საქმე # 080100122005392579
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №43აპ-23 ქ. თბილისი
პ. ი. 43აპ-23 10 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბრიდან ი. პ–ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა
თ. კ–სთან. მეუღლის - თ. კ–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ი. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და მოთავსდა N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიუხედავად აღნიშნულისა, ი. პ–ე 2021 წლის 8 ოქტომბერს, N... პენიტენციური დაწესებულებიდან დაუკავშირდა მეუღლის - თ. კ–ს - დედას - ა. თ–ს (დ. ც–ს) და განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, არაერთგზის, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა.თ–ს (დ. ც–ს), წარსულში ი. პ–ს მიერ მისი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ი. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ი. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2022 წლის 30 აგვისტოდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ი. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ი. პ–სის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. დაცვის მხარის შეფასებით, ი. პ–მ მართალია მტკიცებულებები სცნო უდავოდ, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლში განსაზღვრულია ოჯახის წევრის ცნება, რომლის თანახმადაც განქორწილებული მეუღლის მშობელი ოჯახის წევრად არ არის მითითებული.
6.1. 2023 წლის 7 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა ი. პ–მ. განცხადებაში მითითებულია, რომ ი. პ–ს მსჯავრდება მოხდა უკანონოდ, ის არავის დამუქრებია.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში ი. პ–სის გამართლებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. პ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. პ–ს საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. პ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
11. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებით და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების რეალურობის საფუძვლიან შიშს.
12. დაზარალებულ დ. ც–სის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათისათვის, იმყოფებოდა ბ–ს ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა ი. პ–მ, დაუწყო გინება, მას და მის შვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - „მალე გამოვალ ციხიდან და ორივეს დაგხოცავთო“. ი. პ–ს მიერ წარსულში მისი შვილის მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, ი. პ–ს ქმედებამ ობიექტურად მასში გამოიწვია შიში. დააწყებინა კანკალი, აღარ უყიდია არაფერი და დაბრუნდა სახლში. სახლში დიდხანს ვერ დაწყნარდა და დედას მოუყვა მომხდარის შესახებ. მოგვიანებით, ისევ დაურეკა ი. პ–მ რამოდენიმეჯერ, აგინებდა, ლანძღავდა და ემუქრებოდა - „გამოვალ და შენ და შენს შვილს ორივეს დაგხოცავთ არ გაცოცხლებთო“. დ. ც–ს აუწია წნევამ, ძალიან აღელდა, დააწყებინა კანკალი. რადგან ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული, აღნიშნული საუბრების შესახებ გაიგონა დედამ, რომელმაც ურჩია განეცხადებინა პოლიციაში, რის შემდეგაც, დ. ც–მ მომხდარის შესახებ იმავე დღეს განაცხადა ხ-ს რაიონულ სამმართველოში.
13. შესაბამისად, დაზარალებულის მხრიდან მუქარის რეალურად აღქმა და მისი განხორციელების შიში დასტურდება მათ შორის მოწმეთა: დაზარალებულის დედის - ჟ. ც–ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც თავად შეესწრო ი. პ–ს მიერ შემდგომ დარეკვას; მან უშუალოდ ნახა დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სახლში დაზარალებულის დაბრუნების შემდეგ: აღელვებული, შეშინებული, ტიროდა, კანკალებდა და იყო პანიკაში; ე. ბ–ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მომხდარი ფაქტიდან მალევე ტელეფონით ესაუბრა დაზარალებულ დ. ც–ს (დ. ც–ს საუბარში ეტყობოდა, რომ იყო განერვიულებული, აღელვებული და შეშინებული); გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების რეგისტრაციის N.......... დოკუმენტით, 2021 წლის 8 ოქტომბრის ამოღების ოქმით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ( რასაც არც კასატორი უარყოფს) და შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს პრეიუდიას, ხოლო პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტის უარყოფა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს (საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ი. პ–ე და დ. ც–ე არ იყვნენ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრები, ვინაიდან განქორწილებული მეუღლის მშობელი ოჯახის წევრად არ ითვლება; ი. პ–ე და თ. კ–ე 2021 წლის მაისის თვეში სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდნენ.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლს, რომლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი დასტურდება, რომ განქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2021 წლის 5 ნოემბერს, განქორწინების შესახებ სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ი. პ–სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენიდან (2021 წლის 8 ოქტომბერი) თითქმის ერთი თვის შემდეგ.(იხ.: ტ.1, ს.ფ. 94-95).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე