლებდა. როდესაც გარეთ გასვლაზე უარს იღებდა ბრაზდებოდა, არავის ერიდებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა), რომლებიც სრულად თანხვდენილია მოწმეთა: მ. მ–სა და ნ. ვ–ს ჩვენებებთან. დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ი. ც-მ და ნ. ს-მ, რომლებიც არიან დაზარალებულის თანამშრომლები და ადასტურებენ ფაქტს, რომ ნ. გ–ი სამსახურში აკითხავდა მ. მ–სს, დაზარალებული კი მასთან კამათის შემდეგ აღელვებული ბრუნდებოდა სამუშაო ადგილზე. დაზარალებულის მიერ ნ. გ–სის ქმედებით განცდილი ფსიქოლოგიური ტანჯვა დადასტურებულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N............. დასკვნითა და ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებით.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა(7 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
15. რაც შეეხება კასატორი პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
16. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). გასაჩივრებული განაჩენით ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განესაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
17. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ ნ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–სა და გ. ლ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე