საქმე # 200100121004625447
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №20აპ-23 ქ. თბილისი
ტ–ი ჯ., 20აპ-23 16 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ტ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ჯ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 124-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი არგუმენტებით: დაცვის მხარე განმარტავს, რომ მსჯავრდებულს სურდა და განზრახული ჰქონდა მხოლოდ მ. ბ–ს მკვლელობა და დარწმუნებული იყო, რომ იგი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენი პირების - ი. ჩ–ს, მ. მ–სა და ზ. ბ–ს იმავე ავტომობილში ყოფნის ფაქტი, მისთვის უცნობი იყო; მსჯავრდებული ჯ. ტ–სი დაზარალებულებს - ი. ჩ–ს და მ. მ–სს საერთოდ არ იცნობდა, ხოლო დაზარალებულ ზ. ბ–ს, როგორც თანასოფლელის მიმართ ჰქონდა ნორმალური დამოკიდებულება; შესაბამისად, არც ი. ჩ–ს მოკვლის, არც - მ. მ–სა და ზ. ბ–ს სხეულის დაზიანებების განზრახვა და მოტივი მას არ გააჩნდა; აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ჯ. ტ–ს ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს: ი. ჩ–ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობად, მ. მ–ს და ზ. ბ–ს გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანებებად, ხოლო მ. ბ–ს ნაწილში - განზრახ მკვლელობის მცდელობად.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ჯ. ტ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციები); სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ჯ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით.
გაუქმდა ჯ. ტ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ჯ. ტსს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 26 მარტიდან.
იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის შუამდგომლობა. დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2021 წლის 22 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილსა და ბრალდებულ ა. ტ–ის შორის.
ა. ტ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ტ–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
ჯ. ტ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში (სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული ბრალდების მიხედვით):
- ჯ. ტ–სს კონფლიქტი ჰქონდა მ. ბ–სთან, რის გამოც, შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაიწყო მომზადება. ჯ. ტ–სთვის ცნობილი გახდა, რომ მ. ბ–ი თავის სარგებლობაში არსებული, ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანით (ტრანზიტული ნომრით .......), გ–ს რაიონის სოფელ ჩ–სა და ყ–ს დამაკავშირებელი გზით, დილის საათებში, მიდიოდა .......ე მეურნეობაში სამუშაოდ. 2021 წლის 25 მარტს, დაახლოებით 07:40 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ჩ–სა და სოფელ ყ–ს დამაკავშირებელ გზაზე, ჟ. ჯ–სის სახლის ეზოდან, ჩასაფრებულმა ჯ. ტ–სმა, მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან (,,კალაშნიკოვის“ მოდელის 5,45,მმ კალიბრის AKC-74 (N..........) და AK-74 (N..........), მ. ბ–ს მოკვლის განზრახვით, მრავალჯერ გაისროლა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული ნომრით ........) მიმართულებით, რომლითაც გადაადგილდებოდნენ - მ. ბ–სი, ზ. ბ–სი, ი. ჩ–სა და მ. მ–ს. ჯ. ტ–სი მ. ბ–ს სასიკვდილო შედეგის მიმართ მოქმედებდა პირდაპირი, ხოლო - ი. ჩ–ს, ზ. ბ–სისა და მ. მ–სს მიმართ - არაპირდაპირი განზრახვით. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს მ. ბ–მა, ზ. ბ–მა და მ. მ–მ, რომელთაც სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდათ სიცოცხლე, ხოლო ი. ჩ–ა მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
- ჯ. ტ–სმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა რუსული წარმოების „კალაშნიკოვის“ მოდელის 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატი AKC-74 (N.....), ასევე, რუსული წარმოების „კალაშნიკოვის“ მოდელის 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატი AK-74 (N.........) და მათთვის განკუთვნილი 40 ცალი საბრძოლო მასალა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში.
- 2021 წლის 25 მარტს, გ–ს რაიონის სოფელ ჩ–ში, ჯ. ტ–სი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „კალაშნიკოვის“ მოდელის 5,45 მმ კალიბრიან ავტომატს AKC-74 (N.......), ასევე, რუსული წარმოების „კალაშნიკოვის“ მოდელის 5,45 მმ კალიბრიან ავტომატს AK-74 (N........) და 40 ცალ ვაზნას, რა დროსაც აღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლა მ. ბ–ს სარგებლობაში არსებული ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული ნომრით .........) მიმართულებით.
ა. ტ–მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ესე იგი, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 25 მარტს, დაახლოებით 07:40 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ჩ–სა და სოფელ ყ–ს დამაკავშირებელ გზაზე, ჟ. ჯ–სის სახლის ეზოდან, ჩასაფრებაში მყოფმა ჯ. ტ–მა, მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან (,,კალაშნიკოვის“ მოდელის 5,45,მმ კალიბრიანი AKC-74 (N1.........) და AK-74 (N.........)), მ. ბ–სის მოკვლის განზრახვით, მრავალჯერ გაისროლა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული ნომრით ........) მიმართულებით, რომლითაც გადაადგილდებოდნენ - მ. ბ–ი, ზ. ბ–ი, ი. ჩ–ა და მ. მ–ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს - მ. ბ–სმა, ზ. ბ–მა და მ. მ–მ, ხოლო ი. ჩ–სა მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ა. ტ–ი, რომელსაც წარმოეშვა ვალდებულება, რომ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისათვის, რაც მან არ გააკეთა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. ტ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო–მა. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ჯ. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 124-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში მსჯავრდებულ ჯ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 124-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთეს მიღებული გადაწყვეტილებები, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად იზიარებს, კერძოდ: მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ერთობლიობის, სახელდობრ, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. ტ–ს წინასწარ ჰქონდა შესწავლილი დაზარალებულ მ. ბ–ს გადაადგილების განრიგი და მარშრუტი, ასევე წინასწარ ჰქონდა შერჩეული დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, იარაღი და საშუალება, აგრეთვე - დაზარალებულთა გადაადგილების საშუალების - ავტომანქანის მდგომარეობის (წინა მხარეს არსებული საქარე მინები არ იყო დამუქებული), მიმართულებისა და მოძრაობის ადგილმდებარეობის (ავტომანქანის სწრაფი სიჩქარით გადაადგილების შეუძლებლობა), ჯ. ტ–ს მიერ ავტომანქანისთვის როგორც წინა, ასევე გვერდითა და უკანა მხრიდან ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის (ავტომობილს აღენიშნებოდა სულ 38 დაზიანება), ავტომობილის საქარე მინების ჩამსხვრევის შემდეგ შემთხვევის ადგილზევე სროლების გაგრძელებისა და დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებების მხედველობაში მიღებით, ცალსახად გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია, რომ მსჯავრდებულისათვის არ იყო ცნობილი, რომ ავტომანქანაში მ. ბ–ს გარდა, ისხდნენ სხვა პირებიც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მათი საერთო ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო მ. ბ–ს პირდაპირი განზრახვით, ხოლო ავტომანქანაში მსხდომი სხვა პირების: ი. ჩ–ს, ზ. ბ–სა და მ. მ–ს არაპირდაპირი განზრახვით - მკვლელობისაკენ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ჯ. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციები) დაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე