საქმე # 330100122005404945
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №36აპ-23 ქ. თბილისი
ნ–ი ბ., 36აპ-23 16 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ნ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა ბ. ნ–ს წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ნ–ს ბრალეულობა, რაც სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა; სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის სპეციფიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ნ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბ. ნ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- ბ. ნ–ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მას ქალი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, მისი სიტყვა იყო კანონი და, შესაბამისად, არ უნდა შესწინააღმდეგებოდა და უნდა შეესრულებინა მამაკაცის სურვილები. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შსს ქ.თ–ს პოლიციის დეპარტამენტის ........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივმა, ბ. ნ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №......, რომლითაც მას აეკრძალა მ. გ–სთან (რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), საცხოვრებელ მისამართთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ. ნ–მა 2021 წლის 28 ნოემბერს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, იგი აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, მივიდა ქ.თ–ში, მ–ს მე-.. მ/რაიონში, №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მ. გ–სთან, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
- ბ. ნ–სი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მას ქალი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, მისი სიტყვა იყო კანონი და, შესაბამისად, არ უნდა შესწინააღმდეგებოდა და უნდა შეესრულებინა მამაკაცის სურვილები. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.თ–ში, მ–ს მე-.. მ/რაიონის №..კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. ნ–მა მ. გ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი და ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- ბ. ნ–ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მას ქალი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, მისი სიტყვა იყო კანონი და, შესაბამისად, არ უნდა შესწინააღმდეგებოდა და უნდა შეესრულებინა მამაკაცის სურვილები. 2021 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.თ–ში, მ–ს მე-.. მ/რაიონის №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. ნ–ი მ. გ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოკლავდა, არ აცოცხლებდა, ყელს გამოსჭრიდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით ბ. ნ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ბ. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ბ. ნ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც დასტურდება, რომ ბ. ნ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ ბ. ნ–მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები, კერძოდ:
9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა - მ. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ბ. ნ–ს წინააღმდეგ. ამასთან, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია მტკიცებულებად გამოიყენოს.
10. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს: მოწმეების - დ. ყ–ს, მ. ჯ–სა და ლ. ო–ს ჩვენებები ირიბია, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან, რის გამო სასამართლო ვერც მათ ჩვენებებს გამოიყენებს ბრალდების მადასტურებელ მტკიცებულებებად; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში მ. გ–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე როგორც გამომძიებლის მიერ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც ამავე მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა ბრალდებულის წინააღმდეგ, არაინფორმატიულია და უტყუარად ვერ ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს; დაზარალებულ მ. გ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მართალია, დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ეს დაზიანება ბ. ნ–მა მიაყენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი