Facebook Twitter

საქმე # 170100122005438143

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№232აპ-23 ქ. თბილისი

ე–ი ს., 232აპ-23 15 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ე–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ. ხ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების სახით დაკითხული - ნ. დ–ს, ლ. მ–სა და ხ. ა–ს ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ე–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 22 ნოემბერს, საღამოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათში, თ. ხ–სა და ს. ე–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. ე–მა ეჭვიანობის გამო, სხეულის არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებითა და თავის არეში სკამის ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. ხ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის აპრილში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თ. ხ–სა და ს. ე–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. ე–მა ეჭვიანობის გამო, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. ხ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2021 წლის მაისში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თ. ხ–მისა და ს. ე–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. ე–სი თოფის დემონსტრირებითა და ჰაერში გასროლით, ასევე სიტყვებით: „უნდა მოგკლა“, „დაგასახიჩრო“, „შუაზე უნდა გადაგჭრა“, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - თ. ხ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. 2021 წლის 6 ნოემბერს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თ. ხ–სა და ს. ე–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. ე–ი სიტყვებით: „თოფს გამოვიტან და გესვრი“, „გაგაგორებ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ. ხ–მს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 2021 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თ. ხ–სა და ს. ე–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. ე–მა ეჭვიანობის გამო, თავისა და სხეულის არეში ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით, ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში - სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით, ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლეზე - თ. ხ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ს. ე–ს მიერ თ. ხ–მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - გ. ე–ი.

3. ს. ე–სს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით ს. ე–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ე–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა თ. ხ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ისევე, როგორც - მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, მაშინ, როდესაც იგი სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულა; მოწმეების სახით დაკითხული - ნ. დ–ს, ლ. მ–სა და ხ. ა–ს ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, ს. ე–სათვის ბრალად შერაცხულ კონკრეტულ ბრალდებებთან მიმართებით, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, 2021 წლის 7 ნოემბერს თ. ხ–ს თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობის შემდგომი ნაწიბური და სხეულზე - სისხლნაჟღენთები, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ს. ე–ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი