საქმე # 020100121004621520
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№192აპ-23 ქ. თბილისი
მ–ე რ., 192აპ-23 3 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. მ–მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა რ. მ–სა და მისი ოჯახის წევრების მიკერძოებული ჩვენებები, რადგან საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: დაზარალებულ ზ. ხ–ეს, მოწმეების - თ. ხ–სა და დ. მ–ს ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ფოტოსურათებით, ე.წ. ,,სქრინშოტებითა“ და მათი დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის ტელეფონის აპლიკაცია ,,ვაიბერში“ არსებული შეტყობინებებისა და ,,გალერეაში“ არსებული ორი ფოტოსურათის დათვალიერების ოქმითა და სხვა სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. მ–ს ბრალად დაედო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (5 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე ქ. ზ–ში, ........ის ქუჩაზე, რ. მ–მ გაბრაზებულმა იმით, რომ ზ. ხ–ა მივიდა მის საცხოვრებელ სახლში და სთხოვდა საფინანსო ორგანიზაციის წინაშე ვალდებულების დაფარვას, იძალადა ზ. ხ–ზე, კერძოდ მარჯვენა ფეხში, ბარძაყთან, ერთხელ ძლიერად დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და წაიქცა, ხოლო რ. მ–ე წაქცეულს სწვდა ყელში, უჭერდა ხელს და ახრჩობდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი.
2.2. 2020 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ზ–ში, ..........ის ქუჩაზე, ზ. ხ–ზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, რ. მ–ე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ. ხ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2021 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 18:31 და 18:32 საათზე ქ.ზ–ში, რ. მ–ე, რომელიც იყო გაბრაზებული, რადგან ზ. ხ–ა მას პერიოდულად ახსენებდა საფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებებს, აპლიკაცია „ვაიბერით“ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მისწერა, რომ ,,დამარხავდა, სახალხოდ მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2021 წლის 16 მარტს, დაახლოებით 15:20 და 15:21 საათზე, ქ. ზ–ში, რ. მ–ე, რომელიც იყო გაბრაზებული, რადგან ზ. ხ–ა მას პერიოდულად ახსენებდა საფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებებს, აპლიკაცია „ვაიბერით“ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მისწერა, რომ „აწი აჩვენებდა, ამას ანახებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.5. 2021 წლის 26 მარტს, დაახლოებით 19:07 საათზე, ქ. ზ–ში, რ. მ–ე, რომელიც იყო გაბრაზებული, რადგან ზ. ხ–ა მას პერიოდულად ახსენებდა საფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებებს, აპლიკაცია „ვაიბერით“ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მისწერა, რომ ,,სასაფლაოზე წაათრევდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.6. 2021 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:01 და 14:02 საათზე, ქ. ზ–ში, რ. მ–ე, რომელიც იყო გაბრაზებული, რადგან ზ. ხ–ა მას პერიოდულად ახსენებდა საფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებებს, აპლიკაცია „ვაიბერით“ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მისწერა, რომ ,,იყო მოსაკლავი“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 ეპიზოდი).
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენით რ. მ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ თითქოსდა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. მ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რადგან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სამხილების ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებიდან, კერძოდ: 2020 წლის 19 ოქტომბერს რ. მ–ს საცხოვრებელ სახლში ზ. ხ–ზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ბრალდებასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, რომლის მიხედვით, რ. მ–მ ბარძაყში ჩაარტყა ფეხი, ყელში სწვდა ხელით და ახრჩობდა, ასევე - დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა უკლებლივ ყველა სხვა პირმა, კერძოდ, რ. მ–მ, ისევე, როგორც - მისმა ოჯახის წევრებმა: ი. ხ–მ, ა. მ–მ და ნ. მ–მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს რ. მ–ს ზ. ხ–ზე არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ უძალადია, არამედ მიუთითეს, რომ სწორედ აგრესიული დაზარალებული მიეჭრათ ოჯახში, ილანძღებოდა და სახლის გადაწვით ემუქრებოდა მათ; მოწმე თ. ხ–ს ჩვენება, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არის - ირიბი და შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად ფაქტების უტყუარად დადგენას და მითუფრო - გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანას, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამხილებს გამოკვლევის შედეგად გამოკვეთილი აშკარა კონფლიქტი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე - რ. მ–სათვის ბრალად შერაცხული 2021 წლის 28 თებერვლის, 16 მარტის, 26 მარტისა და 28 მარტის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებებთან მიმართებით, ყურადსაღებია, რომ მიუხედავად მხარეებს შორის არსებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობისა, გარდა დაზარალებულ ზ. ხ–ს განმარტებებისა, რომლის თანახმად, რ. მ–ე უგზავნიდა მას მუქარისშემცველ შეტყობინებებს, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა ვერცერთი უტყუარი სამხილი გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობის შესაქმნელად და წარდგენილი ბრალდების სარწმუნოდ დასადასტურებლად, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტით ვერ დადგინდა, რომ რ. მ–მ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რომლებსაც ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდების მხარე მას ედავებოდა. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. მ–ს წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე წინაპირობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი