საქმე # 330100122006014816
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №235აპ-23 ქ. თბილისი
კ. დ. 235აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ჩ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, ქ. თ–ში, .......ს გამზირი №..-ში, ბინა №..-ში, დ. კ–მ ფიზიკურად იძალადა დედის - ქ. ფ–ს მიმართ, კერძოდ, ამ უკანასკნელს მარჯვენა მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყაზე, რითაც ქ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ს გამზირი №..-ში, ბინა №..-ში,, დ. კ–მ ფიზიკურად იძალადა დედის - ქ. ფ–ს მიმართ, კერძოდ, ამ უკანასკნელს რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა თავისა და სახის არეში, რითაც ქ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2022 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ს გამზირი №..-ში, ბინა №..-ში, დ. კ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ქ. ფ–ს, კერძოდ, თავდაპირველად სახრახნისით, შემდეგ კი დანით ხელში იწევდა ამ უკანასკნელისკენ და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2022 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, ი. .......ს გამზირი №..-ში, ბინა №..-ში, დ. კ–ე, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - თ. კ–ს, კერძოდ, მოუღერა დანა და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.5. 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქ. თ–ში, .......ს გამზირი №..-ში, ბინა №..-ში, დ. კ–ე სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავის ყოფილ მეუღლეზე - თ. კ–ზე, კერძოდ, ამ უკანასკნელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რითაც თ. კ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;
2.6. 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქ. თ–ში, .......ს გამზირი №..-ში, ბინა №..-ში, დ. კ–სე სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედის - ქ. ფ–სის მიმართ, კერძოდ, ამ უკანასკნელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რითაც ქ. ფ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
3.1. დ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. დ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. დ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ. ფ–სის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. დ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. კ–ს მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. დ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. კ–სის მიმართ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. დ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ. ფ–ს მიმართ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ქ. ფ–სის მიმართ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ. კ–სის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. კ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. დ. კ–სეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 11 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ დ. კ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჩ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. კ–სის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებებისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჩ–სმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. კ–სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედებებისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას. იმ ახალი გარემოების საფუძველზე, რომ წარმოდგენილია დაზარალებულების - ქ. ფ–სა და თ. კ–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულები შერიგებულნი არიან მსჯავრდებულთან და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატ - ი. ჩ–ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ დ. კ–სე აღიარებს და ინანიებს მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. საქმეში არსებობს ახალი გარემოება, დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულების - ქ. ფ–სა და თ. კ–სის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, სადაც მითითებულია, რომ შერიგებულნი არიან მსჯავრდებულთან და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში დ. კ–სის აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები(მათ შორის: დაზარალებულების - ქ. ფ–სა და თ. კ–სის ჩვენებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, №....... და №.......... შემაკავებელი ორდერები და მათი ოქმები, ამოღების ოქმი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... და №.......... დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. კ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაულების თითოეული ეპიზოდი.
10. რაც შეეხება დ. კ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმის დანიშნვნის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
10.1. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას შემამსუბუქებელ გარემოებებსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებთან (ბრალის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) ერთად, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოება (პირობითი მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ექვსი ეპიზოდის ჩადენა) და დ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან უკვე გამოყენებულმა არასაპატიმრო სასჯელმა ვერ იქონია მსჯავრდებულზე პრევენციული გავლენა.
10.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), ასევე - სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალების და იმ გარემოების გათვალისწინებით რომ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე გარემოება/ინფორმაცია/მტკიცებულება რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის აშკარა უსამართლობას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. დაზარალებულთა განცხადებები და შემწყნარებლური პოზიცია კი ვერ გახდება საფუძველი მსჯავრდებულის მიმართ უპირობოდ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე