Facebook Twitter

საქმე # 200100122006096852

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №21აპ-23 ქ. თბილისი

მ–ი ზ., 21აპ-23 15 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ანრი არსენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ანრი არსენიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ზ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ–სის მიმართ მუქარის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მ. ბ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. მ–ის სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.

გაუქმდა ზ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ზ. მ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 30 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ზ. მ–ი დაბრუნდა დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ მაჩხაანში მდებარე სახლში, სადაც თავის მეუღლეს - ნ. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ყელის გამოჭრით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გაიგო მ. ბ–მა, რომელმაც უსაყვედურა ზ. მ–ს, შვილის (ნ. ბ–ს) მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, რის შემდეგაც ზ. მ–ი მასაც დაემუქრა სახლის მე-2 სართულიდან გადაგდებით, რაც მ. ბ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2022 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ზ. მ–ი მივიდა ზემოაღნიშნულ სახლში, სადაც დაიწყო ჩხუბი და ყვირილი. შემდეგ იგი მიუახლოვდა მ. ბ–ს, რომელიც იმყოფებოდა სახლის ეზოში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელები ჩასჭიდა მაჯებში და ამოუტრიალა. ძალადობა გაგრძელდა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, რის შედეგადაც მ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს უშუალოდ შეესწრო არასრულწლოვანი ნ. მ–ი.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ანრი არსენიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. მ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე - მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ხოლო მის ქმედებაში არ იკვეთება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

9 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ანრი არსენიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი