Facebook Twitter

საქმე # 150100122006029156

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№203აპ-23 ქ. თბილისი

ე–ი ს., 203აპ-23 8 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ე–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - მ. და გ. ე–ებმა სასამართლოს არ მისცეს ს. ე–მის საწინააღმდეგო ჩვენებები, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების - დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმების, ს. ე–მის ალკოტესტით შემოწმების ოქმისა და მოწმე ა. პ–ს ჩვენების გათვალისწინებით, ასევე - იმის მხედველობაში მიღებით, რომ ს. ე–ი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის - ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის, სარწმუნოდ დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ე–მს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ორი პირის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის მარტის შუა რიცხვებიდან, ქ.ნ–ში, რ–ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრების პერიოდში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის გამო, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ე–მა დედას - რ. ე–სა და მამას - მ. ე–ს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უკანასკნელად - 2022 წლის 17 ივნისს, დილის საათებში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მშობლებს შეაგინა და მიმართა უშვერი სიტყვებით. ს. ე–ს სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, გ. და მ. ე–სებმა განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2.2. 2022 წლის 16 და 17 ივნისს, ქ. ნ–ში, რ–ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ს. ე–მი თავის დედას - რ. ე–სა და მამას - მ. ე–ს დაემუქრა ქონების განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, თუ მშობლები არ უყიდიდნენ ჯიპის ტიპის ავტომანქანას, დაამტვრევდა სახლში არსებულ ნივთებს და მოკლავდა მათ. ს. ე–ს მუქარის გამო გ. და მ. ე–ებს გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს.

3. ს. ე–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ს. ე–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ე–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ს. ე–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. დაზარალებულებმა გ. და მ. ე–ებმა გამოძიების პროცესში უარი განაცხადეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ ალკოტესტით შემოწმების ოქმი, რომლის მიხედვით, 2022 წლის 17 ივნისს ს. ე–ს ნამდვილად დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე და მოწმე ა. პ–ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, ს. ე–მი ხშირად სვამდა ალკოჰოლს, ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული კონკრეტული ქმედებების დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ისევე, როგორც - დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად გ. და მ. ე–ების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, მაშინ, როდესაც ისინი სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულან, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დაადასტურა ს. ე–ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ბრალდებულის წარსული ნასამართლობა, რაზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ვერ გახდება ს. ე–ს ბრალეულობის მტკიცების უპირობო საფუძველი.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01//2015 წლის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-2).

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი