საქმე # 330100120003575810
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№239აპ-23 ქ. თბილისი
მ . ბ. 239აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბ. მ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2014 წლიდან 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ..........ში, მე-.. მ/რაიონში, ..-ე კორპუსში, ბინა №..-ში, ქ. თ–ში, ....... დასახლებაში, მე-.. მ/რაიონში, მე-. კორპუსში, ასევე, ქ. თ–ში, .......ის დასახლებაში, მე-.. მ/რაიონში, მე-.. კორპუსში, ბინა №..-ში თანაცხოვრების მანძილზე, ბ. მ–ე, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს - თ. კ–ს, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით თ. კ–ს შვილის, არასრულწლოვანი მ. მ–ს თანდასწრებით. ბ. მ–ს მიერ ჩადენილი სიტყვიერი შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, თ. კ–ი განიცდიდა ტანჯვას;
2.2. 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, ........ის დასახლება მე-.. მ/რაიონში, მე-.. კორპუსში, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. მ–სემ ოჯახური ძალადობა ჩაიდინა მეუღლის - თ. კ–სის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ძალის გამოყენებით შეაგდო საძინებელ ოთახში, სადაც ხელები მრავალჯერ დაარტყა თავის და ტანის არეში და ხელის ძლიერი მოჭერით შეაჯანჯღარა, რა დროსაც თ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით:
3.1. ბ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
3.2. ბ. მ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ. მ–ს დამნაშავედ ცნობა, კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის დანიშვნა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. დაზარალებულმა - თ. კ–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 25 თებერვლის ოქმში მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლში იმ ადგილებზე(მისაღები ოთახი და საძინებელი), სადაც ბ. მ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ხელი არაერთგზის ჩაარტყა; შესასვლელში კარის წინ გარეთა მხარესაც იძალადა მასზე, რა დროსაც წაიქცა კარის წინ. ძალადობის შედეგად მან დაზიანებები მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილებში (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 22-29), თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
12. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მოწმეთა: თ. რ–ს, დ. შ–ს, ნ. ჭ–სა და გამომძიებელთა ჩვენებების შესახებ, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა ბ. მ–ს მიერ განხორციელებული ძალადობა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებულან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13. სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნას, რომლის თანახმად თ. კ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, მარცხენა მტევნის და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, მარჯვენა მუხლის სახსრის და მარჯვენა წვივის მიდამოში სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2020 წლის 25 თებერვალს.
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მითუფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თავად დაზარალებულისვე განმარტებით (იხ. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი) 2020 წლის 25 თებერვალს დაზიანებები მიაყენეს მეუღლემ და გერმა. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ ბ. მ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - სისტემატური შეურაცხყოფის ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ირელევანტურია, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოხსნა გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხიდან.
15. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009); „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე