Facebook Twitter

¹ ბს-1527-1237-კ-04 6 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, მიყენებული და მოსალოდნელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 29 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. ჩ.-მ და ი. კ.-მ მოპასუხეების _ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” მიმართ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 18 აპრილის ¹7/332 და ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” 2003წ. 18 აპრილის ¹7/377 ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის განხილვამდე თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში დანიშნული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2002წ. 4 დეკემბერს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაიცა მშენებლობის ნებართვა ¹6-..., ხოლო 5 დეკემბერს ქ. თბილისის “არქმშენინსპექციამ” გასცა მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹380. გასაჩივრებული აქტებით მოპასუხეებმა ფაქტობრივად შეაჩერეს მითითებული ნებართვები, რითაც დაარღვიეს ზაკ-ის 184-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე დაირღვა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 თავის მოთხოვნები.

2003წ. 8 მაისს იმავე სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა _ გ. ნ.-მა, თ. კ.-მ და ვ. ს.-მ მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის და ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის”, მესამე პირების _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის მიმართ ქ. თბილისის არქიტექტურული და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20/267 ბრძანების, ამავე სამსახურის 2002წ. 4 დეკემბრის ¹ნ-... ნებართვისა და ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” 2002წ. 5 დეკემბრის ¹... მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის, ასევე სასკ-ის 29.1 მუხლის საფუძველზე ამ ადმინისტრაციული აქტების შეჩერების მოთხოვნით.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹11.50.453 1995 წ. დადგენილებით, კოლექტიური მებაღეობა “...-ის” წევრებს ქ. თბილისში, საირმის გორაზე დაუმაგრდათ მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის.ამ დადგენილების საფუძველზე, თბილისის არქიტექტურისა და პერპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996წ. 26 მარტს შემუშავდა ¹... სამშენებლო პასპორტი, რომელიც შეთანხმებულ იქნა თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996წ. 13 ივნისის ბრძანებით. აღნიშნული სამშენებლო პასპორტის შესაბამისად, საირმის გორაზე ასაშენებელი სახლების სართულიანობა განისაზღვრა 2-3 სართულით (მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში _ მანსარდის დამატებით) ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ინდივიდუალური სამშენებლო პასპორტები მათზე გაიცა საერთო პასპორტის _ ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმის საფუძველზე.

მოსარჩელეების მეზობლად, ¹... და ¹... ნაკვეთებზე თბილისის მთავარი არქიტექტორის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20/267 ბრძანებით მოქალაქეებს: მ. ჩ.-ს და ი. კ.-ს დაერთოთ ოთხსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მანსარდით აშენების ნება. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 2002წ. 4 დეკემბერს, ხოლო ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის’’ მიერ 2002წ. 5 დეკემბერს მათზე გაიცა მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹ნ-... და ¹..., მშენებლობა დაწყებული იყო და მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული ბრძანებები გაცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ:

1. დარღვეული იყო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პირობა, რაც გულისხმობს იმას, რომ 1996წ. 13 ივნისის ბრძანების შესაბამისად, საირმის გორაზე დაუშვებელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობა;

2. დარღვეული იყო სართულიანობა, კერძოდ, ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია სამ სართულზე მაღალი ნაგებობების აღმართვა;

3. დარღვეული იყო მიშენების ფართი, კერძოდ, სახლის განაშენიანების ფართი შეიძლება იყოს 912X0,4=365 კვ.მ;

4. დარღვეული იყო განაშენიანების ინტენსივობა, კერძოდ, 912X0,6=547 კვ.მ. ეს უკანასკნელი ყველა სრული სიმაღლის მქონე სართულზე განთავსებულ იატაკთა ჯამური ფართია. ინსტრუქციული ფართების დამატებით (გეგმაში, კიბის უჯრედთა, კედლების, ტიხრების და სხვა ფართობები) მასში არ შედის საზაფხულო ფართობები, ასევე, სარდაფში განლაგებულ ავტოსადგომთა და მანსარდის სართულთა ფართობები;

5. დარღვეული იყო განაშენიანების ზონაში ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) მშენებლობის წესები, ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის გაანგარიშების წესები (ეს უკანასკნელი პროექტში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი).

ზემოაღნიშნული დარღვევები უხეშად ხელყოფდა ამ ზონის ქალაქგეგმარებით პარამეტრებს და დისკომფორტს უქმნიდა მეზობელ ნაკვეთებზე განლაგებულ შენობათა მობინადრეებს და მთლიანად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინებით, გ. ნ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანდა ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის სარჩელით აღძრული ¹3/1835-03 და გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის სარჩელით აღძრული ¹3/2335-03 ადმინისტრაციული საქმეები ერთ წარმოებად.

გ. ნ.-ის დაზუსტებული სარჩელით მესამე პირებად მითითებული ი. კ.-ე და მ. ჩ.-ე დასახელებულ იქნენ მოპასუხეებად, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ნ.-ის შუამდგომლობა და ქ. თბილისში, საირმის გორაზე ¹... ნაკვეთებზე მიმდინარე მშენებლობა, რომელსაც აწარმოებდნენ ი. კ.-ე და მ. ჩ.-ე, შეჩერდა სასამართლოში დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ი. კ.-მ და მ. ჩ.-მ, ამავე დროს ცალკე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით მშენებლობის ნებართვის შეჩერების ნაწილში.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის განჩინებით ი.კ.-ისა და მ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და განსახილველად საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში, ამავე სასამართლოს მეორე განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის განჩინებით მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინება.

მ. ჩ.-მ და ი. კ.-მ 2003წ. 7 ოქტომბერს შეგებებული სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის, ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის”, ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მიყენებული და მოსალოდნელი მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 520 000 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე სსკ-ის 198-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება და ვინაიდან გ. ნ.-ს, თ. კ.-სა და ვ. ს.-ს სარჩელსა და შეგებებულ სარჩელს შორის იყო ურთიერთკავშირი, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება და განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის გადაგზავნა შემდეგი საფუძვლებით:

ქ. თბილისში, საირმის გორაზე მდებარე მიწის ნაკვეთები ¹... და ¹... წარმოადგენს მოსარჩელეთა _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის საკუთრებას მშენებლობის უფლებით. ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 2001წ. 20 ნოემბერს გაიცა სამშენებლო პასპორტი ქ. თბილისში, საირმის გორაზე მოქალაქეთა _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის საკუთრებაში არსებულ ¹... და ¹... ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის დამუშავებისათვის, რაც შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეთანხმებულ იქნა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20/2767 ბრძანებით, შემდგომ კი, თბილისის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ, 2002წ. 4 დეკემბერს მოსარჩელეებს გადაეცათ მშენებლობის ნებართვა ¹..., ხოლო თბილისის “არქმშენინსპექციის” მიერ მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹....

მშენებლობის დაწყების შემდგომ მოპასუხეებმა, თ. კ.-მ და სხვებმა, კოლექტიური განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს ზემოხსენებული პროექტის ამჟამად მოქმედი უფლებრივი ზონირების წესებთან შესაბამისობის დადგენის და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, რაზეც ზემოხსენებულმა სამსახურმა “პასუხი” გასცა 2003წ. 25 მარტის ¹58 და 2003წ. 7 მაისის ¹კოლ-237 წერილებით. ამავე პერიოდში 2003წ. 18 აპრილს თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, თბილისის მთავარ არქიტექტორ ა. რ.-ის მიერ გამოცემულ იქნა ადმინისტრაციული აქტი ¹7/332, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” უფროსს ს. ვ.-ს ეთხოვა, რათა 2001წ. 28 დეკემბრის @¹20/267 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის გადახედვის მიზნით, დანიშნული ადმინისტრაციული წარმოების საქმის განხილვამდე შეეჩერებინა საირმის გორაზე მიმდინარე მშენებლობა, რომლის დამკვეთნიც მოსარჩელენი იყვნენ.

ქ. თბილისის “არქმშენინსპექციამ” 2003წ. 18 აპრილის ¹7/377 აქტით, თავის მხრივ, მათ მოსთხოვა მშენებლობის შეჩერება.

ამავე დროს მოპასუხე გ. ნ.-მა, თ. კ.-მ და ე. ს.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურს 2001წ. 28 დეკემბრის ¹20/267 ბრძანებისა და 2002წ. 4 დეკემბრის ¹6-... ნებართვისა და თბილისის “არქმშენინსპქციის” 2002წ. 5 დეკემბრის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მითითებული სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინებით, სასამართლომ 2003წ. 11 მაისს დააკმაყოფილა მოპასუხეთა გ. ნ.-ის, თ. კ.-ის და ე. ს.-ის მოთხოვნა და შეაჩერა ზემოხსენებული სამივე ადმინისტრაციული აქტის მოქმედება. მოპასუხე გ. ნ.-ის შემდგომი შუამდგომლობის საფუძველზე კი, 2003წ. 16 მაისის განჩინებით, მოპასუხეთა _ გ. ნ.-ისა და სხვათა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერებულ იქნა საირმის გორაზე არსებული ¹... და ¹... ნაკვეთებზე მიმდინარე მშენებლობა სასამართლოში დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

მოსარჩელეთა მიერ ჯერ კიდევ შენობის პროექტირების სტადიაზე გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტორთან, მშენებლობის დაწყების წინ კი _ სამშენებლო ფირმა შპს “ს.-თან” ნარდობის ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ეკისრებათ როგორც საჯარიმო, ასევე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც ყოველთვიურად, დაახლოებით, 15000 ლარს შეადგენს 2003წ. ბოლომდე, ე.ი. იმ პერიოდამდე, რაც საინვესტიციო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის დადგენილია მშენებლობის დამთავრების ვადად. მოსარჩელეთა მხრივ აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მითითებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მითითებულ თანხას ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დაემატება 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ამავე საინვესტიციო ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების გამო, მოსარჩელენი ვალდებული არიან, ინვესტორს ჯარიმის სახით ერთჯერადად გადაუხადონ 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.მშენებარე სახლის საძირკვლის მომზადებისათვის მათ მიერ გახარჯულია თანხა, დაახლოებით, 20000 ლარის ოდენობით, რაც ფაქტობრივად, ხელახლა იქნება შესასრულებელი. მოსარჩელეებს არ გაააჩნდათ არავითარი საფუძველი, რომ არ ჰქონოდათ კანონიერი ნდობის უფლება, როგორც თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურისადმი, ასევე “არქმშენინსპექციისადმი”, Hრომელთა მიერ იყო შეთანხმებული პროექტი და გაცემული შესაბამისი ნებართვები მშენებლობის წარმოებაზე.

აღნიშნული ორგანოების მიერ 2003წ. 18 აპრილს ¹7/332 და /377 ადმინისტრაციული აქტებისა და შემდგომ მოპასუხეთა _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ის, ე. ს.-ის სარჩელისა და უზრუნველყოფის ღონისძიების მშენებლობის წარმოების შეჩერების შედეგად მოსარჩელეებმა, გარდა ქონებრივისა, განიცადეს უდიდესი სულიერი ტრავმა, გარკვეულწილად, შეილახა მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაციაც.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინებით შეგებებული სარჩელის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოტივით, რომელიც მ. ჩ.-მ და ი. კ.-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და მოითხოვეს მისი გაუქმება. ამავე სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინება, ხოლო 21 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის წარმომადგენელ გ. ჯ.-ის შუამდგომლობა და საქმე განსჯადობით პირველი ინსტანციით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 დეკემბრის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში მოსარჩელეების, ფიზიკური პირების: გ. ნ.-ის, თ. კ.-ის, ვ. ს.-ის თავდაპირველი სარჩელი პირველი მოპასუხის _ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის, მეორე მოპასუხის _ თბილისის “არქმშენინსპექციის”, მესამე მოპასუხის _ ფიზიკური პირის ი. კ.-ის, მეოთხე მოპასუხის _ მ. ჩ.-ის მიმართ.

სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაში მესამე პირის სტატუსით ჩაებნენ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო და ქ. თბილისის მერია.

ასევე მიღებულ იქნა წარმოებაში ფიზიკური პირების _ მ. ჩ.-ის და ი. კ.-ის შეგებებული სარჩელი თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელეებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 520000 ლარი.

2003წ. 26 დეკემბერს სასამართლო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის წარმომადგენელმა დ. ჯ.-მ ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად: 1. საქმეზე დართული, ქ. თბილისში, საირმის გორაზე, ნაკვეთ ... და ...-ში ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 20.11.2001 სამშენებლო პასპორტი აკმაყოფილებდა თუ არა ქ. თბილისის საკრებულოს 2001წ. 1 აგვისტოს ¹8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” განსაზღვრულ მოთხოვნებს (ზონირება და სხვა); 2. დარღვეული იყო თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 8 ივნისის ¹11.50.453 დადგენილებით განსაზღვრული მებაღეობის ამხანაგობა “...-ის” წევრებისათვის საირმეს გორაზე კანონიერად დაკავებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დამაგრების შესახებ დადგენილი მოთხოვნები (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პირობა და სხვა; 3. საქმეზე დართული სამშენებლო პასპორტი შეესაბამებოდა თუ არა თბილისის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1996წ. 26 მარტის ¹... პასპორტით განსაზღვრულ პირობებს (საცხოვრებელი სახლის სართულიანობა და სხვა).

სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა არქიტექტურულ-სამშენებლო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხები:

1) ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე (ნაკვეთი ¹... ¹...) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი შეესაბამება თუ არა ქ. თბილისის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 20.11.2001წ. სამშენებლო პასპორტის მოთხოვნებს;

2) იმავე პირებზე გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹..., ¹...) შეესაბამება თუ არა ქ. თბილისის საკრებულოს 01.08.2001წ. ¹8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” განსაზღვრულ მოთხოვნებს;

3) ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹..., ¹...) შეესაბამება თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06. 1998წ. ¹11.50.453 დადგენილებით განსაზღვრული მებაღეობის ამხანაგობა “...-ის” წევრებისათვის თბილისში, საირმის გორაზე დაკავებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის დამაგრების შესახებ დადგენილ მოთხოვნებს.

DAKდაკონკრეტდეს:

ა) ხომ არ არის დარღვეული ინდივიდუალური ბინათმშენებლობების პირობა, რაც გულისხმობს თბილისში, საირმის გორაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის აკრძალვას;

ბ) ხომ არ არის დარღვეული მოთხოვნა სამ სართულზე მაღალი ნაგებობების მშენებლობის აკრძალვის შესახებ;

გ) ხომ არ არის დარღვეული მოშენების ფართის ზღვრული ნორმები (კერძოდ, სახლის განაშენიანების ფართი შეიძლება იყოს 912X0,4=365 კვ. მ);

დ) ხომ არ არის დარღვეული განაშენიანების ინტენსივობის მოთხოვნა, კერძოდ, 912X0,6=547 კვ. მ. ეს უკანასკნელი ყველა სრული სიმაღლის მქონე სართულზე განთავსებულ იატაკთა ჯამური ფართია. კონსტრუქციული ფართების დამატებით (გეგმაში, კიბის უჯრედში, კედლების, ტიხრების და სხვა ფართობები).

მასში არ შედის საზაფხულო ფართობები, ასევე სარდაფში განლაგებულ ავტოსადგომთა და მანსარდის სართულთა ფართობები.

ე) ხომ არ არის დარღვეული განაშენიანების ზონაში ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) მშენებლობის წესები, ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის გაანგარიშების წესები;

4) ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის ერთ-ერთი საფუძველი, სამშენებლო პასპორტი, შეესაბამება თუ არა თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 26.03.1996წ. ¹... პასპორტით განსაზღვრულ პირობებს.

2004წ. 18 თებერვალს სასამართლო კოლეგიას შესაგებლით მიმართა არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურმა, რომლითაც ითხოვა ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2004წ. 7 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ასევე წერილობით მიმართა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მიუთითა, რომ საირმის გორაზე “საქაგროპროექტის” მიერ დამუშავებული განაშენიანების სქემის საფუძველზე 1996წ. 26 მარტის ¹... პასპორტით განაშენიანების სართულიანობის განსაზღვრა არამართებული იყო, რადგან საქმე არც სახელმწიფო ექსპერტიზაზე განხილულა და არც დამტკიცებულა დადგენილი წესის შესაბამისად. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20/267 ბრძანებით, რომლითაც შეთანხმებულ იქნა საცხოვრებლი სახლი ოთხი მიწისზედა სართულით, ფაქტობრივად, ძალადაკარგულად ჩაითვალა მთავარი არქიტექტურის 1998წ. 26 ოქტომბრის ¹644 ბრძანება. ასაშენებელი საცხოვრებელი სახლი არ ზღუდავდა მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლების ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის დადგენილ ნორმებს.

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2004წ. 24 მარტის ¹172/15 დასკვნის თანახმად: 1. ქ. თბილისში ვაკე-საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე (ნაკვეთი ¹..., ¹...) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი შეესაბამება ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 20.11.2001წ. ¹კ-174 სამშენებლო პასპორტის მოთხოვნებს;

2. ი. კ.-სა და მ. ჩ.-ზე გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹..., ¹...) შეესაბამება ქ. თბილისის საკრებულოს 01.08.2001წ. ¹8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” განსაზღვრულ მოთხოვნებს;

3. იმის გამო, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.1998წ. ¹1150453 დადგენილებაში არ არის განსაზღვრული ბინათმშენებლობის კონკრეტული პარამეტრები, არქიტექტურულ პროექტთან მის შესაბამისობაზე ექსპერტი ვერ იმსჯელებს;

4. ¹კ-174 სამშენებლო პასპორტი არ შეესაბამება თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 26.03.1996წ. ¹... პასპორტით განსაზღვრულ პირობებს.

2004წ. 26 აპრილს სასამართლო კოლეგიას დამატებით ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართა გ. ნ.-ის, თ. კ.-ის და ვ. ს.-ის წარმომადგენელმა დ. ჯ.-მ, რომელიც სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა სასამართლოს სხდომის გარეშე შეეფასებინა ექსპერტიზის დასკვნა და მისი შეფასება უნდა მომხდარიყო სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ამავე კოლეგიის 2004წ. 10 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ჯ.-ის შუამდგომლობა და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა 1998წ. 7 აგვისტოს ¹84-123 სამშენებლო პასპორტი და ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1998წ. 26 ოქტომბრის ¹644 ბრძანება.

სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 19 მაისს ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდგომ, 2004წ. 31 მაისის განჩინებით დანიშნა არქიტექტურულ-სამშენებლო დამატებითი ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს. დამატებითი ექპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხები:

1. ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე (ნაკვეთი ¹..., ¹...) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული განვითარების სამსახურის 20.11.2001წ. სამშენებლო პასპორტში მითითებული “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი საცხოვრებელი ზონა 1-ის მოთხოვნებს.

ა) დარღვეულია თუ არა მოშენების ფართის ზღვრული ნორმები;

ბ) დარღვეულია თუ არა განაშენიანების ინტენსივობის მოთხოვნა.

გ) დარღვეულია თუ არა ერთბინიანი ინდივიდუალური სახლების ზონისათვის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები (თბილისის ტერიტორიების აგმოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დანართი ¹1);

2. იმავე პირებზე გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹¹...,...) შეესაბამება თუ არა ქ.თბილისის საკრებულოს 01.08.2001წ. ¹8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დაკონკრეტდეს:

ა) წარმოდგენილი პროექტი შესაბამისობაში მოდის თუ არა მოქმედი გენერალური გეგმის ქალაქმშენებლობითი ზონირების პოზიციების, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ურუნველყოფის სამართლებრივი დოკუმენტების, სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი ნორმატივების, ამ წესდების მოთხოვნების, აგრეთვე, ტერიტორიების (მიწის ნაკვეთების) მომიჯნავე ტერიტორიების გამოყენების არსებული სახეობის განსაზღვრასთან;

ბ) დარღვეულია თუ არა ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) მშენებლობის წესები, ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის გაანგარიშების წესები;

გ) დარღვეულია თუ არა თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 21-ე მუხლით გათვალისწინებული შენობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრული პირობები;

3. ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹..., ¹...) შეესაბამება თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.1995წ. ¹11.50.453 დადგენილებით განსაზღვრული მებაღეობა ამხანაგობა “...-ის” წევრებისათვის თბილისში, საირმის გორაზე დაკავებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის დამაგრების შესახებ დადგენილ მოთხოვნებს.

დაკონკრეტდეს:

დარღვეულია თუ არა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პირობა თბილისში, საირმის გორაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის აკრძალვის შესახებ;

4. შეესაბამება თუ არა ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, პასპორტი თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 26.03.1996წ. ¹... პასპორტით განსაზღვრულ პირობებს.

დაკონკრეტდეს:

ა) დაცულია თუ არა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პირობა, რაც გულისხმობს თბილისში, საირმის გორაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის აკრძალვას;

ბ) დაცულია თუ არა მოთხოვნა სამ სართულზე მაღალი ნაგებობების მშენებლობის აკრძალვის შესახებ.

არქიტექტურულ-სამშენებლო ექსპერტიზის 2004წ. 30 ივლისის ¹969/15 დასკვნის თანახმად:

1) ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე (ნაკვეთი ¹..., ¹...) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის ინდივიდიალურ საცხოვრებელ სახლზე არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 2001წ. 20 ოქტომბერს გაცემულ ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში მითითებული საცხოვრებელი ზონა I-ის სტატუსი ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ მინიჭებულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” შესახებ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით.

“თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” საცხოვრებელი ზონა I-ისათვის დადგენილი კოეფიციენტებით, აღნიშნული ნაკვეთისათვის განსაზღვრული პარამეტრები არ შეესებამება ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2001წ. ¹20/267 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტით პარამეტრებს, კერძოდ:

ა) დარღვეულია მიწის ნაკვეთის განაშენიანებასთან მიმართებაში;

ბ) დარღვეულია მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობასთან მიმართებაში;

გ) დარღვეულია თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ზონისათვის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად სახეობებთან მიმართებაში;

2. იმავე პირებზე გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹... და ¹...).

ა. შესაბამისობაში მოდის თუ არა ქ. თბილისის საკრებულოს 01.08.2001წ. ¹8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესით” განსაზღვრული მოქმედი გენერალური გეგმის ქალაქმშენებლობითი ზონირების პოზიციების, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის სამართლებრივი დოკუმენტების, სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი ნორმატივების, ამ წესების მოთხოვნების, აგრეთვე, ტერიტორიების (მიწის ნაკვეთების) მომიჯნავე ტერიტორიების გამოყენების არსებული სახეობების განსაზღვრასთან ასეთი საკითხის გადაწყვეტა არ შედის ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციაში;

ბ. აღნიშნული პროექტით არ არის დარღვეული ნაკვეთების საზღვარზე, საზღვრებთან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის მოთხოვნები და ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის გაანგარიშების წესები;

გ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 21-ე მუხლით გათვალისწინებული შენობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრულ პარამეტრებთან მიმართებაში წარმოდგენილი პროექტით, შენობის აღმოსავლეთით “ა” ღერძზე 1 და 2 ღერძებს შორის კედლის სიმაღლე შეადგენს 17,02 მ-ს, რაც ნაკლებია დასაშვებ სიმაღლეზე 8. 48 მ-ით, მე-2 ღერძის გასწვრივ შეადგენს 17.2-ს, რაც ნაკლებია დასაშვებ სიმაღლეზე 1.66 მ-ით, მე-3 ღერძის გასწვრივ შეადგენს 17.21 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 0.46 მ-ით, მე-5 ღერძის გასწვრივ შეადგენს 17.21 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 0,91 მ-ით, მე-6 ღერძის გასწვრივ შეადგენს 15.15 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 0.025 მ-ით, მე-7 ღერძის გასწვრივ შეადგენს 14.74 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 0.42 მ-ით, მე-8 ღერძის გასწვრივ შეადგენს 14.4 მ-ს, რაც ნაკლებია დასაშვებ სიმაღლეზე 75 მ-ით.

შენობის სამხრეთით პირველ ღერძზე “ა” და “ბ” ღერძების გასწვრივ შეადგენს 17.02 მ-ს, რაც ნაკლებია დასაშვებ სიმაღლეზე 6.98 მ-ით, “ბ” ღერძის გასწვრივ შეადგენს 17.21 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 1.96 მ-ით, “დ” ღერძის გასწვრივ შეადგენს 17.21 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 1.34 მ-ით, “ზ” ღერძის გასწვრივ შეადგენს 14.65 მ-ს, რაც მეტია დასაშვებ სიმაღლეზე 0.9 მ-ით, “თ” ღერძის გასწვრივ შეადგენს 11.76 მ-ს, რაც ნაკლებია დასაშვებ სიმაღლეზე 1.61 მ-ით, “კ” ღერძის გასწვრივ შეადგენს 11.76 მ-ს, რაც ნაკლებია დასაშვებ სიმაღლეზე 13.74 მ-ით;

3. ა. ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹... და ¹...) შეესაბამება თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.1995წ. ¹11-50.453 დადგენილებით განსაზღვრულ მებაღეობა ამხანაგობა “...-ის” წევრებისათვის თბილისში, საირმის გორაზე დაკავებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის დამაგრების შესახებ დადგენილ ნორმებს, ასეთზე ექსპერტმა პასუხი ვერ გასცა, ვინაიდან აღნიშნულ დადგენილებაში არ არის განსაზღვრული ბინათმშენებლობის კონკრეტული პარამეტრები (ერთბინიანი, მრავალბინიანი, სართულიანობა და ა.შ.).

4. ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კ-173 სამშენებლო პასპორტი და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996წ. 26 მარტს გაცემული ¹... სამშენებლო პასპორტი არ შეესაბამება ერთმანეთს.;

ა) ¹... სამშენებლო პასპორტში არ არის მითითება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის აკრძალვაზე;

ბ) ¹... სამშენებლო პასპორტით საცხოვრებელი სახლების სართულიანობა განსაზღვრულია 2-3 სართულით მანსარდის დამუშავებით, ხოლო თ. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში სართულიანობა არ არის მითითებული.

გივი ნ.-მა, თ. კ.-მ და ვ. ს.-მ 2004წ. 2 აგვისტოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლო კოლეგიას და მოითხოვეს:

1) თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ¹20/267-28.12.01 ბრძანების;

2) თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2002წ. 04.12 ¹ნ-... ნებართვის;

3) თბილისის არქმშენინსპექციის 2002წ. 5 დეკემბრის ¹... მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

1. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ¹20/267-28.12.01 ბრძანების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო პასპორტი ¹84-123 07.08.89. თუმცა, პროექტი რეალურად სრულიად სხვა, სამშენებლო პასპორტი ¹კ-173-ის საფუძველზე შეთანხმდა, რითაც დაირღვა “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის თავი II, პუნქტი I-ის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ პროექტი შედგენილი უნდა იქნეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე. პროექტი ¹კ-173-1 კი, არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ბრძანება ¹20/267-ით დამტკიცებული არ არის:

2. დარღვეულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი ერთბინიანი ინდივიდულური სახლების ზონისთვის (სზI) გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები, კერძოდ, დარღვეულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი მიშენების ფართის ზღვრული ნორმა: სახლის განაშენიანების ფართი შეიძლება იყოს 912X0,4=365 კვ.მ (მოშენების ფართი);

3. დარღვეულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი ერთბინიანი ინდივიდუალური სახლების ზონისთვის (სზI) გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები, კერძოდ, დარღვეულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მოთხოვნა: 912X0,6=547 კვ.მ. ეს უკანასკნელი ყველა სრული სიმაღლის მქონე სართულზე განთავსებულ იატაკთა ჯამური ფართია. ინსტრუქციული ფართების დამატებით (გეგმა, კიბის ურედთა, კედლების, ტიხრების და სხვა ფართოები) მასში არ შედის საზაფხულო ფართობები, ასევე სარდაფში განლაგებულ ავტოსადგომთა და მანსარდის სართულთა ფართობები;

4. დარღვეულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი 21.1 და 21.2 მუხლები, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრა უნდა მოხდეს არსებული განაშენიანებისა და ქუჩების ქსელის პარამეტრების, აგრეთვე ამ წესებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაჩვენებლების საფუძველზე. ასეთი შემთხვევებისათვის შენობა-ნაგებობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლისა და ქუჩების სიგანის საბაზისო ურთიერთმიმართება რეკომენდებულია განისაზღვროს შემდეგი თანაფარობით: 0,51L = 0,4, სადაც 0,5 არის მანძილი ქუჩის ღერძულა ხაზიდან შენობის კედლამდე, ხოლო H შენობის სიმაღლე;

5. პროექტი შესაბამისობაში არ მოდის “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილ 93-ე მუხლთან, კერძოდ, პროექტი ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთის მომიჯნავე (50 მეტრის რადიუსში) ტერიტორიების გამოყენების დომინირებულ სახეობებს;

6. პროექტი შესაბამისობაში არ მოდის ტერიტორიების (მიწის ნაკვეთების) “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილ 20.2 მუხლთან, კერძოდ, დარღვეულია განაშენიანების გამწვანების მინიმალური ფართის მაჩვენებელი, რაც არ უნდა იყოს ნაკვეთის ფართის 10%-ზე ნაკლები;

7. დარღვეულია 1996წ. 13 ივნისის ბრძანებით დადგენილი სართულიანობის მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ 1996წ. 13 ივნისის ბრძანების შესაბამისად, საირმის გორაზე დაუშვებელია სამ სართულზე მაღალი ნაგებობის აღმართვა.

8. დარღვეულია 1996წ. 13 ივნისის ბრძანებით დადგენილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პირობა, რაც გულისხმობს იმას, რომ 1996წ. 13 ივნისის ბრძანების შესაბამისად საირმის გორაზე დაუშვებელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობა;

9. დარღვეულია ინსოლაციის და ბუნებრივი განათებულობის გაანგარიშების წესები;

10. არქიტექტურულ პროექტს არა აქვს გავლილი ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის 43 მუხლის შესაბამისად, პროექტის დამტკიცების სავალდებულო პირობას წარმოადგენს.

ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურმა ძირითადი სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ძირითადი სარჩელი არ ცნო ასევე მესამე პირმა _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ყოფილი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ის და ვ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: ა) ბათილად, ანუ არაკანონიერად იქნა ცნობილი თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ გამოცემული 2001წ. 28 დეკემბრის ¹20-267 ბრძანება.

ბ) ბათილად, ანუ არაკანონიერად იქნა ცნობილი მისი გამოცემის მომენტიდან თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2002წ. 4 დეკემბრის ¹ნ-367 ნებართვა.

გ) ბათილად, ანუ არაკანონიერად იქნა ცნობილი მისი გამოცემის მომენტიდან თბილისის “არქმშენინსპექციის” 2002წ. 5 დეკემბრის ¹... მშენებლობის ნებართვა.

ფიზიკური პირების _ მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობები ძირითადად რეგულირდებოდა შემდეგი სახის ნორმატიული აქტებით: “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონით (14.04.1998წ). “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” (14.11.1997წ) კანონით; ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და გაანგარიშების რეგულირების წესით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მიერ გამოცემული 18.09.2001წ. ¹57 ბრძანებით “ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის” დამტკიცების შესახებ.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ კანონის არქიტექტურული საქმიანობის შესახებ მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შეიცავდეს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დებულებებს, ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების განსაკუთრებულ მოთხოვნებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის პირობებს, რომელთა ინტერესებზედაც ზეგავლენას მოახდენს მომავალი მშენებლობა.მითითებული კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, სამშენებლო ობიექტის პროექტი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებით (სამშენებლო პასპორტით) განსაზღვრულ პირობებთან. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მ. ჩ.-ის და ი. კ.-ის საცხოვრებელი სახლის პროექტი შეთანხმებულ იქნა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით (სამშენებლო პასპორტი) განსაზღვრულ პირობათა საწინააღმდეგოდ, კერძოდ, ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში საანგარიშოდ მიღებულ იქნა საცხოვრებელი ზონა პირველისათვის დადგენილი კოეფიციენტები და ამდენად, თბილისის ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს, არ ჰქონდა უფლება არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მოთხოვნათა საწინააღმდეგო პროექტი შეეთანხმებინა ქალაქის არქიტექტორთან.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის სახლის მშენებლობის პროექტი ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთის მომიჯნავე (50 მეტრის რადიუსში) ტერიტორიების გამოყენების დომინირებულ სახეობებს (ანუ წინააღმდეგობაშია თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტთან).

სასამართლო კოლეგიამ სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში მომზადებული 30.07.2004წ. ¹969/15 ექსპერტის დასკვნის დებულება, რომ ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე (ნაკვეთი ¹..., ¹...) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ გაცემულ 20.10.2001წ. ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში მითითებული საცხოვრებელი ზონა პირველის სტატუსი ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ მინიჭებულია თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ნორმებით განსაზღვრულია საცხოვრებელი ზონა პირველისათვის დადგენილი კოეფიციენტებით, ¹... და ¹... მიწის ნაკვეთებისათვის განსაზღვრული პარამეტრები არ შეესაბამება თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.12.2001წ. ¹20-267 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტის პარამეტრებს:

ა) დარღვეულია მიწის ნაკვეთის განაშენიანებასთან მიმართებაში.

ბ) დარღვეულია მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობა.

გ) დარღვეულია თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დანართი ¹1-ით განსაზღვრული ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ზონისათვის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად სახეობებთან მიმართებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის სახელზე გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთი ¹... და ¹...) თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის 21-ე მუხლით დადგენილ ქცევის წესს, რომელიც ითვალისწინებს შენობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრულ-პარამეტრებთან მიმართებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგიამ სრულად გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა.

სასამართლო კოლეგიამ ასევე სრულად გაიზიარა მოსარჩელეების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის სახელზე გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტით დარღვეული იყო ბინათმშენებლობის პირობა, რომლის თანახმადაც, 26.03.1996წ. ¹1843 სამშენებლო პასპორტის შესაბამისად, საირმის გორაზე დაუშვებელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტს არ გაუვლია ეკოლოგიური ექსპერტიზა, აღნიშნულით დარღვეული იყო “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის’’ შესახებ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები.

ფიზიკური პირების, ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:

სასამართლო კოლეგიამ სრულად გაიზიარა შეგებებულ სარჩელში მოპასუხე ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება აღმოცენდება ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა მითითებული ნორმით დადგენილი პირობა ვალდებულების აღმოცენებისათვის. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ (ძირითად სარჩელთან დაკავშირებით) ზიანის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, როდესაც პირი თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართავს სასამართლოს და მიიჩნია, რომ გ. ნ.-ს, თ. კ.-ს და ვ. ს.-ს არ გამოუყენებიათ ბოროტად სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზნით თავიანთი უფლებები, მიემართათ სასამართლოსათვის სარჩელით.

სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ი. კ.-ის და მ. ჩ.-ის შეგებებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნა, რომლითაც მოპასუხეებისთვის მათ სასარგებლოდ 520000 ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვდნენ მიყენებული და მოსალოდნელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა სარჩელში ანაზღაურების საფუძვლად მითითებული 11.12.2000წ. საინვესტიციო ხელშეკრულება. სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა, ამოქმედდა თუ არა საინვესტიციო ხელშეკრულება და რა რეალური მატერიალური ზიანი მიიღეს ი. კ.-მ და მ. ჩ.-მ, დაუდგენელი იყო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანისა და არაქონებრივი ზიანის, ანუ მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილში. არ იყო მითითებული ამ ზიანის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი, არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ შეგებებული სარჩელის ავტორები დაზარალდნენ, როგორც მეწარმე სუბიექტები და შეილახა მათი საქმიანი რეპუტაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ.-მ და ი. კ.-მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და გ. ნ.-ის, ვ. ს.-ისა და თ. კ.-ის სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლო კოლეგიის არგუმენტები ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომელიც ეყრდნობა “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებს და “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებს წესების” ნორმებს და რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის ქალაქ-მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს არ ჰქონდა უფლება არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საწინააღმდეგო პროექტი შეეთანხმებინა ქალაქის არქიტექტორთან და რომ ¹... და ¹... მიწის ნაკვეთებისთვის განსაზღვრული პარამეტრები არ შეესაბამება თბილისის მთავარი არქიტექტორის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20-267 ბრძანებით შეთანხმებულ პარამეტრებს, რადგან: ა) დარღვეულია მიწის ნაკვეთის განაშენიანებასთან მიმართებაში; ბ) დარღვეულია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობასთან მიმართებაში; გ) დარღვეულია თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის ¹1 დანართით განსაზღვრული ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ზონისთვის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად სახეობებთან მიმართებაში, არასწორია და საქმის მასალების ცალმხრივი, ტენდენციური შეფასებისა და კანონის არასწორი განმარტების შედეგია, რაც დასტურდება თავად კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული დებულებითაც, რომ “სასამართლო კოლეგია სრულად იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში მომზადებული 30.07.2004წ. ¹969/15 ექსპერტის დასკვნის შემდეგ დებულებას _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე (ნაკვეთი ¹..., ¹...) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის ინდივიდუაურ საცხოვრებელ სახლზე არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ გაცემულ 20.10.2001წ. ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში მითითებული საცხოვრებელი ზონა პირველის სტატუსი ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ მინიჭებულია განაშენიანების რეგულირების წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.”

კასატორების აზრით, უფლებრივი ზონირების რუკების არარსებობისა და ასევე ცალკეულ ტერიტორიებზე (მიწის ნაკვეთებზე) კონკრეტული ზონის სტატუსის დადგენილი წესის შესაბამისად მიუნიჭებლობის შემთხვევაში, სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი კანონიერი საფუძველი, გადაწყვეტილების მიღებისას ემსჯელა ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის პროექტის შეუსაბამობაზე არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებასთან, კერძოდ, ამავე დავალებით განსაზღვრულ საცხოვრებელი ზონა პირველის მოთხოვნებთან, მით უმეტეს რომ “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, “დეტალური გეგმარების პროექტირების საფუძველზე დამუშავებული დეტალური სავალდებულო რუკებისათვის წინამდებარე წესების ნაწილი 7, პ.3/ა, ბ-თი განსაზღვრული ტერიტორიის სამშენებლო განვითარების პარამეტრების ცხრილ ¹1-ში მოცემული მნიშვნელობები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, რომელთა ცვლილება შესაძლებელია დასაბუთებული ქალაქგანვითარების კონცეფციის საფუძველზე”. აღნიშნული ნორმის მოთხოვნა ასევე არ იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ.

Kკასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ სასამართლო კოლეგიის მოსაზრებები, თითქოსდა მათი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი ეწინააღმდეგება თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის 21-ე მუხლით დადგენილ ქცევის წესს, არ ემყარება კანონის მოთხოვნებს, რამდენადაც მითითებული ნორმის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლისა და ქუჩების სიგანის საბაზისო ურთიერთმიმართება რეკომენდებულია განისაზღვროს აქ აღნიშნული თანაფარდობით, შესაბამისად, გაანგარიშების მიღებული შედეგებიც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და ამდენად, სასამართლო კოლეგიის მიერ ხსენებული ნორმის სწორად განმარტების შემთხვევაში, ცალკეული ღერძების გასწვრივ უმნიშვნელო გადახრები ამ თანაფარდობით გაანგარიშებული დასაშვები სიმაღლის მაჩვენებლებისაგან არ უნდა მიჩნეულიყო ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, ვ. ს.-ისა და თ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

კასატორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ მათი სახლის პროექტით დარღვეულია ბინათმშენებლობის პირობა, რომლის თანახმად, 1996წ. 26 მარტის ¹... პასპორტის შესაბამისად დაუშვებელია საირმის გორაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. მითითებულ პასპორტში არ არის დაფიქსირებული აკრძალვა მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ, როგორც ამას არასწორად აღნიშნავს სასამართლო კოლეგია. მეორე მხრივ კი, მას შემდეგ, რაც სათანადო ნებართვის საფუძველზე გაიცა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება (სამშენებლო პასპორტი ¹კ-173) ფიზიკური პირების _ ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანებით მიღებულ ფართზე ერთ მოცულობაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ, ამ პირთა მიმართებაში ყოველგვარი სამართლებრივი ძალა დაკარგა 26.03.1996წ. ¹... პასპორტმა და მასში მითითებული მოთხოვნების გავრცელება მათთან მიმართებაში ყოვლად უსაფუძვლოა, მით უმეტეს, ალბათ ლოგიკურია, რომ ორი სხვადასხვა ფიზიკური პირი ერთბინიან სახლს არ აიშენებდა.

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ არ არის დასაბუთებული მოსაზრება, რომ სადავო პროექტი ეწინააღმდეგება ზემომითითებული რეგულირების წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ მათი ნაკვეთიდან 50 მეტრზე მცირე მანძილზე განლაგებულია სასტუმრო “მთვარის გლობუსი”, რაც წესების ¹1 დანართის თანახმად, წარმოადგენს განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი (შერეული) ზონისათვის ძირითად დასაშვებ სახეობას.

კასატორები შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ სასამართლომ, გაიზიარა რა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებანი სკ-ის 317-ე მუხლთან დაკავშირებით, არ იმსჯელა სსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ზარალის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინაც, “თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში”. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო კოლეგიის მიერ არ იქნა გამოყენებული კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვერ იქნა დადგენილი, ამოქმედდა თუ არა 2000წ. 11 დეკემბრის საინვესტიციო ხელშეკრულება, ასევე დაუდგენელი იყო მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილში და არ იყო წარდგენილი დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომ კასატორები, როგორც მეწარმე სუბიექტები, დაზარალდნენ და შეილახა მათი საქმიანი რეპუტაცია, კასატორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რადგან საქმის მასალებით ცალსახადაა დადგენილი, რომ ხსენებული საინვესტიციო ხელშეკრულება ამოქმედდა, რაც ელემენტარულად დასტურდება თუნდაც იმ გარემოებით, რომ ორმხრივად შესრულებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებების ნაწილი (სხვა შემთხვევაში, აღნიშნული დავის საფუძველიც არ იარსებებდა). კასატორები აღნიშნავენ, რომ გაუგებარია, რა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მიიღოს სასამართლომ, რომ დადასტურებულად ჩათვალოს ი. კ.-ისა და მ. ჩ.-ის საქმიანი რეპუტაციის შელახვა, აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ იქნა შესრულებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე არ შეიძლება საეჭვოდ იქნეს მიჩნეული მორალური ზიანის მიღების ფაქტი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ხდება პირის კანონიერი ნდობის უფლების დაცვა.

კასატორები ასევე უკანონოდ მიიჩნევენ მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორების _ მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით რომ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20-267 ბრძანების საფუძვლად მითითებულია 1998წ. 7 აგვისტოს ¹84-123 სამშენებლო პასპორტი და პროექტი რეალურად ¹კ-173 სამშენებლო პასპორტის საფუძველზე შეთანხმდა. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2004წ. 14 სექტემბრის ¹კულ-684 წერილის თანახმად, სადავო ¹20/267 ბრძანების ტექსტში დაშვებულია მექანიკური შეცდომა სამშენებლო პასპორტის მონაცემებში და პროექტში არსებული მაჩვენებლების მიხედვით, უნდა იკითხებოდეს როგორც “სამშენებლო პასპორტი ¹კ-173 20.11.01წ.”. საკასაციო პალატა ¹20/267 ბრძანებაში დაშვებულ მექანიკურ შეცდომას ვერ მიიჩნევს სადავო ბრძანებების ბათილობის საფუძვლად. საკასაციოსასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე თ. კ.-მ დაადასტურა, რომ სადავო პროექტის შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს ¹კ-173 სამშენებლო პასპორტი წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ დარღვეულია “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” დადგენილი ერთბინიანი ინდივიდუალური სახლების ბინისთვის მოშენების ფართის ზღვრული ნორმა და განაშენიანების ინტენსივობის მოთხოვნა. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საქმეზე ჩატარდა ორი ექსპერტიზა: საინჟინრო-ტექნიკური და დამატებითი არქიტექტურულ-სამშენებლო. ექსპერტიზის 2004წ. 24 მარტის ¹172/15 დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული უფლებრივი ზონირების რუკები და შესაბამისად, არ ამოქმედებულა უფლებრივი ზონირება, მოქმედებს “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენების განაშენიანების წესის” მე-9 მუხლი (უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის პროცედურები), რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში განაშენიანების წესების დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზნით, დედაქალაქის ცალკეულ ტერიტორიებზე (მიწის ნაკვეთები) კონკრეტული ზონის სტატუსის გავრცელება ხდება მოქმედი გენერალური გეგმის ქალაქთმშენებლობითი ზონირების პოზიციების, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის სამართლებრივი დოკუმენტების, სახელმწიფო ქალაქთმშენებლობის ნორმატივების, ამ წესების მოთხოვნების, აგრეთვე, მიწის ნაკვეთების მომიჯნავე (50 მეტრის რადიუსში) ტერიტორიების გამოყენების არსებული დომინირებული სახეობის განსაზღვრის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილებას გარდამავალ პერიოდში ცალკეული ტერიტორიებისათვის კონკრეტული ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ, შესაბამისი დადგენილებით ამტკიცებს ქ. თბილისის მერია. ვინაიდან დადგენილება საირმის გორის ტერიტორიისათვის კონკრეტული ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ არ არსებობს, ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში სზ-1 საცხოვრებელი ზონისათვის დადგენილი კ-1, კ-2 და კ-3 კოეფიციენტების მაჩვენებლების მითითება დაუსაბუთებლად მიიჩნია ექსპერტიზამ და არ გაიზიარა. ექსპერტიზამ ასევე მიუთითა, რომ “წესების” მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ¹1 ცხრილში მოცემული კოეფიციენტები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. დამატებითი არქიტექტურულ-სამშენებლო ექსპერტიზის 2004წ. 30 ივლისის დასკვნის კვლევით ნაწილში პირველ კითხვასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ დასკვნის შედგენისათვის უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკები არ არსებობდა, ხოლო დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში მითითებული საცხოვრებელი ზონა 1-ის სტატუსი თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ მინიჭებულია “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების” მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული დასკვნის ავტორმა მ. კ.-ემ საოლქო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ კ-1, კ-2 და კ-3 კოეფიციენტები რუკების არარსებობისას სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა დამუშავებული და დამტკიცებული ზონირების რუქები, ანუ ფაქტობრივად არ არსებობდა ზონირება და პასპორტში მითითებული კოეფიციენტები არ უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული. “წესების” მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი აძლევდა ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორს გარდამავალ პერიოდში, სანამ არ დამტკიცდებოდა ზონირების რუკები, ზონირება განესაზღვრა “წესების” მითითებული მუხლების საფუძველზე, ანუ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე 50 მ. რადიუსში ასაშენებელი დომინირებული შენობა-ნაგებობების ანალოგიურად, რაც აღნიშნული სამსახურის შესაგებლის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისობაში იყო სადავო პროექტთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეთა პრეტენზიებს მოშენების ფართისა და განაშენიანების ინტენსივობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას და გააკეთა არასწორი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ¹... და ¹... მიწის ნაკვეთებისათვის განსაზღვრული პარამეტრები არ შეესაბამებოდა ¹20/267 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის პარამეტრებს და დარღვეული იყო: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანებასთან მიმართებაში; ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობასთან მიმართებაში; გ) “წესების” დანართი ¹1-ით განსაზღვრული ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ზონისათვის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად სახეობებთან მიმართებაში. ექსპერტიზის დასკვნა დამყარებულია საცხოვრებელი ზონა 1-ისათვის დადგენილ კოეფიციენტების გამოყენებაზე, ამავე დროს თავად დასკვნაშივეა მითითებული, რომ საცხოვრებელი ზონა 1-ის სტატუსი მინიჭებულია “წესების” მოთხოვნათა დარღვევით. ასევე დადგენილია, რომ ეს კოეფიციენტები სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა გადაწყვეტილების გამოტანისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორს, მიუხედავად იმისა, რომ ¹კ-173 სამშენებლო პასპორტში მითითებული იყო, რომ საანგარიშოდ მიღებული ყოფილიყო სზ-1-თვის დადგენილი კ-1, კ-2 და კ-3 კოეფიციენტის მაჩვენებლები, უფლება ჰქონდა, ამ კოეფიციენტთა სარეკომენდაციო ხასიათის გათვალისწინებით, შეეთანხმებინა მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი ¹20/267 ბრძანებით, ამ ბრძანებაში მითითებული მონაცემებით, ანუ საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული სადავო ბრძანებით არ დარღვეულა “წესების” დადგენილი მოთხოვნები მიშენების ფართისა და განაშენიანების ინტენსივობასთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა მოსარჩელეთა მიერ სადავო ბრძანებების “წესების” 21.1 და 21.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევებზე მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თავად ამ მუხლებშივეა მითითებული მათ სარეკომენდაციო ხასიათზე და 2004წ. 30 ივლისის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უმნიშვნელო გადახრები ამ სარეკომენდაციო თანაფარდობით გაანგარიშებული დასაშვები სიმაღლის მაჩვენებლებისაგან საკასაციო პალატა ვერ განიხილავს სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ პროექტი შესაბამისობაში არ მოდის წესების 20.2 მუხლთან და დარღვეულია განაშენიანების გამწვანების მინიმალური ფართის მაჩვენებელი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკვეთის ფართის 10%-ზე ნაკლები. სადავო ¹20/167 ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 912 მ2-ს, მოშენების ფართის _ 585,2 მ2-ს, ანუ თავისუფალი ფართი შეადგენს 326,8მ2. მოცემულ შემთხვევაში გამწვანების მინიმალური ფართი უნდა იყოს 91,2 მ2, რაც სავსებით ჯდება მოშენებისაგან თავისუფალ 326,8 მ2 ფართში.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას სადავო პროექტის “წესების” 9.3 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის შესაგებლიდან ირკვევა, რომ სადავო პროექტით შენობის პარამეტრები განისაზღვრა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე 50 მ. რადიუსში ასაშენებელი დომინირებული შენობა ნაგებობების ანალოგიურად. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” წარმომადგენელმაც საკასაციო პალატის სხდომაზე, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მხრიდან არც სარჩელში და არც I ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არ ყოფილა მითითებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ხოლო სასამართლო კოლეგიამ ასევე ყოველგვარ მტკიცებულებებზე მიუთითებლად მიიჩნია, რომ სადავო პროექტი ეწინააღმდეგებოდა “წესების” მე-9.3 მუხლს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტმა მ. კ.-მ I ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ამ საკითხის გარკვევა მის კომპეტენციაში არ შედის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული ორივე ექსპერტიზის დასკვნით, საირმის გორაზე სამ სართულზე მაღალი ნაგებობისა და მრავალბინიანი მშენებლობის საკითხებზე დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ იქნა გაცემული იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 8 ივნისის ¹11.50.453 დადგენილებაში არ რის განსაზღვრული ბინათმშენებლობის კონკრეტული პარამეტრები.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომლითაც გაზიარებულ იქნა მოსარჩელეთა მოსაზრება სადაო არქტიქტურული პროექტით ¹... სამშენებლო პასპორტით დადგენილი ბინათმშენებლობის პირობის _ საირმის გორაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დაუშვებლობის _ დარღვევის თაობაზე. აღნიშნული პასპორტში რაიმე შეზღუდვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მითითებული არ არის, რაზეც აღნიშნულია 2004წ. 30 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ასევე არ არის რაიმე შეზღუდვა ამ კუთხით გათვალისწინებულ ქ. თბილისის მთავარი არქტუქტურის 1996წ. 13 ივნისის ¹308 ბრძანებაში. საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადსაღებ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთ საცხოვრებელ სახლს აშენებს ორი ფიზიკური პირი მათ კუთვნილ ორ მიწის ნაკვეთზე, ხოლო რაიმე შეზღუდვას ამ მხრივ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, ნათელია, რომ იგი ყველა შემთხვევაში ერთბინიანი არ იქნება.

სართულიანობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, ¹... სამშენებლო პასპორტით საირმის გორაზე საცხოვრებელი სახლების სართულიანობა განსაზღვრულია 2-3 სართულით და მანსარდით, მაგრამ ზემოაღნიშნული ¹308 ბრძანებით განისაზღვრა ამხანაგობის წევრებისთვის ცალკე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, გაიცა არქიტეტქურულ-გეგმარებითი დავალება _ სამშენებლო პასპორტი ¹კ-173 მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც ამ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანებით მიღებული ფართზე უნდა განხორციელებულიყო. ხოლო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის სადავო ¹20/267 ბრძანებით, (რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა) კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტთან მიმართებაში, შეიცვალა ¹... პასპორტით დადგენილი პირობა, რომელსაც უკვე ფაქტობრივად სამართლებრივი ძალა ჰქონდა დაკარგული კასატორის მიმართ ¹კ-173 სამშენებლო პასპორტის გაცემის საფუძველზე და ამ უკანასკნელით დადგენილი ზონირების პირობებიც.

საკასაციო პალატა ეკოლოგიურ ექსპერტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის 2005წ. 9 მარტის ¹21-14/229 წერილის თანახმად, კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასა და შესაბამისი გარემოს დაცვითი ნებართვის აღებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ითვალისწინებს კომუნალური მეურნეობის, მათ შორის კანალიზაციის სამუშაოებს, რასაც, ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” წარმომადგენლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

და ბოლოს, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს თავად სარჩელის დასაშვებობის საკითხს. სასკ-ის 22.3 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელმა აქტის ბათილობის მოთხოვნით, რომელიც ყველზე რადიკალურ ზომას წარმოადგენს, სარჩელის დასაშვებობა დაუკავშირა მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა აქტი პირდაპირ და უშუალო, ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებასა და ინტერესს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადაო პროექტით დაცულია ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის ნორმების მოთხოვნები მეზობლებთან მიმართებაში, რაც უდავო დასტურია, რომ პროექტი არ ლახავს მესამე პირთა, ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელის საფუძვლებიდან მოხსნეს სადავო პროექტში ინსოლაციის და ბინებრივი განათებულობის მოთხოვნათა დარღვევის პრეტენზია რომელიც ეხებოდა მითითებული საფუძვლებით მათ უფლებების შელახვას და რაც ასევე დაადასტურა საკასაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელე თ. კ.-მ. მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მითითებული არ ყოფილა ისეთ დამატებით გარემოებებზე, რომლებიც რაიმე სახით დაადასტურებდნენ სარჩელის სხვა საფუძვლებით მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის ფაქტს. მოსარჩელეები მხოლოდ მიუთითებენ, მათი აზრით, სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე. აღნიშნული გარემოებები საკასაციო პალატას აძლევს საფუძველს ზემოაღნიშნული სასკ-ის 22.3 მუხლის მითითებით სარჩელი მიიჩნიოს დაუშვებლად, რაც იმთავითვე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მხარეები მიმართავენ საკუთარი უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვისა და აღდგენის მოთხოვნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მხოლოდ საკუთარი უფლების აღდგენის მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 4.1 მუხლი მხარეს ავალდებულებს ამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის დანარჩენი საფუძვლები არ შეეხება მოსარჩელეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესს, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლების მიმართ არ არსებობს მოსარჩელეთა სამართლებრივი ინტერესი. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის 31.1 მუხლზე, რომლის თანახმად, განაშენიანების წესების მოთხოვნათა რეალიზაციასა და დაცვას უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური, ქ. თბილისის მერიის სხვა სამსახურები, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ფუნქციას, ხოლო 31.2 მუხლის თანახმად, განაშენიანების წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ ადგილობრივი და სახელმწიფო მმართველობის ორგანოები, რომელთაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ასეთი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმეში მხარეების სტატუსით მონაწილე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო პროექტით საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან მიმართებაში რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სადავო საცხოვრებელი სახლის პროექტის დარღვევით მშენებლობა ობიექტის მშენებლობის უპროექტოდ განხორციელების ტოლფასია და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას დაშვებული დარღვევებისთვის ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებს ამ დარღვევის გამოსწორების აუცილებლობასა და დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ისა და ვ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20/267 ბრძანების, ამავე სამსახურის 2002წ. 4 დეკემბრის ¹ნ-... და თბილისის “არქმშენინსპექციის” 2002წ. 5 დეკემბრის ¹... მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა, უსაფუძვლო და დაუშვებელია, რის გამოც სარჩელის არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა ძირითად სარჩელთან მიმართებაში თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში უსაფუძვლოდ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ ძირითად სარჩელში მოსარჩელეების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-სა და ვ. ს.-ის მხრიდან, მათი აზრით, შელახული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მათი უფლებების ბოროტად, სხვა პირებისათვის ზიანის მიყენების მიზნით გამოყენებად. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რადგანაც არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ კასატორების საქმიანი რეპუტაციის შელახვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდნა სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი არ შეიძლება განხილულ იქნეს მოპასუხედ მითითებული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიჩნევის საფუძვლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კასატორების _ მ. ჩ.-ისა და ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ფიზიკური პირების _ გ. ნ.-ის, თ. კ.-ის და ვ. ს.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინება თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹20-267 ბრძანების, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2002წ. 4 დეკემბრის ¹ნ-367 ნებართვისა და თბილისის “არქმშენინსპექციის” 2002წ. 5 დეკემბრის ¹... მშენებლობის ნებართვის შეჩერების ნაწილში;

3. ფიზიკური პირების: გ. ნ.-ის, თ. კ.-ის და ვ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. გ. ნ.-ს, თ. კ.-ს და გ. ს.-ს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი თითოეულს 30 ლარის ოდენობით;

6. მ. ჩ.-ს და ი. კ.-ს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი თანაბარწილად 5000 ლარის ოდენობით;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.