Facebook Twitter

საქმე # 330100122005806850

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №4აპ-23 ქ. თბილისი

რ. გ. 4აპ-23 11 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის დეკემბერში, საღამოს საათებში, თ–ში, ჩ–ს ქუჩა N..-ში გ. რ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - რ. ა–ზე, კერძოდ, მორჩილების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ თავად კაცი იყო და შესაბამისად „ოჯახის უფროსი“ იძალადა მასზე. გ. რ–სმა რ. ა–ს ხელები ჩაარტყა მკერდის მიდამოში, რის შედეგადაც მან წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა დივანზე. ძალადობის შედეგად რ. ა–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 09:40 საათზე, თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მ/რ, მე-.. კვარტალი, კორპუსი N..-ს მიმდებარედ, გ. რ–მა არასრულწლოვანი შვილის - 2016 წელს დაბადებული ნ. რ–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეზე - რ. ა–ე, კერძოდ, მორჩილების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ თავად კაცი იყო და შესაბამისად „ოჯახის უფროსი“ იძალადა ყოფილ მეუღლეზე - რ. ა–ს ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად რ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 09:40 საათზე, თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-..1 მ/რ, მე-.. კვარტალი, კორპუსი N..-ს მიმდებარედ, გ. რ–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - რ. ა–ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მორჩილების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ თავად კაცი იყო და, შესაბამისად, „ოჯახის უფროსი“, ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა რ. ა–ს. დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა, თუ კვლავ არ გაუღებდა სახლის კარს. რ. ა–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:

3.1. გ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3.2. გ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა გ. რ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. რ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ყველა ეპიზოდისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გათვალისწინებით, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

8.1. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, გ. რ–მა ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: დაზარალებულმა რ. ა–მა საქმის არსებითი განხილვისას გამორიცხა გ. რ–სის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობა, ხოლო მოწმე - თ. ა–ი უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებაა, რომლის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

12. რაც შეეხება კასატორის მითითებას 2022 წლის 11 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, მართალია, დაზარალებულმა მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლში იმ ადგილზე, სადაც გ. რ–მა 2021 წლის დეკემბერში ფიზიკურად იძალადა მასზე, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ არის საკმარისი მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება, ხოლო საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. ამასთან, 2021 წლის დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს ბრალის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამ პირობებში, მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ გახდება უტყუარად იმის მტკიცების საფუძველი, რომ გ. რ-მ 2021 წლის დეკემბერს იძალადა დაზარალებულზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

13. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველინ ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ თითოეული ეპიზოდისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. რ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). სასამართლოებმა სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 531-ე (სასჯელის დანიშვნა დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას) და საქართველოს სსკ-ის 58-ე (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) მუხლების მოთხოვნები. ბრალდების მხარის მითითება ნასამართლობაზე ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის არსებული ნასამართლობა სასამართლოებმა გაითვალისწინეს სასჯელის შეფარდებისას და გ. რ–სს თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელი განუსაზღვრეს რეციდივის გათვალისწინებით, ხოლო ოჯახური კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის არსებული ნასამართლობა გაქარწყლებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით გ. რ–სთვის განსაზღვრული სასჯელების დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

16. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე