საქმე # 330802223007258798
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№30I-23 ქ. თბილისი
ა. ჩ., 30I-23 23 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. (ჩ.) ა-ს (C. A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა.ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის პირველი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტს განაჩენით ჩ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით (ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა ან უზრუნველყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 7 თვითა და 500 დღით. ჩ. ა. სრულად ესწრებოდა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვას.
ზემოაღნიშნულმა განაჩენმა თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 26-ე სამმართველოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საბოლოო სახე მიიღო.
თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ 2021 წლის 2 დეკემბერსა და 2022 წლის 14 მარტს გამოსცა ჩ. ა.ს დაკავების შესახებ ბრძანებები.
2022 წლის 31 ოქტომბერს ჩ. ა.ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩ. ა. ეწეოდა ნარკოტიკული და მასტიმულირებელი საშუალებებით უკანონო ვაჭრობას. აღნიშნულთან დაკავშირებით 2020 წლის 24 ივნისს, ქ. ი-ში, ჩ. ა.ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც სხვადასხვა ადგილზე აღმოაჩინეს და ამოიღეს, ჯამურად - 975 ცალი დამალული აბი, რომელიც შეიცავდა „პრეგაბალინის“ აქტიურ ნივთიერებას.
3. ჩ. ა.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 1 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჩ. ა.ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2023 წლის 19 იანვარს ჩ. ა. ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2023 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჩ. ა.ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2023 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჩ. ა.ს მიმართ შეფარდებული პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით - 2023 წლის 19 ივლისამდე.
ამჟამად ჩ. ა. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის N... დაწესებულებაში.
4. 2023 წლის 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა ჩ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის პირველი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით (ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა ან უზრუნველყოფა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ჩ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის პირველი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით (ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა ან უზრუნველყოფა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიცია დაუშვებელია, ვინაიდან ჩ. ა.ს განმარტებით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება რეალური საფრთხე; ამასთან, ჩ. ა.ს საქართველოში ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან; გარდა ამისა, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული საქართველოში თავშესაფრის მინიჭების შესახებ შესაბამისი ორგანოს უარი, რომლის განხილვაც ჯერ არ არის დასრულებული.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჩ. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 19 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
5. კასატორის მოსაზრება, რომ ჩ. ა.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე - უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი დაკავების დღიდან - დღემდე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა, თუ სიცოცხლის მოსპობის საფრთხეებზე მიუთითებდა. შესაბამისად, დაცვის მხარე აპელირებს მხოლოდ ზეპირი განცხადებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ჩ. ა.ს უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის - ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებშიც, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.
6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
7. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
8. გარდა ამისა, ექსტრადიციის საკითხის განხილვის დროს, სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჩ. ა. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჩ. ა. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ. საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ჩ. ა.ს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან მას საქართველოში ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
12. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დადგენილია, რომ საქართველოში ცხოვრობენ ჩ. ა.ს მეუღლე და შვილი, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ჩ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი, აშკარად გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის ინტერესს, კერძოდ: მხედველობაშია მისაღები, რომ ჩ. ა-მ თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა, რის გამოც მის მიმართ არსებობს სასჯელის აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი, როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პირის რესოციალიზაციის პერსპექტივიდან. გარდა ამისა, ჩ. ა-ს ექსტრადიცია მოითხოვება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ისეთი დანაშაულისათვის, რომელიც მომეტებულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, რისი დასტურიცაა ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღებისა და გავრცელების წინააღმდეგ მრავალი საერთაშორისო ინსტრუმენტის არსებობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. ჩ. ა.ს ოჯახის წევრებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში შესაძლებლობა ექნებათ ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე იმოგზაურონ თურქეთის რესპუბლიკაში მის მოსანახულებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ ჩ. ა.ს მეუღლემ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი 2015 წლიდან - 20-ჯერ გადაკვეთა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მეუღლეს თურქეთის რესპუბლიკაში მოგზაურობისათვის დაბრკოლებები არ ექმნება. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლებს თანაბარი მოვალეობები აკისრიათ შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის მხრივ. ამდენად, ჩ. ა.ს მცირეწლოვანი შვილი არ დარჩება შესაბამისი მზრუნველობისა და მეთვალყურეობის გარეშე.
13. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ჩ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
14. კასატორის კიდევ ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიცია დაუშვებელია იმ საფუძვლითაც, რომ იგი არის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი და მის მიმართ სასამართლოში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.
16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჩ. ა. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ჩ. ა.ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ჩ. ა.ს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, მაგრამ, საექსტრადიციო მასალებში მოთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის წერილით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ დასტურდება, რომლის საპირისპირო მტკიცებულება დაცვის მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. ამასთან, გასაჩივრების შემთხვევაშიც, აღნიშნული გარემოება არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. (ჩ.) ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი