საქმე # 330100122006175003
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №308აპ-23 ქ. თბილისი
გ.გ. 308აპ-23 25 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით;
1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით რ. გ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. გ–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2021 წლის 26 თებერვალს.
2.1. 2022 წლის 22 ივლისს, ქ.თ–ში, სოფელ ფ–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს რ. გ–სმა დედის ზ. ა–ს მიმართ იძალადა, კერძოდ ჯერ ხელები მოუჭირა ყელში და ახრჩობდა, ხოლო შემდეგ კედელს მიანარცხა. დაზარალებულმა ზ. ა–მ რ. გს ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, რ. გ–მა რძლის ნ. მ-ს მიმართ (ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას), რომელიც ამავე ძალადობაში ზ. ა–ს დასახმარებლად და გასაშველებლად ჩაერთო, იძალადა, კერძოდ, სახეში მარჯვენა მუშტი ჩაარტყა, რამაც ნ. მ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
2.2. 2022 წლის 31 ივლისს, ქ.თ–ში, სოფელ ფ–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მიმდებარე ტერიტორიაზე რ. გ–მა დედის ზ. ა–სას მიმართ იძალადა, კერძოდ, მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა ზ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2022 წლის 2 აგვისტოს, ქ.თ–ში, სოფელ ფ–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს რ. გ–ი დედას ზ. ა–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ: რ. გ–სმა ზ. ა–სას უთხრა, რომ „მოკლავდა“ და გაიწია მისკენ. ზ. ა–მ მუქარა აღიქვა რეალურად და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
3.1. რ. გ–სი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. გამართლებულ რ. გ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც მოითხოვა რ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვს რ. გ–სის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს რ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. გ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე. შესაბამისად, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009), სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა ზ. ა–მ და ნ. მ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყვეს რ. გ–სის მხრიდან მათ მიმართ ჩადენილი როგორც ფიზიკური ძალადობის ისე მუქარის ფაქტი, ხოლო ფაქტის შემსწრე შ. ი–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულ ზ. ა–ს შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი, ფ. ი-ს გამოკითხვის ოქმი (გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად), გამომძიებელ გ. ს–ს, პოლიციელი მოწმის ა. ა–ს ჩვენებები) სრულად ადასტურებენ რ. გ–სის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის - უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. გ–ს ქმედებით დაზარალებულებისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეპიზოდებში არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი ან/და ნეიტრალური მოწმის ჩვენება, ხოლო მოწმეები: გ. ს–ი, ა. ა–ი, ფ. ი–ი(საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი) უშუალოდ დანაშაულის ფაქტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
15. რაც შეეხება კასატორის მითითებას დაზარალებულ ზ. ა–ს შეტყობინებაზე, სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. მითუფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულმა არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება და მიუთითა, რომ რ. გ–ს არ უძალადია და არც დამუქრებია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი მხარეების მიერ არ არის უდავოდ ცნობილი; შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულისა და ოქმის შემდგენელი პირის მიერ(იხ. ტ.1, ს.ფ. 9-14).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. გ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილია ფ. ი–ს გამოკითხვის ოქმი, სადაც მოწმე ადასტურებს, რომ თავად იყო თვითმხილველი 2022 წლის 22 ივლისს რ. გ–სის მიერ განხორციელებული ქმედებების. თუმცა, სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა არ დაადასტურეს რ. გ–ს მხრიდან ძალადობის ფაქტი, მხოლოდ ფ. ი–ს გამოქვეყნებული ჩვენება არ არის საკმარისი რ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისათვის.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა არ დაადასტურეს რ. გ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება რ. გ–ს მიერ დაზარალებულებისათვის(ზ. ა–სა, ნ. მ–ა) ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულის(ზ. ა–ს) მიერ მუქარის რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულების ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას ან დაზარალებულების მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.
18. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას რ. გ–სის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე