Facebook Twitter

საქმე # 330100122005487285

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№231აპ-23 ქ. თბილისი

მ–ე დ., 231აპ-23 10 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია, ხოლო სამხილების გამოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ეჭვები, კანონის უხეში დარღვევით მსჯავრდებულის საუარესოდ გადაწყდა; მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ უდავოდ გახადა დაზარალებულ მ. მ–ს გამოკითხვის ოქმი, მსჯავრდებული არ ეთანხმება გამოძიების დროს, დაზარალებულის მიერ მიცემულ განმარტებებს, რომლებიც დ. მ–ს მეუღლესთან დაშორებას ემსახურება; სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ დ. მ–ე მ. მ–სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო კომუნიკაციას, ხოლო ,,ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსები არის მსჯავრდებულის პირად სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც დაზარალებულს შეეძლო არ წაეკითხა; ასევე - ვერ დადასტურდა მ. მ–ს უკანონო თვალთვალის ფაქტები, რამეთუ ..........ის ქუჩაზე დ. მ–ს მეუღლესთან ერთად ყოველდღე უწევდა მოძრაობა, რაც დაადასტურა მ. მ–ს დედამ - ნ. ნ–მა, ხოლო ........ის ქუჩაზე დაზარალებულის მიმართ თვალთვალზე საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს; 2021 წლის 7 მარტისა და ამავე წლის 8 ივნისის მუქარის ბრალდებებთან მიმართებით საყურადღებოა, რომ წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ მ. მ–ს ჩვენება და სხვა მოწმეთა ირიბი ჩვენებები, რომლებიც დაზარალებულთან შეთანხმებით ცრუობენ; სასამართლომ უკრიტიკოდ მიიღო ბრალდების მოწმეების არალოგიკური, ბუნდოვანი, მიკერძოებული და წინააღმდეგობრივი ჩვენებები, ასევე - მობილური ტელეფონით გადაღებული მასალა, რომელიც დაუშვებელი მტკიცებულებაა და, ამავდროულად, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დაზარალებულის დედის - ნ. ნ–ს ჩვენება, რომელიც დ. მ–ს უდანაშაულობას ცხადყოფდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. მ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2014 წლის 28 ნოემბერს მ. მ–ს დედამ - ნ. ნ–მა და იმ დროისათვის პატიმრობაში მყოფმა - დ. მ–მ ციხეში ოფიციალურად იქორწინეს და 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, დ. მ–სის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაიწყეს ცოლ-ქმრული თანაცხოვრება თ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე, დ. მ–ს საცხოვრებელ სახლში. ნ. ნ–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი - მ. მ–ა, რომელთანაც მამობილს თავდაპირველად ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა 2020 წლის მარტიდან დ. მ–ს გერის მიმართ გაუჩნდა სასიყვარულო გრძნობები, რაც გაუმჟღავნა მას. მ. მ–საგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, თითქმის ორი წლის განმავლობაში დ. მ–ე არასასურველ სატელეფონო კომუნიკაციას ამყარებდა დაზარალებულთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სოციალურ ქსელებში მიმოწერისა თუ სტატუსების საშუალებით ავალდებულებდა მის სიყვარულს და მოითხოვდა მასთან თანაცხოვრებას. უარის შემდეგ დ. მ–მ დაიწყო მ. მ–ს მიმართ პირადად უკანონო თვალთვალი, აკითხავდა მას საცხოვრებელ ადგილას - თ–ში, ........ის ქ. №..-ში მდებარე მამიდის - ე. მ–ს საცხოვრებელ სახლთან, საათების განმავლობაში იდგა მისი სახლის მიმდებარედ, რის გამოც მ. მ–სა ვერ ახერხებდა სახლიდან გასვლას. თუკი მ. მ–სა ვერ შენიშნავდა თვალთვალს და გარეთ გავიდოდა, დ. მ–სე პირდაპირ ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას - ესაუბრებოდა დაზარალებულისათვის მიუღებელ ურთიერთობასა და მასთან ყოფნის ვალდებულებაზე, უარის შემთხვევაში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. დ. მ–ს ქმედებების გამო მ. მ–ს შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება, რის გამოც, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა თ–ში, .........ის ქ. №..-ში მდებარე, ბებიის - ე. ნ–ს სახლში, სადაც დ. მ–მ მალევე მიაგნო და განაგრძო მის სახლთან თავისი ავტომანქანით საათობით დგომა და თვალთვალი. დ. მ–მ შეიტყო დაზარალებულის სამსახურის მისამართი და მის უკანონო თვალთვალს განაგრძობდა თ–ში, ........ის ქ. №..-ში მდებარე კოლეჯ ,,.........თან“, სადაც დასაქმებული იყო მ. მ–სა. დ. მ–სის ქმედებების გამო მ. მ–სა იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, იგი ხშირად აგვიანებდა სამსახურში, ხოლო 2021 წლის აგვისტოდან აღარ აიღო სალექციო საათები, დროებით გათავისუფლდა სამსახურიდან და 2-3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა მამის - გ. მ–ს ოჯახში. დ. მ–ს ქმედებების შედეგად მ. მ–სა იმყოფება მუდმივ სტრესში და განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

3.2. 2021 წლის 7 მარტს, დილის საათებში, სამსახურში მიმავალ მ. მ–ს თ–ში, მ. .........ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დახვდა მამინაცვალი - დ. მ–სე და მისთვის არასასურველ თემებთან საუბრის გამო შეკამათებისას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - თუკი მის სიყვარულს უარყოფდა და სხვას შეიყვარებდა, მასაც მოკლავდა და მის შეყვარებულსაც. მ. მ–მ მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.3. 2021 წლის 8 ივნისს, დილის საათებში, დ. მ–სე თ–ში, ..........ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დახვდა თავის გერს - მ. მ–ს და დაუწყო არასასურველ თემებზე საუბარი, რა დროსაც მ. მ–მ სცადა გაქცევა, თუმცა დ. მ–მ დაიჭირა და კვლავ განაგრძო მასთან საუბარი, ეუბნებოდა, რომ უყვარდა და არ მისცემდა სხვასთან ყოფნის საშუალებას, ასევე - მოითხოვდა მასთან ურთიერთობას. მ. მ–მ დაიწყო ყვირილი, რომ გამოიძახებდა პოლიციას, რაზეც გაბრაზებული დ. მ–ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - თუკი ასეთ საქციელს გაიმეორებდა, მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ არის დადგენილი დ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების - ოჯახის წევრის ადევნებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის - ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ მ. მ–ს გამოკითხვის ოქმიდან და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე - მოწმეების: ე., ე. და გ. მ–ების, გ. ა–ის, ს.ნ–ის, მ. და ნ. ბ–ების, დ. პ–ს, ნ. ჭ–სა და თ. ც–ს ჩვენებებიდან, შემაკავებელი ორდერების ოქმებიდან, დაზარალებულის ტელეფონისა და მსჯავრდებულის ,,.......“ გვერდის დათვალიერების ოქმებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ მ. მ–ს გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს, რადგან, ერთი მხრივ, ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა ემხილა მ. მ–ს ესოდენ მძიმე, არჩადენილ ოჯახურ დანაშაულებში დ. მ–ე, ხოლო, მეორე მხრივ, გამოძიების დროს, გამოკითხვისას დაზარალებულის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაცია არის სარწმუნო, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ განმარტებებს, თანხვდენილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის მონათხრობი იმასთან დაკავშირებით, რომ მამინაცვლის დევნითა და არასასურველი კომუნიკაციით იყო უკიდურესად შეწუხებული და განიცდიდა ტანჯვას დასტურდება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, დ. მ–ს ქმედებებით მ. მ–მ განიცადა ტანჯვა; დაზარალებულის მონათხრობი, რომ მამინაცვლის სისტემატურმა თვალთვალმა, დაჟინებულმა მისწრაფებამ, დაემყარებინა მასთან კომუნიკაცია და ურყევმა ნებამ, სიცოცხლის მოსპობის შიშით შეეცვალა დაზარალებულის მისდამი დამოკიდებულება, აიძულა მ. მ–სა არაერთხელ შეეცვალა საცხოვრებელი, დროებით ეთქვა უარი სამსახურზე და ეცხოვრა უფრო ჩაკეტილი ცხოვრების წესით, დასტურდება მოწმეების - ე., ე. და გ. მ–ების, გ. ა–ს, ს. ნ–ს, მ. და ნ. ბ–ების, დ. პ–ს, ნ. ჭ–სა და თ. ც–ს ჩვენებებით; დაზარალებულის მითითება, რომ დ. მ–მ მიაკითხა მას სამსახურში, სადაც კატეგორიულად მოითხოვდა დაზარალებულთან დაკავშირებას, დაადასტურა მოწმე ი. ი–მ, რომელიც მუშაობდა კოლეჯ ,,ო–ში“ და ამოიცნო მსჯავრდებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) კანონიერი და სამართლიანია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი