Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №51აპ-23 ქ. თბილისი

მ–ა მ., 51აპ-23 10 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის, ასევე მსჯავრდებულების – მ. მ–სა და ვ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ფ-ასა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. მ–სა, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, და ვ. ს–ი – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ: მ. მ–ს – 8 წლით, ხოლო ვ. ს–ს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2021 წლის 10 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ–მ და ვ. ს–მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით დროის შუალედში, მაშინ, როდესაც 2016 წლის 26 ივლისის №..... ბრძანებით ქ. თ–ში, ........ის მე-.. მიკრორაიონის მიმდებარედ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა იყო დასრულებული, სამშენებლო კომპანია შპს „..........ის“ დირექტორმა მ. მ–მ და მისმა წარმომადგენელმა ვ. ს–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, მაკლერების მეშვეობით მოიძიეს უძრავი ქონების შეძენის მსურველი პირები. მ. მ–მ და ვ. ს–მა მაკლერებს აჩვენეს ქ. თ–ში, ...........ში, მე-.. მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული კორპუსი და უთხრეს, რომ ამ კორპუსში ჰქონდათ გასაყიდი ბინები, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა კი იყო დასრულების პირას. აღნიშნული დროის პერიოდში მათ 32 ფიზიკურ პირთან სანოტარო წესით გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით და თითოეული პირისაგან მიიღეს დიდი ოდენობით თანხა. მაკლერებმა და ვ. ს–მა დაზარალებულებს აჩვენეს აშენებული, მ. მ–სა და ვ. ს–ს მიერ მითითებული კორპუსი და უთხრეს, რომ სწორედ აღნიშნულ დასრულებულ კორპუსში არსებული ბინა იყო ნასყიდობის საგანი. ამავდროულად, ვ. ს–მა და მ. მ–მ ბინის შეძენის მსურველი პირები დაარწმუნეს, რომ ბინები ჩაჰბარდებოდათ ხელშეკრულების ვადაში – რამდენიმე თვეში. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ მ. მ–მ და ვ. ს–მა ისინი მოატყუეს და მიჰყიდეს „ჰაერი“ – სამომავლო უფლება უძრავ ქონებაზე, ვინაიდან კორპუსი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ბინები, არსებობდა მხოლოდ არქიტექტორულ პროექტში და მისი მშენებლობა არ მიმდინარეობდა. ვ. ს–მა და მ. მ–მ დაზარალებულებისაგან: გ. ე–გან, ი. კ–გან, ა. მ–გან, მ. ბ–გან, თ. რ–გან, ა. მ–გან, გ. ხ–გან, ზ. დ–გან, გ. კ–გან, თ. ღ–გან, მ. ბ–გან, რ. წ–გან, ზ. ს–გან, ა. ჯ–გან, კ. ა–გან, ნ. ნ–გან, ბ. კ–საგან, გ. კ–საგან, თ. გ–საგან, ს. მ–ი-ბ–საგან, თ. გ–საგან, დ. წ–საგან, ლ. ჭ–საგან, ზ. ბ–საგან, მ. ც–საგან, გ. ზ–საგან, თ. ტ–საგან, მ. მ–საგან, მ. ჯ–სგან, გ. ს–საგან, ზ. ხ–სა და ი. გ–საგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით – 987 962,76 ლარი მიისაკუთრეს მართლსაწინააღმდეგოდ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა: მ. მ–სა და ვ. ს–სი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4-4 წელი უნდა მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალათ პირობით, 2-2 წლის გამოსაცდელი ვადით. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მ. მ–სა და ვ. ს–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, რეალურად მოსახდელი სასჯელი შეუმცირდათ 75-75 დღით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. კასატორმა – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დამძიმება, ხოლო ადვოკატებმა – გ. ფ–მ და ლ. ს–მა – მ. მ–სა და ვ. ს–სათვის სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება, ასევე – მათ მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება, დაზარალებულთა პოზიციის მხედველობაში მიღებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მსჯავრდებულების – მ. მ–სა და ვ. ს–ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულთა აღიარებებით, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით, გრაფიკული და ფინანსური ექსპერტიზების დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მხარეთა პოზიციებს მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების უკანონობასა და უსამართლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მსჯავრდებულების – მ. მ–სა და ვ. ს–სათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმების ან შემსუბუქებისათვის ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

12. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – მ. მ–სა და ვ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მათი ქმედებების ხასიათსა და პიროვნებებთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილის უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და წარსული ცხოვრება, დაზარალებულების პოზიცია, რომ მ. მ–სა და ვ. ს–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმანი არიან, მათზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №... განკარგულება (შპს „..........ის“ მიმართ თ–ში, ........ის ქ. №.. არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, რაც შექმნის დაზარალებულთა ინტერესების დაკმაყოფილების პირობას), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულისათვის მ. მ–სა და ვ. ს–ს განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელთა ნაწილი ჩაეთვალათ პირობით. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას დაასაბუთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. ასევე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებათა ნაწილი გახადეს უდავოდ, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული ფაქტი, სხვა გარემოებებთან ერთობლივად აღებული, არ იძლევა საფუძველს, რომ მათ მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ იქნეს ჯარიმა.

14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – მ. მ–სა და ვ. ს–სათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების ან/და შემსუბუქების საფუძველი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის, ასევე მსჯავრდებულების – მ. მ–სა და ვ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ფ–სა და ლ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე