საქმე # 330100122006236488
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№233აპ-23 ქ. თბილისი
ს–ი ლ., 233აპ-23 15 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ლ. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში ზედმეტად ლმობიერია, არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებლებს, შესაბამისად, არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ლ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ლ. ს–ს საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი და 6 თვე.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ს–მა ჩაიდინა: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2011 წლიდან ლ. ს–ი და ი. პ–ა იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, ი. პ–მ გადაწყვიტა მეუღლესთან დაშორება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ლ. ს–ი. 2022 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე, თ–ში, ნ–ს აღმართზე ყოფნის დროს, ლ. ს–მა მობილური ტელეფონის საშუალებით გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინებები ი. პ–ს და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაემუქრა, რომ მოკლავდა, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, ლ. ს–ი მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად და არ აძლევდა მას პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობას, ემუქრებოდა, რომ დაშორების შემთხვევაში არ აცოცხლებდა და მოკლავდა, რის გამოც ი. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.
3.2. 2011 წლიდან ლ. ს–იი და ი. პ–ა იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, ი. პ–მ გადაწყვიტა მეუღლესთან დაშორება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ლ. ს–ი, რის გამოც 2022 წლის 16 აგვისტოს მობილური ტელეფონით დაუკავშირდამეუღლეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მის მიმართ გამოიცა №.......... შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, ლ. ს–ის აეკრძალა მეუღლესთან - ი. პ–სთან, ასევე - იმ სახლთან, სადაც დაზარალებული ცხოვრობდა, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა და მასთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია. 2022 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე, მას შემდეგ, რაც ლ. ს–ი გაეცნო შემაკავებელი ორდერის შინაარსს და გადაეცა შესაბამისი ოქმი, თბილისში, ნორიოს აღმართზე ყოფნის დროს, მან მობილური ტელეფონის საშუალებით გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინებები ი. პ–ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ლ. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია და სასჯელთან მიმართებით აქვს ლმობიერი პოზიცია) და დამამძიმებელი (მსჯავრად შერაცხული მუქარა ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ხოლო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - ოჯახის წევრის მიმართ) გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ლ. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გამკაცრებისა და სასჯელის მოხდის წესის შეცვლის აუცილებლობა, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
10. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი