ბს-1530-1105(კ-05) 6 ივლისი, 2006 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური სარჩოს უვადოდ დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
15.02.05წ. ლ. ც-მ რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსა და რუსთავის ... საშუალო სკოლის მიმართ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა ქ. რუსთავის ... სკოლის დირექტორის მოადგილედ. 16.05.78წ. დირექტორის კაბინეტში ამოწმებდა სასკოლო ჟურნალების წარმოების სისწორეს. სამუშაოს შესრულებისას თავი ცუდად იგრძნო. სკოლის ექთნისაკენ მიმავალმა კიბეებზე ჩასვლისას დაკარგა გონი და დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტვინის შერყევა. სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მომხდარზე შედგა შესაბამისი აქტი. იმავე დღეს გაირკვა, რომ დირექტორის კაბინეტი დამუშავებული ყოფილა მწერების საწინააღმდეგო სადიზინფექციო ხსნარით, რამაც ლ. ც-ზე იმოქმედა. მოსარჩელის განმარტებით, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აიღო ცნობა ¹27, რომლის თანახმად, ლ. ც-ს ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, რაც დაკავშირებული იყო სკოლაში მიღებულ ტრავმასთან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სავაადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მკურნალობდა ქალაქის ¹2 პოლიკლინიკის ნერვულ განყოფილებაში, რომლის მიერ გაცემულ ბიულეტენზე ანგარიშსწორებას ახდენდა განათლების განყოფილება. 1978წ. დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი დროებით, ხოლო 1993 წლიდან მუდმივად და სოცუზრუნველყოფიდან დაენიშნა პენსია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ განათლების განყოფილებისა და სკოლის დირექციას მიმართა თხოვნით, რათა მათ გადაეხადათ სხვაობა პენსიასა და მის ხელფასს შორის 1978წ. იანვარში, როდესაც დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა. სკოლის დირექციამ სობესში წარსადგენად გასცა ცნობა, რომ ტრავმა მიღებული აქვს სამუშაო საათებში და ამავე დროს მისცა მიმართვა სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რათა დაედგინათ მისი საერთო და პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი, ხოლო განათლების განყოფილებამ გასცა ცნობა მისი ხელფასისა და ხელფასის გარდა შეთავსებით ზედმეტი მუშაობისათვის გადახდის საერთო გამომუშავების შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004წ. მაისში შრომითი უნარის დაკარგვის ხარისხის დადგენისათვის კომისიაზე გაგზავნის თხოვნით მიმართა რუსთავის ... სკოლის დირექტორს და განათლების სამმართველოს უფროსს, რაზე სიტყვიერი უარი მიიღო. აღნიშნულზე სკოლის დირექტორმა შრომის ინსპექციის მიერ შედგენილ დოკუმენტზე გააკეთა მინაწერი და გამომუშავების შესახებ გასცა ცნობა. 28.05.04წ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო პოლიკლინიკიდან ფორმა ¹27-ით გაგზავნილ იქნა ფსიქო-ტრავმულ დისპანსერში, სადაც დაუდგინდა საწარმოო ტრავმის საფუძველზე მიღებული თავის ტვინის შერყევის შედეგად მახსოვრობისა და ინტელექტის მესამე ხარისხის მნიშვნელოვანი შეზღუდვა და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის 90%.
მოსარჩელემ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 04.04.97წ. ¹39 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსაგან 1997წ. 29 მაისიდან სკოლაში მიღებული ტრავმის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ყოველთვიურად საშუალო ხელფასის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა. საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 1978 წლიდან 1999 წლამდე 10 540 ლარის ოდენობით, ხოლო 1999 წლიდან _ 6 600 ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 03.05.05წ. გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ. ც-ს უარი ეთქვა 10 540 ლარის ანაზღაურებაზე. მოპასუხეებს ლ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 1999წ. 9 თებერვლიდან 2004წ. 16 მაისამდე ყოველთვიურად 110 ლარის ოდენობით, სულ 6600 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ც-მ და ქ. რუსთავის ... საშუალო სკოლამ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. ც-მ დააზუსტა მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურება 1991 წლიდან მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.10.05წ. გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. რუსთავის ... საშუალო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ზიანის ანაზღაურება განათლების სამმართველოსთან ერთად დაეკისრა, აგრეთვე, ქ. რუსთავის ... საშუალო სკოლას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრული იყო ორი მოპასუხის მიმართ, თუმცა ლ. ც-ე ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ განათლების სამმართველოსაგან ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ზიანის ანაზღაურება დააკისრა აგრეთვე ... საშუალო სკოლას, რითაც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი.
სააპელაციო პალატის აზრით, განათლების სამმართველოსთვის ლ. ც-ის სასარგებლოდ 1999წ. 9 თებერვლიდან 2004წ. 16 მაისამდე ყოველთვიურად 110 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან განათლების სამმართველოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1991 წლამდე სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ლ. ც-ს ურიცხავდა თანხას, რომელსაც რეგრესის წესით ახდევინებდა განათლების სამმართველოს, ხოლო 1991წ. შემდეგ მოსარჩელეს საჭირო საბუთები აღარ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ 1991-1999წწ. შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
ყოველთვიური სარჩოს უვადოდ დანიშვნის თაობაზე ლ. ც-ის მოთხოვნა, სააპელაციო პალატის აზრით, დაუშვებელია, ვინაიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების 41-ე მუხლის თანახმად, განცხადება ზიანის ანაზღაურების ფაქტის შესახებ შეიტანება დამქირავებლის სახელზე, ხოლო 51-ე მუხლის თანახმად, თუ განცხადება ზიანის ანაღაურების შესახებ დამქირავებელთან შეტანილია შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან ან მარჩენალის გარდაცვალებიდან სამიწ. გასვლის შემდეგ, ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. განცხადების შეტანის დღედ ითვლება ორგანიზაციის მიერ მისი მიღების დღე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ს დამქირავებლისათვის არ მიუმართავს. აღნიშნულიად გამომდინარე მიუთითა, რომ აპელანტმა განცხადებით უნდა მიმართოს რუსთავის ... საშუალო სკოლას და თუკი ერთი თვის განმავლობაში მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ან საერთოდ არ იქნება განხილული მისი განცხადება, ლ. ც-ს უფლება ექნება გაასაჩივროს დამქირავებლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის 03.10.05წ. გადაწყვეტილება 2004 წლიდან უვადოდ სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ორივე მოპასუხეს არაერთხელ მიმართა და მათგან სიტყვიერი უარის მიღების შემდეგ მიმართა შრომით ინსპექციას, რომელმაც 2004წ. აპრილში ჩაატარა მოკვლევა და შეადგინა აქტი. კასატორის განცხადებით, აღნიშნული აქტი სხვა დოკუმენტებთან და განცხადებასთან ერთად წარუდგინა განათლების სამინისტროსა და ქ. რუსთავის ... საშუალო სკოლას. განათლების სამმართველოში მისი განცხადება არ მიიღეს და სიტყვიერი უარით გამოისტუმრეს, ხოლო სკოლის დირექტორმა მისი განცხადება სკოლის შრომითი კოლექტივის თანდასწრებით განიხილა და მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ტრავმის მიღების დროს იგი სკოლაში არ მუშაობდა და მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი არ არის. თავის პოზიცია დირექტორმა შრომის ინსპექციის მიერ შედგენილ დოკუმენტზე დააფიქსირა. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ მან სასამართლოს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დადგენილი წესით მიმართა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განცხადებით მიმართა მოპასუხეებს და სთხოვა განეხილათ მისი მოთხოვნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ 2004წ. მაისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 110 ლარის გადახდაზე და ამგვარად შეესრულებინათ სასამართლოს მითითება. ორივე მოპასუხემ უარი განაცხადა მისი განცხადების მიღებასა და განხილვაზე, რაც, კასატორის აზრით, ადასტურებს, რომ განათლების სამმართველო და რუსთავის ... საშუალო სკოლა ერთი და იმავე მოტივით არ იღებენ მის განცხადებას. კასატორმა განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხეებისადმი მისი მიმართვა მიზნად ისახავდა იმ ბიუროკრატიული ბარიერის გამოაშკარავებას, რაც მას კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ხელს უშლიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა სააპელაციო პალატის 03.10.05წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის აზრით, სასამართლომ მოპასუხეებიდან იმ იურიდიულ პირს უნდა დააკისროს მის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2004 წლიდან უვადოდ 110 ლარის გადახდა, რომელიც უფლებამოსილია და გადახდისუნარიანია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 25.01.06წ. განჩინებით ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საკასაციო პალატის 18.04.06წ. განჩინებით ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი განსახილველად იქნა დაშვებული. საკასაციო პალატის 29.05.06წ. განჩინებით, საქართველოს მთავრობის 22.12.05წ. ¹233 დადგენილების და სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 41-ე მუხლის თანახმად, განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიტანება დამქირავებლის სახელზე. 43-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის დასკვნა შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის შესახებ და ცნობა ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ ე. ც-ს ყოველთვიური სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით დადგენილი წესის მიხედვით დამქირავებლისათვის არ მიუმართავს. საქმეში დაცულია შრომის ინსპექციის 27.04.04წ. ¹12/87 მიმართვა და “წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ” აქტი ¹1. დოკუმენტები ხელმოწერილია ქ. რუსთავის ... სკოლის დირექტორის მიერ. შრომის ინსპექციის 27.04.04წ. მიმართვაზე სკოლის დირექტორის მიერ გაკეთებულია წარწერა, რომ იგი ... სკოლაში მუშაობს მხოლოდ 1995 წლიდან და მომხდარი საწარმოო ტრავმის შესახებ არაფერი სმენია. იმავე შინაარსის წარწერა ... სკოლის დირექტორს გაკეთებული აქვს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ¹1 აქტზე, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ტოლფასია. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასტურდება აგრეთვე კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ლ. ც-ის 10.11.05წ. განცხადებით. მოპასუხეები ხელმოწერებით ადასტურებენ უარს ლ. ც-ის განცხადების ჩაბარებაზე.
საფუძვლიანია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მისი განცხადება მოპასუხე ... სკოლის დირექტორის კაბინეტში ტრავმის მიღების ფაქტის მოწმე თანამშრომლების დასწრებით იქნა განხილული. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორმა სასამართლოს წარმოუდგინა ქ. რუსთავის ¹17 სკოლის დირექტორისა და თანამშრომლების მიერ 02.04.04წ. შედგენილი აქტი. ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სსკ-ის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე უარყოს ან დაადასტუროს ლ. ც-ის მოსაზრება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მისი განცხადების განხილვის შესახებ. მითითებული მტკიცებულებანი სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დამატებით საკასაციო პრეტენზიას ქმნის და საქმის არსებითად განხილვის დროს გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს სააპელაციო პალატის მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დასადგენია, აგრეთვე, ლ. ც-ის მოთხოვნის მიმართ სათანადო მოპასუხე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხე ქ. რუსთავის ‘,, სკოლა იმ მოტივით იქნა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან გათავისუფლებული, რომ სარჩელით დაზარალებული ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ რუსთავის მერიის განათლების განყოფილებისაგან ითხოვდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ც-ის საკასაციო მოთხოვნას ზიანის იმ იურიდიული პირისათვის დაკისრება წარმოადგენს, ვინც უფლებამოსილია და გადახდისუნარიანია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და დაადგინოს ზიანის ანაღაურებაზე უფლებამოსილი პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 03.10.05წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში მოყვანილი დასკვნები არ არის საკმარისად დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და სამართლებრივი შეფასება, რის გამო სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და განხილვისათვის უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.10.05წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც ლ. ც-ს უარი ეთქვა 2004წ. მაისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე. ამ ნაწილში საქმე განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.