Facebook Twitter

საქმე # 330100122006142996

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №35აპ-23 ქ. თბილისი

ბ-ე ვ., 35აპ-23 16 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, მის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივის, ხასიათის, სიმძიმისა და აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული შერიგებულები არ არიან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ვ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ვ. ბ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 18 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ვ. ბ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, ......ის პლატოზე, მე-.. მ/რაიონის, ......... კვარტალში, ......... კორპუსის მიმდებარედ, ვ. ბ–მ ხელთნაქონი სამზარეულოს დანის გამოყენებით, დაჭრა დ. ჩ–ი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ნაკვეთი ჭრილობები კისრის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის მტევნის მიდამოებში, რის გამოც აუცილებელი გახდა მისთვის გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ბ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ბ–სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ) ერთად, ასევე სრულად გაითვალისწინეს - მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და ქმედების ჩადენის იარაღი, კერძოდ, ის რომ დანაშაული ძალადობრივი ხასიათისაა, რომელიც ჩადენილია დღის საათებში, ქუჩაში, დანის გამოყენებით, აგრეთვე მხედველობაში მიიღეს - დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია (დაზარალებულს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობები კისრის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის მტევნის მიდამოებში), დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია აქვს და კონფლიქტის მიზეზიდან გამომდინარემ ეშინია ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მას განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-531-ე მუხლებითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი