Facebook Twitter

საქმე # 120100122005727604

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №312აპ-23 ქ. თბილისი

გ. რ. 312აპ-23 25 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 11 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფითი შელაპარაკებისას, ალკოჰოლით მთვრალი რ. გ–ე ქონების განადგურებით დაემუქრა მეუღლეს ი. გ–ს და შვილს ზ. გ–სეს, კერძოდ მათ საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაწვით და ერთლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლში ჩასხმული ნავთობპროდუქტი დაასხა მითითებულ საცხოვრებელი სახლში არსებულ საწოლის გადასაფარებელს და მოუკიდა ცეცხლი. რ. გ–ს ქმედებით ი. გ–ს და ზ. გ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:

3.1. რ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. რ. გ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და რ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8.1. მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, რ. გ–მ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა ი. გ–მ, ზ. გ–მ და მოწმეებმა - ლ. გ–მ, ა. გ–მ და შ. გ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის - რ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ რ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მხოლოდ შემაკავებელი ორდერით არ დასტურდება რ. გ–ს ქმედებით დაზარალებულებისთვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მითუფრო, რომ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის თანახმად ზარის ინიციატორია ი. გ–ე, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლე ნასვამია და სახლს უკიდებს ცეცხლს, შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი დაზარალებულთა მიმართ მუქარაზე.

14. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მოწმე დ. ე–სა და გამომძიებელთა - თ. ა–სა და ა. თ–ს ჩვენებების შესახებ, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულებთან, რომელთაც, თავის მხრივ, დაადასტურეს რ. გ–ს მიერ განხორციელებული მუქარა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებულან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულებისაგან, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

15. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს(შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, 2022 წლის 22 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N........დასკვნას, 2022 წლის 22 მარტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნას, 2022 წლის 30 მარტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნას), სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება რ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის - რ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა - დაკმაყოფილების საფუძველი.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე