Facebook Twitter

საქმე # 340100122006008224

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №240აპ-23 ქ. თბილისი

ყ–ი გ., 240აპ-23 18 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ყ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით;

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. ყ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის სექტემბრიდან ქ. ყ–ში, რ–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი გ. ყ–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიას, რ. ყ–სს, რის შედეგადაც მან განიცადა ტანჯვა;

2.2. 2022 წლის აპრილიში ქ. ყ–ში, რ–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში გ. ყ–ი ბებიას, რ. ყ–ს, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც რ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.3. 2022 წლის 17 ივნისს, ქ. ყ–ში, რ–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში გ. ყ–ი ბებიას, რ. ყ–ს, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც რ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. გ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გ. ყ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. გ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 10 თვე და 10 დღე და საბოლოოდ, გ. ყ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. გ. ყ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 17 ივნისის 16:40 საათიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა მოითხოვა გ. ყ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

4.2. მსჯავრდებულ გ. ყ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჭ–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ. ყ–სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში:

5.1. გ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში;

5.2. გ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში;

5.3. გ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5.4. გ. ყ–ი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5.5. გ. ყ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვს გ. ყ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს გ. ყ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ყ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა რ. ყ–მა და მოწმე შ. ყ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის (რ. ყ–მა - შვილიშვილის, შ. ყ–მა - ძმის) - გ. ყ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმე ო. ყ–ს ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი სრულად ადასტურებენ გ. ყ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის - უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.

13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ყ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტანჯვის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის 2022 წლის 17 ივნისის ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ო. ყ-მ მართალია მიუთითა, რომ დაინახა დანით ხელში გ. ყ–სი, თუმცა რა უნდოდა არ იცის, ხოლო ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმე გ. ჯ-მ განმარტა, რომ გ. ყ–ი რ. ყ–ს არ დამუქრებია.

14. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, მართალია, დაზარალებულმა მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლში იმ ადგილზე, სადაც გ. ყ–ი 2022 წლის აპრილში და 2022 წლის 17 ივნისს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა რ. ყ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება გ. ყ–ს მიერ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას ან დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდას.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ. ყ–ს ოთახიდან ამოიღეს დანა, რომლის გამოყენებითაც ის 2022 წლის 17 ივნისს დაემუქრა ბებიას, თუმცა აღნიშნული დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ყ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(2022 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

17. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. ყ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან „მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ ... მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §§77, ECtHR, 18/06/2021).

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე