Facebook Twitter

საქმე # 180100121004604856

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №227აპ-23 ქ. თბილისი

ა. ბ. 227აპ-23 5 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ბ. ა–ს ინტერესების დამცველის - ნ. ს–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბ. ა–ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და გათავისუფლდა ამ საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა და ტარება, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნატით;

1.2. ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისავის ადმინისტრაცულ სახდელდადებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2481-ე მუხლით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 10 სექტემბრის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გასამართლებულმა ბ. ა–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს - სროლისათვის ვარგის, კუსტარული წესით დამზადებულ პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - გამოსაყენებლად ვარგისს 5 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 9X18 მმ კალიბრიან ვაზნას, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და, რაც 2021 წლის 4 აპრილს მ–ს რაიონის სოფელ ძ–ში ბ. ა–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–ს რაიონული სამმართველოს მ–ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა.

2.2. 2020 წლის 10 სექტემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბ. ა–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა ბ. ა–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხსასროლ იარაღს - სროლისათვის ვარგის, კუსტარული წესით დამზადებულ პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - გამოსაყენებლად ვარგისს 5 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 9X18 მმ კალიბრიან ვაზნას, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და, რაც 2021 წლის 4 აპრილს ბ. ა–სის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ-ს რაიონული სამმართველოს მ-ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა.

2.3. ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცდა იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომლის მე-2 მუხლის მე-61 ნაწილის თანახმად, ,,საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა“. ბ. ა–სი 2021 წლის 13 იანვარს დაჯარიმებულ იქნა ზემოთ მითითებულ იზოლაციის წესის დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210-ე მუხლით. მიუხედავად ამისა, იზოლაციის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა ბ. ა–მა კვლავ დაარღვია იზოლაციის წესი და 2021 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქვეითად მოძრაობდა მ–ს რაიონის სოფელ ძ–ში, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ბ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 2481-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონის საფუძველზე ბ. ა–სი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ. ა–ის მიმართ დანიშნული პირობითი სასჯელი;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.7. ბ. ა–ს მიმართ მცხეთის რაიონუილი სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდა;

3.8. ბ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2021 წლის 4 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ა–ს ადვოკატმა ნ. ს–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ნ. ს–სის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.1. ბ. ა–ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

5.2. ცნობად იქნა მიღებული, რომ ბ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

5.3. ბ. ა–ს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში – შპს ............ის სახელობის .......... ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (.........) 4 წლით;

5.4. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით ბ. ა–სის სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალა მისი სტაციონარში - შპს ........... სახელობის .......... ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (.........) მოთავსების მომენტიდან. ცნობად იქნა მიღებული, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბ. ა–ი დღეისათვის უკვე მოთავსებულია აღნიშნულ ცენტრში;

5.5. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „......... ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება ამავე კანონით დადგენილი წესით.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების - ბ. ა–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შესახებ, - გაუქმება, იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ეჭვქვეშ არ დამდგარა ბ. ა–ის შერაცხადობის საკითხი, ხოლო მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბ. ა–ი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, ბრალდების მხარემ დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მიიღო მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნულით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე).

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი ბ. ა–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შესახებ განჩინების გაუქმების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - ბ. ა–სის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ:

2.1. საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22​1-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი.

2.4. საქართველოს სსსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა; სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

2.5. მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 11 აპრილის მსჯავრდებულის ადვოკატმა ნ. ს–მ წარადგინა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №............ დასკვნა, რომლითაც დასტურდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბ. ა–ს შეურაცხადობა, რაც იყო საფუძველი იმისათვის, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მხარეს დაენიშნა ექსპერტიზა, რათა გარკვეულიყო მსჯავრდებულის შერაცხადობის საკითხი კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით.

2.6. 2022 წლის 22 ნოემბერს ადვოკატმა ნ. ს–მ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ფსიქიატრიული ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლის თანახმად, მათ შორის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, 2021 წლის 4 აპრილს, ბ. ა–სი დაავადებული იყო დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქოზით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისით (შეურაცხადობა). ამჟამად თავისი, ფსიქიკური მდგომარეობით ბ. ა–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ბ. ა–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ. ა–ს არ შეუძლია ჩვენების მიცემა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ბ. ა–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას, „აკად. .......... სახელობის ........... ცენტრში“ (..........).

2.6.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე და კატეგორიულობა, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დადასტურეს მისმა შემდგენმა ექსპერტებმა: ხ. ჭ–მ და ნ. დ–მა.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არსებული გარემოებების მიუხედავად ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში, მათ შორის - ადვოკატის მიერ 2022 წლის 11 აპრილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №........ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, 2022 წლის 19 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, დააფიქსირა პოზიცია, რომ არ არსებობდა განსახილველი საქმის ფარგლებში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება (00:03:15) და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 2023 წლის 30 იანვარს (არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, საქმეს ცნობის სახით დაერთო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე), მაშინ, როცა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საფუძველი წარმოიშვა ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, როდესაც სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში დადგინდა ბ. ა–ს შეურაცხადობა.

3.1. მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით კასატორის პოზიციასთან მიმართებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარეს უფლება აქვს, დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მიიღო მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და, იმავდროულად, ბრალდების მხარეს არ მისცა საშუალება სასამართლოში წარმოედგინა ალტერნატიული ექსპერტიზა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული უფლებით ბრალდების მხარემ არ ისარგებლა ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლის წარმოშობისთანავე/გონივრულ ვადებში და იგი დანიშნა დაგვიანებით; 2023 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომა გადაიდო 2023 წლის 27 თებერვლამდე (პროკურორმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებას დასჭირდებოდა დაახლოებით 1 თვე, რადგან მსჯავრდებული იმყოფებოდა სტაციონარში (11:20:31)). ბრალდების მხარეს დასკვნა არ წარმოუდგენია ამ (საკასაციო სასამართლში გადაწყვეტილების მიღების) დრომდე - (საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმე შემოვიდა - 2023 წლის 13 მარტს).

3.2. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია ბ. ა–ს მიმართ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნები (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 4 აპრილის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N............ დასკვნა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 13 მაისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N.......... დასკვნა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 1 სექტემბრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N............ დასკვნა) და ყველა შემთხვევაში დადგენილია ბ. ა–ს შეურაცხადობა, ასევე არ არსებობს რაიმე ობიექტური გარემოება ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N....... დასკვნის ობიექტურობაში ეჭვის შესატანად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩიავრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 34-ე, საქართველოს სსსკ-ის 105-ე, 107-ე, 191-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე