Facebook Twitter

საქმე # 330100122005377587

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №277აპ-23 ქ. თბილისი

კ. რ. 277აპ-23 24 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა(ოთხი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. რ. კ–ი დისკრიმინაციული მოტივით, თავს თვლიდა ოჯახში დომინანტად, მიიჩნევდა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა მეუღლე მ. ს–ი, ასევე მეუღლეს უკონტროლებდა სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას, სისტემატურად აკონტროლებდა მ. ს–ს გადაადგილებას. აღნიშნული მიზეზით 2021 წლის 10 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.თ–ში, კ–ს დასახლება, ........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. კ–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ. ს–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც მ. ს–ს ცხვირიდან და ტუჩის არედან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ქმედებების დროს დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. რ. კ–ი დისკრიმინაციული მოტივით, თავს თვლიდა ოჯახში დომინანტად, მიიჩნევდა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა მეუღლე მ. ს–სი, ასევე მეუღლეს უკონტროლებდა სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას, სისტემატურად აკონტროლებდა მ. ს–სის გადაადგილებას. აღნიშნული მიზეზით 2021 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.თ–ში, კ–ს დასახლება, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. კ–სმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ. ს–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელი დაარტყა სახეში, ასევე ესროლა მობილური ტელეფონი, რომელიც მ. ს–ს მოხვდა სახეში და ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. რ. კ–ი დისკრიმინაციული მოტივით, თავს თვლიდა ოჯახში დომინანტად, მიიჩნევდა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა მეუღლე მ. ს–სი, ასევე მეუღლეს უკონტროლებდა სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას, სისტემატიურად აკონტროლებდა მ. ს–ს გადაადგილებას. აღნიშნული მიზეზით 2021 წლის 24 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.თ–ში, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების დროს, რ. კ–სმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელი დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. რ. კ–სი დისკრიმინაციული მოტივით, თავს თვლიდა ოჯახში დომინანტად, მიიჩნევდა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა მეუღლე მ. ს–ი, ასევე მეუღლეს უკონტროლებდა სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას, სისტემატიურად აკონტროლებდა მ. ს–ს გადაადგილებას. აღნიშნული მიზეზით 2021 წლის 30 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების დროს, რ. კ–სმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც წააქცია საწოლზე სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი. მას შემდეგ რაც მ. ს–მა სცადა საშველად დაეყვირა, რ. კ–მა ხელი დააფარა პირზე და მეორე ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახეში. ასევე საწოლზე მჯდომ მ. ს–ს ფეხი დაარტყა თავში, რა დროსაც ეს უკანასკნელი გადმოვარდა საწოლიდან და კედელს მიარტყა თავი. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

3.6. რ. კ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -

2021 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;

3.7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. კ–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. კ–სათვის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. უ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენში:

5.1. რ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

5.1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

5.1.4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. კ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

5.3. რ. კ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -

2021 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;

5.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. კ–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღმოიფხვრა დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, არასწორად მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის(2021 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) ნაცვლად მიეთითა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი(2021 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი).

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

7.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. უ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ რ. კ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეების - მ. ს–ს, ლ. გ–ს, რ. კ–სის, მ. ბ–ს და ი. ფ–ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც რ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ რ. კ–სს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, რადგან რ. კ–სმა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ რ. კ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და შესაბამისად, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობები.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე