Facebook Twitter

საქმე # 340100122005377655

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №276აპ-23 ქ. თბილისი

ზ. ზ. 276აპ-23 24 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ზ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჯ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ზ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმ ფაქტით განაწყენებულმა, რომ რამდენიმე საათით ადრე, მის მეუღლეს - ფ. ტ–ს ხელზე ეამბორა მასთან ერთად სუფრაზე მყოფი სხვა მამაკაცი, ფ. ტ–ს მიმართა უცენზურო სიტყვებით, უწოდა მას მეძავი და ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანის რამდენჯერმე დასმით, მიაყენა მას მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით:

3.1. ზ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.2. ზ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 24 ნოემბრის 12:31 საათიდან 2022 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

3.3. მსჯავრდებულის ქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მსჯავრდებულმა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, ზ. ზ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ზ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

5.2. ზ. ზ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით

მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 24 ნოემბრიდან 2022 წლის 17 იანვრის ჩათვლით;

5.3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ზ. ზ–სს დაევალა, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს ზ. ზ–ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ზ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჯ–მ, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ. ზ–სის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ზ. ზ–ი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებული, მის მიმართ არ ყოფილა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს ავადმყოფი დედა და შვილი, ავად ჰყავს ასევე მეუღლე, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. შესაბამისად, დაცვის მხარე ითხოვს ზ. ზ–ს სასჯელის სახით განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში ზ. ზ–სის აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები(მათ შორის: დაზარალებულ ფ. ტ–ს და მოწმეების - თ. ზ–ს, დ. ზ–ს, ნ. ზ–ს, დ. დ–ს, ა. დ–ს, ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. ზ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. რაც შეეხება ზ. ზ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(2021 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10.1. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოება (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა დანის გამოყენებით) - და სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილით, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით არის საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება, ხოლო დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ - ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით ზ. ზ–ს სააპელაციო სასამართლომ განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით, რომლის შემცირების საფუძველი არ არსებობს.

10.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), ასევე - სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალების, შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების (მათ შორის ნასამართლობის არქონა, ბრალის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) და იმ გარემოების გათვალისწინებით რომ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე გარემოება/ინფორმაცია/მტკიცებულება რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის აშკარა უსამართლობას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. ზ–სათვის სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ზ–სა და მისის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე