Facebook Twitter

საქმე # 330100122005898149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№204აპ-23 ქ. თბილისი

ტ–ი ი., 204აპ-23 8 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ტ–სმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რამეთუ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მისი მსჯავრდების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ალტერნატივის სახით შუამდგომლობს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ი. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და ი. ტ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. ტ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ტ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 9 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ–ში, ი–ა ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლით მთვრალმა ი. ტ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმ დამოკიდებულების გამო, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ც. ს–ს ურთიერთშელაპარაკების დროს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძლიერად მოუჭირა ხელი მარჯვენა ხელის მაჯაზე და მიახეთქა ლითონის ღობეს, რის შემდეგ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში და უკბინა მარცხენა ლოყაზე. ი. ტ–სის ძალადობის შედეგად ც. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.2. 2022 წლის 9 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ–ში, ი–ა ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ი. ტ–სი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმ დამოკიდებულების გამო, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ც. ს–ს ურთიერთშელაპარაკების დროს, დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ტ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში ი. ტ–ს მსჯავრდებას, კერძოდ, მიაჩნია, რომ დაზარალებულ ც. ს–ს ჩვენება არის თანმიმდევრული, ასევე - სარწმუნო და დამაჯერებელი, რადგან თანხვდენილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ს. გ–ს ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, მოწმე თ. ჭ–ს ჩვენებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებით, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რისი გათვალისწინებითაც, ი. ტ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი და არ არსებობს ამ ნაწილში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულის ალტერნატიულ მოთხოვნას, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. ამდენად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით პირობით მსჯავრდებულმა ი. ტ–მა 2022 წლის 9 მაისს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები, ამასთან, მხარეებს შორის არ არის დადებული საპროცესო გარიგება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან, ი. ტ–სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას არ აქვს კანონიერი გამართლება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ტ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი