საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№26I-23 ქ. თბილისი
დ–ი თ., 26I-23 4 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. დ–სის (T.D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის განხილვის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2011 წლის 7 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის უშაქის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2007/146-2011/339 განაჩენით თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-2 და 25/2 მუხლებთან ერთობლივად, 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 6136-ე კოდექსის 13/1 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, ტარება ან ქონა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით თ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, შესაბამისად, 13 წლითა და 6 თვით და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. 2012 წლის 19 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.
3. 2014 წლის 27 აგვისტოდან თ. დ–ი მოთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში და იხდიდა ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, თუმცა 2018 წლის 6 მარტს იგი გაიქცა პენიტენციური დაწესებულებიდან. ამასთან, საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული პერიოდისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, 6 წლისა და 77 დღის მოხდის შემდეგ თ. დ–ი მოიპოვებს პირობით გათავისუფლების უფლებას.
4. 2021 წლის 16 ნოემბერს ზემოთ მითითებული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით გამოიცა თ. დ–სის დაკავების ბრძანება.
5. 2019 წლის 14 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სივასლის რაიონის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს №2018/211-2019/108 განაჩენით თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 207/1 მუხლით (სპეციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით თ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. 2021 წლის 6 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.
7. 2022 წლის 23 მაისს გამოიცა თ. დ–ს დაკავების ბრძანება ზემომითითებული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.
8. 2022 წლის 14 თებერვლიდან თ. დ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
9. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, თ. დ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 7 ივლისის განაჩენის მიხედვით:
2006 წლის 2 ნოემბერს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებულ ფულად ვალთან დაკავშირებული უთანხმოების ნიადაგზე, თ. დ–მა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა დაზარალებულ ნ. ქ–ს, ხოლო გამოძიებით დაუდგენელმა პირმა – მიაყენა დაზიანებები ცივი იარაღის გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. ქ–მა შეძლო შემთხვევის ადგილის დატოვება და დროული სამედიცინო დახმარების მიღების შედეგად გადარჩა სიკვდილს.
2019 წლის 14 მარტის განაჩენის მიხედვით:
2009 წლის 10 თებერვალს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თ. დ–სმა, სხვა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყო ყალბი ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და მისი წარდგენა ფინანსთა სამსახურში.
10. აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-2 და 25/2 მუხლებთან ერთობლივად, 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 6136-ე კოდექსის 13/1 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, ტარება ან ქონა), ასევე – 207/1 მუხლით (სპეციალური დოკუმენტის გაყალბება) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ხნის ვადით. ამასთან, თ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
11. 2022 წლის 27 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. დ–სი.
12. 2022 წლის 29 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით თ. დ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით თ. დ–სის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2023 წლის 27 მაისამდე.
14. 2022 წლის 18 იანვარსა და 2023 წლის 8 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თ. დ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
15. 2023 წლის 20 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თ. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2023 წლის 20 მარტს.
16. ამჟამად თ. დ–სი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
17. 2023 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა თ. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თურქეთის რესპუბლიკის უშაქის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის №2007/146-2011/339 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისა და თურქეთის რესპუბლიკის სივასლის რაიონის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის №2018/211-2019/108 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო თ. დ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის უშაქის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის №2007/146-2011/339 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისა და თურქეთის რესპუბლიკის სივასლის რაიონის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის №2018/211-2019/108 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
19. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. დ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. შ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი მეუღლესთან ერთად ს–ში ცხოვრობს 5 წელია, ჰყავს ორსული მეუღლე, რომელიც ს–ს მოქალაქეა და რომლის ერთადერთი მარჩენალი თ. დ–ა; დაცვამ წარმოადგინა თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სამმართველოს ჟანდარმერიის საქალაქო სამსახური „დიარბაქირის“ მიერ გაცემული ჯილდო, რომლითაც დადასტურდა, რომ გამოვლინდა თ. დ–ის წარმატებული მუშაობა არალეგალური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემდეგ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან დაემუქრება საფრთხე; ასევე, შეიძლება თ. დ–ი დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
20. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა თ. დ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ. დ–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2022 წლის 27 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ თ. დ–ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში თ. დ–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თ. დ–სის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005, „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.
7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
8. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ თ. დ–ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე 2011 წლის 7 ივლისის განაჩენი გამოტანილია თ. დ–სა და მისი ადვოკატის მონაწილეობით; ასევე – დაცვის მხარემ ისარგებლა განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. რაც შეეხება 2019 წლის 14 მარტის განაჩენს, თურქული მხარის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში თ. დ–ს მიეცემა მისი ამ საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
10. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ თ. დ–ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი თ. დ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში თ. დ–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მოუწვდია საქართველოს პროკურატურისათვის რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამაც კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, თ. დ–ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
13. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, თ. დ–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თ. დ–ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. ამჟამად მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვით საქართველოში და არ გააჩნია საერთაშორისო დაცვის მაძიებლის სტატუსი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება თ. დ–სის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თ. დ–სის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
16. გარდა ამისა, თ. დ–სის ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ანგარებით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე – სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, თ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულებად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით.
17. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლის ჩადენისთვისაც თ. დ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში – ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების, 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების, ხოლო 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ. დ–ს მიმართ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წელს, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის – 2021 წელს. ამასთან, 2014 წლიდან 2018 წლამდე დაწყებული იყო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულება, ხოლო 2021 და 2022 წლებში გამოცემულია თ. დ–ის დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არცერთ განაჩენთან მიმართებით. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
18. აღსანიშნავია ისიც, რომ თ. დ–ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და მისი ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის – მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულებისათვის, რისთვისაც მან უნდა მოიხადოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ასეთ ვითარებაში, თ. დ–სის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
19. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი თ. დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის უშაქის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის №2007/146-2011/339 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისა და თურქეთის რესპუბლიკის სივასლის რაიონის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის №2018/211-2019/108 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე