Facebook Twitter

საქმე # 190100121004911786

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№67აპ-23 ქ. თბილისი

ა. რ. №67აპ-23 15 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. რ. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, ..........ის საავტომობილო გზის მე-.. კილომეტრზე, მოძრაობდა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ......, რომელსაც მართავდა რ. ა–სი. ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საწინააღმდეგო სავალ ზოლში, სადაც ჯერ შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მერსედეს-ბენც სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსს, ს–ს რესპუბლიკის სანომრე ნიშნით: ........., რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე გ. გ–იი, ხოლო შემდეგ - „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ........, რომელსაც მართავდა შ. ა., რის შემდეგაც, ამ უკანასკნელს შეეჯახა მის უკან მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ........, რომელსაც მართავდა მ. ჯ. ავტოავარიის შედეგად, გ. გ–ს მგზავრები - მ. ს–ი და გ. ა–ი ადგილზე გარდაიცვალნენ. გ. გ–მა და მისმა მგზავრებმა - ა. ა–მა, თ. გ–მა, ლ. მ–მა, ა. ა–მა, კ. კ–მა და ვ. ჰ–მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გ. ბ–მა კი - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენით:

2.1. რ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.2. მასვე აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით;

2.3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2022 წლის 13 მაისიდან.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. ნ–მა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა ან მისი შემსუბუქება.

4. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. ნ–მა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა ან მისი შემსუბუქება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში - დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს რ. ა–ს მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:

10. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ა–ს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ორი ადამიანის გარდაცვალება და რვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

12. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს საქართველოს სსკ-ის 63-ე ან 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივრიდან და სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება დისკრეციული უფლებამოსილების სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ/ არსებითი დარღვევით გამოყენება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის ამ ნაწილში დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, თუმცა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია მისი შემცირების შესაძლებლობას.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე