საქმე # 170100120003808187
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №92აპ-23 ქ. თბილისი
ძ. ქ. №92აპ-23 2 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ქ. ძ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 15 მარტს, დაახლოებით 16:40 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს მიმდებარედ არსებულ მინდორში, ქ. ძ–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, მარჯვენა ხელის მარცხენა ლოყაში ერთჯერადი დარტყმით, ფიზიკურად იძალადა ე. ლ–ს მიმართ, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2020 წლის 15 მარტს, დაახლოებით 16:42 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს მიმდებარედ არსებულ მინდორში, ქ. ძ–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვებით - „მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. ლ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით:
2.1. ქ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი;
2.2. ქ. ძ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ქ. ძ–ის დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
4. დაცვის მხარემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ქ. ძ–ს დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ძ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის, ასევე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ:
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ ქ. ძ–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
10. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
11. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
12. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია - თავად კასატორიც ვერ უთითებს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებზე და ვერ ასაბუთებს უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის აუცილებლობას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქ. ძ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.
15. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ქ. ძ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
16. დაზარალებულ ე. ლ-ს განმარტებით, იგი ინვესტორია, ქართული არ იცის. მან ქ. ძ–ს კომპანიაში ჩადო თანხა და გააშენა ნუშის პლანტაციები. სარწყავი მექანიზმი იყო დაზიანებული და უნდა შეეკეთებინათ. თავადაც მივიდა ადგილზე, სადაც ხალხის ჯგუფი მუშაობდა. ო. ს. ხელმძღვანელობდა მათ. ქ. ძ–იი მის გვერდით იდგა. როდესაც ხელი ჩამოართვა ო-ს, ქ. ძ–იმა დაარტყა მარცხენა საფეთქელსა და ყვრიმალს შორის. რაღაც პერიოდით გონება დაკარგა და ზურგზე დაეცა, თვალებში დაუბნელდა, სათვალეც დაკარგა, ამიტომ მხოლოდ ხალხის ხმა ესმოდა. მას მ. ყ-მ გადაუთარგმნა, თუ რას ამბობდა ქ. ძ–ი - „მოვკლავ, მოვკლავო“. მან მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან 2017-2018 წლებში უკანონო გადახდებს სთხოვდა. მუქარის რეალიზაცია იყო დარტყმა.
17. მოწმე მ. ყ–ს ჩვენებით, დარტყმის შემდეგ, როდესაც ე. ლ–ი გონზე მოვიდა, 10-15 მეტრში გაიყვანა და იქიდან დარეკა პოლიციაში. მუქარა-გინება იყო თავიდან. ქ–ი ამბობდა: „რა გეგონა, მოგეფერებოდი?! მოგკლავ შე ნაძირალა“. გინებაც იყო, ყველანაირად ლანძღავდა - რუსულადაც და ქართულადაც. როგორც ახსოვს, რუსულადაც თქვა სიტყვა „მოგკლავ“.
18. მოწმე ო. ს–ს განმარტებით, მას მოკვლის მუქარა არ მოუსმენია. საუბრობდნენ წყნარად. ანალოგიური დაადასტურეს გ., ნ. და ვ. ე–ებმა და განმარტეს, რომ ახლოს იდგნენ, თუმცა, მუქარა არ გაუგიათ/არ ყოფილა. ქ. ძ–მაც უარყო მუქარის ფაქტი.
19. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ქ. ძ–ს მიერ ე. ლ–ს მიმართ მუქარა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად დაზარალებული ბუნდოვნად აღწერს ძალადობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მისი განმარტებით, ვინაიდან ქართულ ენას არ ფლობს, მუქარის შემცველი ტექსტი ქართულად არ გაუგია. მას მ. ყ–მა გადაუთარგმნა, რომ ქ. ძ–ი მოკვლით დაემუქრა. თუმცა, მ. ყს განმარტებით, ქ. ძ–ი რუსულ ენაზეც ემუქრებოდა დაზარალებულს. გარდა ამისა, დაზარალებული მუქარის რეალიზებად დარტყმას მიიჩნევს, რომელიც მუქარამდე მოხდა. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო სასამართლოსთვისაც აუხსნელია 2017-2018 წლებში არსებული უთანხმოების დაკავშირება 2020 წლის15 მარტის სავარაუდო მუქარის ფაქტთან. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ მოწმეს, გამომძიებელ ნ. დ–ს, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მის ჩვენებას სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა თუ უარყოფის თვალსაზრისით, რადგან იგი არ ყოფილა ფაქტის თვითმხილველი და გადმოსცემს სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
21. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე