საქმე # 010100120003583586
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №78აპ-23 ქ. თბილისი
ჩ-ი მ., 78აპ-23 16 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჩ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებაშივე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასა და სასამართლოსთან.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
მ. ჩ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით;
მ. ჩ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გაუქმდა მსჯავრდებულ მ. ჩ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა.
მსჯავრდებულ მ. ჩ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დროიდან - 2020 წლის 4 მარტიდან.
ი. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
ი. გ–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გაუქმდა მსჯავრდებულ ი. გ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა.
მსჯავრდებულ ი. გ–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დროიდან - 2020 წლის 4 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ–მა და ი. გ–მ ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
- მ. ჩ–მა უკანონოდ შეიძინა და 2020 წლის 4 მარტს, საღამოს საათებში ქ. ბ–ში, ..........ის გზატკეცილზე, ........ს ხიდის მიმდებარედ, ავტომობილით გადაადგილებისას და ქალაქ ბ–ში ........ის N..-ში მდებარე სასტუმრო „..........ის“ მე-.. სართულზე მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ ბინა N..-ში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 146.3 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.
- ი. გ–მ უკანონოდ შეიძინა და 2020 წლის 4 მარტს, საღამოს საათებში ქ. ბ–ში, ............ის გზატკეცილზე, ........ოს ხიდის მიმდებარედ, ავტომობილით გადაადგილებისას უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინს (ფუძე)“ საერთო წონით 2.57 გრამს, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ჩ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–სემ და მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ–მ.
- მსჯავრდებულმა მ. ჩ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ს. კ–ს, ასევე - მსჯავრდებულ ი. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით.
მ. ჩ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
მსჯავრდებულ მ. ჩ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ მ. ჩ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დროიდან - 2020 წლის 4 მარტიდან.
ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით.
ი. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
მსჯავრდებულ ი. გ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დროიდან - 2020 წლის 4 მარტიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ–ე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მოითხოვს მსჯავრდებულისათვის მსჯავრად შერაცხული ქმედების სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს - მ. ჩ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, საზოგადოებრივი საშიშროებას, ნარკოტიკული საშუალების სახეობას (,,ჰეროინი“ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა), აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მას შეფარდებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი