Facebook Twitter

საქმე # 010100122005965149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№193აპ-23 ქ. თბილისი

ჩ–ე ნ., 193აპ-23 3 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ნ. ჩ–ს მსჯავრდებას საფუძვლად უდევს მხოლოდ დაზარალებულ ქ. ხ–ს გამოგონილი ჩვენება, რომელთანაც მსჯავრდებულს ჰქონდა ხანგრძლივი სამეზობლო დავა, რადგან დაზარალებულს ჰყავს კატები, რომლებიც მუდმივად აბინძურებენ მათ საერთო სადარბაზოს; დაზარალებულის დედა არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე, შესაბამისად, მისი ჩვენება არის - ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად განაჩენს; საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არ ერთვის ფოტოილუსტრაცია, რაც ცხადყოფს, რომ საექსპერტო კვლევის დროს დაზარალებულს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და ექსპერტმა იხელმძღვანელა მხოლოდ ქ. ხ–ს განმარტებებით; საეჭვოა ის ფაქტიც, რომ დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალად წარდგენილი ქმედებიდან ოთხი დღის შემდეგ - 2022 წლის 23 მაისს, რისი მხედველობაში მიღებითაც არ ყოფილა გამორიცხული დაზიანების ნიშნების გაქრობის ან თვითდაზიანების მიყენების ალბათობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ნ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჩ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 19 მაისს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ...........ის ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნ. ჩ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ. ხ–ს, კერძოდ, მარჯვენა მხარზე ძლიერად დაარტყა და ჰკრა ხელი. ფიზიკური ძალადობის შედეგად ქ. ხ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, რამეთუ მათი ერთობლიობით სარწმუნოდ არ დგინდება ნ. ჩ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დადასტურდა ნ. ჩ–ს ბრალეულობა, კერძოდ: მსჯავრდებულის განმარტების საპირისპიროდ, რომლის მიხედვით, მას დაზარალებულზე არ უძალადია, არამედ - მსუბუქად შეეხო მხარზე, დაზარალებულმა ქ. ხ–მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სადარბაზოში ყოფნისას, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მარჯვენა მხარზე ძლიერად დაარტყა და ხელი ჰკრა ნ. ჩ–მ, რომელთანაც ჰქონდა ხანგრძლივი სამეზობლო დავა; დაზარალებულის განმარტება, რომლის მიხედვით, როდესაც მსჯავრდებულმა ხელი ჰკრა, ძლივს შეიკავა თავი კიბის მოაჯირზე, დასტურდება დაზარალებულის დედის - ნ. დ–სის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს სადარბაზოდან შემოესმა ნ. ჩ–ს ყვირილისა და ლანძღვის ხმა და შეესწრო, როგორ იმაგრებდა თავს მისი ქალიშვილი კიბის მოაჯირზე; საყურადღებოა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. ხ–სეს სხეულზე სწორედ იმგვარი ძალადობის კვალი დაუდგინდა, როგორზეც იგი უთითებდა თავის ჩვენებაში, სახელდობრ, სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას დაზარალებულს მარჯვენა ბეჭქვეშა არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს - 2020 წლის 19 მაისს, რისი მხედველობაში მიღებითაც, დაცვის მხარის მითითებას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი სამხილების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, შესაბამისად, ნ. ჩ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი