საქმე # 190100121004431478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №59აპ-23 ქ. თბილისი
ე. პ. 59აპ-23 1 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე რუთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით პ. ე–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე ქ. რ–ში, მ–ს ქუჩა, კორპუსი N.., ბინა №..-ში მდებარე ლ. მ–ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, პ. ე–ი ოჯახის წევრს, ბებიას - ლ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. უთხრა, რომ არ აცოცხლებდა, მოკლავდა. ლ. მ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენით პ. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3.1. პ. ე–ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა პ. ე–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებით - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა პ. ე–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს პ. ე–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც პ. ე–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი პ. ე–სთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ ლ. მ–ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დაზარალებულის განმარტებით შემთხვევის დღეს პ. ე–ი მასთან მივიდა და კარზე აბრახუნებდა, ურტყამდა წიხლებს და ითხოვდა კარის გაღებას. პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ გაუგია (იხ. 2021 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:27:06). ის სახლში მარტო იყო, შეეშინდა და არ უნდოდა კარის გაღება. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად საჯაროდ იქნა წაკითხული მისი გამოკითხვის ოქმი, სადაც მითითებულია სიტყვები: ,,კარი გამიღე, თორემ არ გაცოცხლებ“. გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დაზარალებულმა დაადასტურა უშუალოდ მუქარის შემცველი სიტყვები.
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას დაზარალებულ ლ. მ–ს ჩვენებასთან მიმართებით, ვინაიდან მისი ჩვენება არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მუქარის ფაქტი არ დაადასტურეს მოწმეებმა - გ.შა-მ და ი. შ-მ. მოწმეები აღნიშნავენ, რომ პ. ე–ი ლ. მ–სას საცხოვრებელი სახლის კარზე აბრახუნებდა და სთხოვდა კარის გაღებას. მუქარის შემცველი სიტყვები მათ არ გაუგიათ. ამასთან, 2021 წლის 4 თებერვლის შეტყობინების ბარათით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს - 112-ს დაუკავშირდა ლ. მსა, რომელიც აცხადებდა, რომ მასთან შვილიშვილი და მისი მეგობრები მივიდნენ, რომლებიც არიან მთვრალები. ისინი ცდილობენ სახლში შესვლას და მის მოკვლას, თუმცა საქმის განხილვისას დადგინდა, რომ პ. ე–ი ბებიის საცხოვრებელ სახლთან მარტო მივიდა. დაზარალებულმა ასევე უარყო გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული მუქარის ეპიზოდი (2016 წლის ეპიზოდი) და განმარტა, რომ წარსულში მასსა და შვილიშვილს შორის ამ ტიპის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული შიში ფაქტორს უკავშირებდა არა მუქარას, არამედ სახლში მარტო ყოფნასა და პ. ე–ს მიერ კარზე ძალის გამოყენებით ბრახუნს - რადგან მარტო იყო და არ იცოდა რას მოიმოქმედებდა პ. ე–სი საბოლოოდ.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ლ. მ–ე და ვ. ჩ–ი უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). მათ მიერ აღწერილი დაზარალებულის ფსიქოემოციური მდგომარეობა კი საქმეში არსებული ყველა გარემოების გათვალისწინებით არ არის საკმარისი შიშის საფუძვლიანობის სამტკიცებლად.
15. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პ. ე–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ზ. უ-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე