საქმე # 080100121004417890
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№166აპ-23 ქ. თბილისი
ზ–ე ზ., 166აპ-23 3 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ზ–სისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–სს, ასევე - მსჯავრდებულ გ. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ზ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ და ასევე - მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ–მა.
2. მსჯავრდებულ ზ. ზ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ–ს ითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ზ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ. ზ–ს ბრალეულობას. მსჯავრდებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს იგი რამდენჯერმე შეხვდა გარდაცვლილ გ. მ–სა და გ. გ–ს, რადგან ისინი ერთსა და იმავე ადგილას საქმიანობდნენ, თუმცა სამუშაო დღის დასასრულს სახლში წავიდა და მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო პოლიციელებისაგან, რომ მკვლელობაში იყო ბრალდებული. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა მოწმეების სახით დაკითხული პოლიციელების - თ. გ–სა და დ. ხ–ის ურთიერთგამომრიცხველი განმარტებები და მოწმე გ. ს–ს ცრუ ჩვენება, ასევე - შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მდებარე ობიექტების ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს. შემთხვევის ადგილზე არ არის აღმოჩენილი ნავთობპროდუქტების კვალი, რაც ცხადყოფს, რომ გარდაცვლილისათვის ცეცხლი განზრახ არავის წაუკიდებია.
3. მსჯავრდებული ზ. ზ–ე დამატებით აღნიშნავს, რომ მისთვის მსჯავრად შერაცხულ მკვლელობაში - უდანაშაულოა, ხოლო შემთხვევით ჩხუბში მონაწილეობის გათვალისწინებით, რა დროსაც მხოლოდ გაშლილი ხელი დაარტყა გარდაცვლილს, რომელსაც ფეხი დაუცდა და დაეცა, ითხოვს მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, საიდანაც 3 წელი უკვე მოხდილი აქვს.
4. მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. თ–ი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ. გ–სის მსჯავრდების ნაწილში უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სრულად და ობიექტურად არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და შესაბამისად, ფაქტებიც არ დაუდგენია სწორად, რამეთუ განაჩენში მითითებული არცერთი სამხილით ჭეშმარიტად არ დასტურდება, რომ გ. გ–მ ნამდვილად შეიტყო (იცოდა), რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირიქით, ბრალდების მხარის მტკიცების კვალდაკვალ, დადგინდა, რომ ჩადენილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მოწმე - გ. ს–ე, რომლისთვისაც პროკურატურას პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ზ. ზ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ზ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ხოლო გ. გ–მ - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
6.1. 2020 წლის 14 ნოემბერს, 15:00-დან 16:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ–ში, ...........ეს ქ. №..-ს მიმდებარედ, მდინარე .......ს სანაპიროს მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, არაფხიზელმა ზ. ზ–მ, პირადი საკითხების გამო წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივითა და მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით - ტანჯვის მიყენების მიზნით, მკვრივი ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმით, თავის ნაცნობს - გ. მ–ს მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: უსწოროკიდეებიანი ჭრილობა შუბლის არეში, მარცხნივ, წარბის რკალის ზემოთ, სისხლნაჟღენთი თხემ-კეფის არეში მარჯვნივ, სისხლჩაქცევები თავის ქალის რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში, სახის, ქალა-სარქველისა და ქალას ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობები, თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით (სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხი); მარჯვენა და მარცხენა ნეკნების მოტეხილობები ორივე ფილტვის ქსოვილში სისხლჩაქცევებით (ნაკლებად მძიმე ხარისხი). მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში (მსუბუქი ხარისხი); ასევე, ზ. ზ–მ ცეცხლი წაუკიდა ჯერ კიდევ ცოცხალ რ. მ–მეს, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის 17%-მდე II-III ხარისხის თერმული დამწვრობა მარჯვენა და მარცხენა ლოყის, კისრის წინა ზედაპირის თითქმის მთლიან ფართზე, გულ-მკერდის წინა, უკანა და გვერდითა ზედაპირზე ზედა, შუა და ქვედა მესამედებში (ნაკლებად მძიმე ხარისხი). ქალა ტვინის ბლაგვი ტრავმის გამო განვითარებული თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპების (ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით) შედეგად, რ. მ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ზ. ზ–ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
6.2. 2020 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ–ს ..... ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ–მ ზ. ზ–საგან შეიტყო, რომ მცირე ხნით ადრე, მდინარე .....ს სანაპიროს მახლობლად, მან განსაკუთრებული სისასტიკით, მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით განზრახ მოკლა მათი საერთო ნაცნობი - რ. მ–ე და წაუკიდა ცეცხლი. მიუხედავად იმისა, რომ გ. გ–ე პირადად შეესწრო ზ. ზ–სა და რ. მ–ს შორის კონფლიქტის წარმოშობას, იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც მარტო დატოვა დაპირისპირებული მხარეები, ხოლო მოგვიანებით პირადად შეიტყო ზ. ზ–ს მიერ რ. მ–ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შესახებ, აღნიშნული არ შეატყობინა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ზ–სა და გ. გ–ს უდანაშაულოებად ცნობას.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორთა მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ზ. ზ–სა და გ. გ–ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეების - გ. ს–ს, გ. გ–ს, დ. ა–ს, გ. გ–ს, ჯ. ი–ს, თ. გ–ს, ნ. ტ–ს, ვ. ჩ–ს, გ. გ–ს, მ. შ–ს, ნ. კ–ს, ა. გ–ს, დ. ხ–ს, თ. და მ.მ–ების ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ზ. ზ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, გვამის ამოცნობისა და დათვალიერების ოქმებიდან, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან, სამედიცინო, ბიოლოგიური, გენეტიკური (სეროლოგიური) და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებიდან და სხვა სამხილებიდან, რომლებიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებითა და მოწმე გ. ს–ს ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ზ. ზ–მ და გ. გ–მ გარდაცვლილი - რ. მ–ე, რომელიც შუაში ჰყავდათ მოქცეული, ჩაიყვანეს იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით მისი გვამი აღმოაჩინეს. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან პირველი ამობრუნდა გ. გ–ე, რომელსაც მოგვიანებით ამოჰყვა ზ. ზ–ე, რომელმაც გ. ს–ს უთხრა: ,,ის მოვკალი, მიიღო მისიო“; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ქ. ქ–ში, .... ბაღის მიმდებარედ, მდინარე ....ს ...... სანაპიროსთან, დაუსახლებელ ადგილზე, ბუჩქნართან აღმოაჩინეს რ. მ–ის გვამი, რომელსაც შარვალი და ტრუსი ჰქონდა კოჭებამდე ჩაწეული, ხოლო პერანგი - ნახევრად შემომწვარი, სახე - სისხლიანი, წვერი შეტრუსული, ქვედა ყბა მოტეხილი. გვამს შუბლის, ყვრიმალისა და ტუჩის არეში აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ქვედა კიდურებზე - ნაჭდევები, ხოლო გულმკერდზე დამწვარი უბნები. გარდაცვლილისაგან მოშორებით ელაგა მისი ფეხსაცმელები და წყვილი წინდა, ხოლო - ფეხებთან აღმოჩენილია ბრტყელი, სისხლიანი ქვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ რ. მ–ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. გარდაცვლილს აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობა შუბლის არეში, სისხლნაჟღენთი თხემ-კეფის არეში, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში. სახის, ქალა-სარქველისა და ქალას-ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობები. თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივად დაკავშირებული არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; გარდაცვლილს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარჯვენა და მარცხენამხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, სისხლჩაქცევებით, ასევე - სისხლჩაქცევები ორივე ფილტვის ქსოვილში, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად; მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად; სხეულის 17%-მდე, II-III ხარისხის თერმული დამწვრობითი უბნები მარჯვენა და მარცხენა ლოყის, კისრის თითქმის მთლიან წინა ფართზე, გულმკერდის წინა, უკანა და გვერდითა ზედაპირებზე, მარჯვენა და მარცხენა მხრის წინა და უკანა ზედაპირებზე - განვითარებული მაღალი ტემპერატურის (ალის) მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დანაშაულის ჩადენის თარიღს - 2020 წლის 14 ნოემბერს; საყურადღებოა, რომ ბიოლოგიური, გენეტიკური (სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ზ. ზ–ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ტანსაცმელზე, კერძოდ, ქურთუკსა და შარვალზე, რომელიც მსჯავრდებულს ეცვა შემთხვევის დღეს, აღმოჩენილია გარდაცვლილი - რ. მ–ს სისხლი, ხოლო ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ამავე ქურთუკიდან ამოღებულ მოთეთრო-მომწვანო პოლიეთერულ ბოჭკოებსა და გარდაცვლილის პერანგის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარეობითი კუთვნილება, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. ზ–მ ჩაიდინა რ. მ–მის განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით, ხოლო - გ. გ–მ ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამის შესახებ არ შეატყობინა სათანადო ორგანოებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ზ–სა და გ. გ–ს მსჯავრდება ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში - კანონიერი და სამართლიანია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ზ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–სა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი