საქმე # 020100121004469384
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№168აპ-23 ქ. თბილისი
შ–ა ნ., 168აპ-23 3 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ–სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. შ–მ და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ.
2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ნ. შ–ს მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე და არა - გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობაზე.
3. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ნ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში უკანონოა, რადგან გამოყენებული ჯარიმა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, უსამართლოა და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ნ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა ჯარიმა - 2000 ლარი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
5.1. ნ. შ–მ ისარგებლა მ. ღ–სთან მეგობრობით და 2017 წლის აგვისტოში, დაზარალებულის ნდობის გამოყენებით, ქ. ზ–ში, მოტყუებით დაეუფლა მ. ღ–ს ბეჭედს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა - 655 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. შ–სს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. შ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ნ. შ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ნ. შ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ მ. ღ–ს, მოწმეების - გ. დ–ს, მ. ჯ–ს, მ. ჯ–სა და გ. ო–ს ჩვენებებით, ნ. შ–სს სახლის ჩხრეკისა და ნივთის ამოცნობის ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებიც ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია, ნ. შ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის დამძიმების აუცილებლობა მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.
11. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. შ–სს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ–სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი