Facebook Twitter

საქმე # 020100120003660966

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№38აპ-23 ქ. თბილისი

გ-ა გ. , №38აპ-23 5 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:

1.2. გ. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება) წარდგენილ ბრალდებაში.

1.3. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც უტყუარად დაადასტურებდა გ. გ-ს მიერ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის N2/29-14 და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის N2/ბ-415-14 გადაწყვეტილებებით ე. გ-ს სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისათვის - 19500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში, ქ. ზუგდიდში, საირმის ქუჩა N33-ში მდებარე, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაცნობ ნ. წ-ს სახელზე დარეგისტრირების ფაქტს.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში მოიპოვება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

3.2. პროკურორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გამართლებულის სახელზე არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელი სახლი, დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სახლის მესაკუთრე ფაქტობრივად სწორედ გ. გ-ა იყო. მას რეალურად გააჩნდა უძრავი ქონების განკარგვის, ფლობისა და სარგებლობის უფლებამოსილება და იგი ვალდებული იყო აღმსარულებლისათვის წარდგენილ ქონებრივ ნუსხაში მიეთითებინა სადავო უძრავი ქონება, როგორც სამომავლოდ მისაღები ქონება, რაც, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის მეშვეობით, შესაძლებელს გახდიდა უძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარებასა და ქონების მის სახელზე რეგისტრაციას, კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

4.3. ბრალდების მხარე გ. გ-ს ედავება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებას, რაც, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გამოიხატა იმაში, რომ გ. გ-მ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირა.

4.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, ქ. ზ-ში, ს-ის ქუჩა N- -ში მდებარე ქონების მესაკუთრე 2015 წლიდან არის ნ. წ-ა. ასევე, ქ. ზ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N- საკუთრების უფლების მოწმობით დადგენილია, რომ ნ. წ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ. ზ-ი, ს-ის ქუჩა N- -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

4.5. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ბრალდებული არასდროს ყოფილა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. ნ. წ-ამ აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. გ-ს ყოველგვარი ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, ხოლო საკუთრების უფლების აღიარებამდე უძრავი ნივთი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.

4.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს, თითქოს, გ. გ-ს მიერ სახლის ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა განაპირობებდა მის საკუთრების უფლებას აღნიშნულ ქონებაზე. მართალია, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება გამართლებულის მიერ უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, თუმცა, ქონების ფლობა და სარგებლობა თავისთავად არ განაპირობებს მასზე საკუთრების უფლების არსებობას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, უძრავ ქონებას ფლობდნენ და მისით სარგებლობდნენ გ. გ-ს დედა და ნ. წ-ც.

4.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ნ. წ-ამ უძრავი ქონება გ. გ-ას დედის თხოვნითა და მითითებით დაირეგისტრირა საკუთრებად და შემდგომშიც, სწორედ მისი მითითებით მოქმედებდა აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით. აგრეთვე, დადასტურებულია, რომ დედას არ სურდა გ. გ-ას სახელზე სახლის გაფორმება, რადგან მას არ ენდობოდა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საფუძველს მოკლებულია პროკურორის არგუმენტი გ. გ-ას მიერ უძრავი ქონების ფაქტობრივად განკარგვისა და ამ გარემოებაზე დაყრდნობით, უძრავი ქონების თუნდაც მომავალ მესაკუთრედ მისი მოაზრების შესახებ.

4.8. იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ გ. გ-ას სადავო უძრავ ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ქონება ვერ მიექცეოდა კრედიტორის სასარგებლოდ აღსასრულებლად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება ნ. წ-ას სახელზე დარეგისტრირების გარეშეც კი ვერ იქნებოდა კრედიტორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების საშუალება, გ. გ-ს მიერ სასამართლო გადაწყვეტილებისათვის სხვაგვარად თავის არიდების მტკიცება საფუძველს მოკლებულია.

4.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, თითქოს, გ. გ-ა ვალდებული იყო აღმსარულებლისათვის წარდგენილ ქონებრივ ნუსხაში მიეთითებინა სადავო უძრავი ქონება, როგორც სამომავლოდ მისაღები ქონება. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ გ. გ-ას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებისათვის და არა - საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით - აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის არასწორად/არასრულყოფილად წარდგენისათვის. გარდა ამისა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოვალეს ავალდებულებს, ქონების ნუსხაში მიუთითოს მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები, აგრეთვე, ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, ქონების ნუსხის წარდგენის მომენტისათვის და არც შემდგომ, სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა იმ ქონებას, რომლის მოთხოვნის უფლებაც გ. გ-ს ჰქონდა მესამე პირის მიმართ. არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი საფუძველი გ. გ-ს მიერ მომავალში ამ ქონების მისაღებად. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დამოკიდებული იყო დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დადებით გადაწყვეტილებაზე და სწორედ კომისიის გადაწყვეტილებით, ქონება გახდა ნ. წ-ას და არა - გ. გ-ას საკუთრება, რაც, მით უფრო, გამორიცხავს კასატორის პოზიციის სისწორეს.

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე