საქმე # 160141322005596118
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №178აპ-23 ქ. თბილისი
მ. ი. 178აპ-23 4 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელიც ითხოვს ი. მ–სის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........ში მდებარე, ნ. მ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, ფულის მიცემაზე უარის გამო გაბრაზებული ი. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. მ–ს, რომელმაც რეალურად აღიქვა მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით ი. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........ში მდებარე, ნ. მ–სას ოჯახის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, ფულის მიცემაზე უარის გამო გაბრაზებულმა ი. მ–მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, არაერთგზის, ფიზიკურად იძალადა მეუღლე ნ. მ–ზე. კერძოდ, ორივე ხელი კისერში უკანა მხარეს მოუჭირა, რის გამოც ნ. მ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი. მ–ს მიერ ნ. მ–ს მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ. მ–ა.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ი. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ი. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ი. მ–სს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 14 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა და მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მ.
4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. მ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა;
4.2. მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ი. მ–ს სრულად გამართლება;
4.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილია პროკურორ ნინო პაპაშვილის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის მოთხოვნა ი. მ–ს გამართლებასთან დაკავშირებით, ი. მ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. მ–მ და არასრულწლოვანმა მოწმემ ნ. მ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის (ნ. მ–მ - მეუღლის, ნ. მ–მ - მამის) - ი. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ი. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
11. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი. მ–ს ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმე - ა. ბ–ა დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია და მომხდარის შესახებ არ უსაუბრია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას. მუქარის შესახებ არაინფორმატიულია ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმი. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება ი. მ–ს მუქარის დაზარალებულის მიერ რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას.
13. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ი. მ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
14. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ი. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ი. მ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე