საქმე # 330100122006141658
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№230აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ი უ., 230აპ-23 10 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უ. ბ–ს ბრალად შერაცხულ - მუქარასა (2022 წლის მაისის ეპიზოდი) და მსჯავრად შერაცხული - ოჯახური დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაში, უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ. რ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: დაზარალებულის განცხადებით, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმით, შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულის დედისა და დის ირიბი ჩვენებებით, სარწმუნოდ დგინდება უ. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციებით დანაშაულების ჩადენა. ამასთან, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ და უ. ბ–ს უსამართლო სასჯელი შეუფარდა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უ. ბ–ს ბრალად დაედო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის მაისის ბოლოს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს მასივი, მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, უ. ბ–სი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი, რომელიც მუდმივად უნდა ყოფილიყო მორჩილებასა და კონტროლში, ასევე - დაკავებული მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთებით, მეუღლეს - ნ. რ–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2022 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მასივი, მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, უ. ბ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი, რომელიც მუდმივად უნდა ყოფილიყო მორჩილებასა და კონტროლში, ასევე - დაკავებული მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთებით, მეუღლეზე - ნ. რ–ზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2022 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მასივი, მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, უ. ბ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი, რომელიც მუდმივად უნდა ყოფილიყო მორჩილებასა და კონტროლში, ასევე - დაკავებული მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთებით, მეუღლეს - ნ. რ–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. უ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით: უ. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და უ. ბ–ს საბოლოოდ, განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ბ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2022 წლის 25 ივლისის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2022 წლის 25 ივლისის ეპიზოდი), თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა 2022 წლის მაისში ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მსჯავრად შერაცხული ოჯახური დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და უ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, ასევე - მის ქმედებაში გამოკვეთილი გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულების ჩადენის მხედველობაში მიღებით, სასჯელის დამძიმებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა უ. ბ–ს მიერ ბრალად შერაცხული - 2022 წლის მაისში ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მსჯავრად შერაცხული - ოჯახური დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. რ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ისევე, როგორც - მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, მაშინ, როდესაც იგი სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულა; მოწმეების - ქ. რ–სა და ი. გ–ს ჩვენებები, 2022 წლის მაისში ნ. რ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან მიმართებით, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად უ. ბ–ს მსჯავრდებას, ხოლო ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად 2022 წლის 27 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული ნ. რ–ს განმარტება, რომ 2022 წლის 25 ივლისს მეუღლემ თავში ჩაარტყა და დანით დაემუქრა, 2022 წლის მაისის მუქარის ბრალდებასთან მიმართებით - არაფრისმთქმელია და დაზარალებულის განცხადებასთან ერთად, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობის დასადასტურებლად.
11. ბრალდების მხარის მიერ ასევე სადავოდ გამხდარ, უ. ბ–ს მიერ ოჯახური დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ. რ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო მსჯავრდებულმა უ. ბ–მა აღიარა 2022 წლის 25 ივლისს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, თუმცა არ დაუდასტურებია ბრალად შერაცხული დისკრიმინაციული მოტივით ოჯახური ძალადობა. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით უ. ბ–ს ქმედებებში პირდაპირ არ გამოკვეთილა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულების ჩადენა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს, რომელთა ჩადენაშიც მსჯავრი დასდო სასამართლომ; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გამკაცრების აუცილებლობა, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი