Facebook Twitter

საქმე # 190100122006111977

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №96აპ-23 ქ. თბილისი

პ. მ. 96აპ-23 1 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. რ–ში, მ–ს გამზირზე, N...-ში მდებარე სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის გამო, სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოზე სხვა პირის მიერ დაწერილ კომენტარზე გაღიზიანებულმა მ. პ–მა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის - ნ. პ–ს თანდასწრებით, გაშლილი ხელის სახის მარჯვენა არეში გარტყმით, იატაკზე დაგდებით, ყელში ხელის ძლიერად მოჭერითა და მუშტის თავში ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ი. ს–ზე. მ. პ–ს ძალადობრივი ქმედებებით ი. ს–ზემა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. რ–ში, მ–ს გამზირზე, N..-ში მდებარე სახლში, საძინებელში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის გამო, მეუღლის ფოტოზე სოციალურ ქსელში სხვა პირის მიერ დაწერილ კომენტარზე გაღიზიანებული მ. პ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ი. ს–ს. კერძოდ, შარვლის ჯიბიდან ამოიღო დანა, გაშალა, მოუღერა მას და უთხრა, რომ მოკლავდა. მ. პ–ს მუქარა ი. ს–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

3.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური

ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მსჯავრდებულ მ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. კ–მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკებრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა.

5.1. მ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ს 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

5.3. მ. პ–სს სასჯელის ათვლა დაეწყო - 2022 წლის 12 ივლისიდან.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული განაჩენის მოტივაცია, იმ ნაწილში, რომ მ. პ–მა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც მ. პ–სათვის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქება გამოიწვია.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს მ. პ–ს დამნაშავედ ცნობას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისთვის (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი), მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებასა და სასჯელის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ მ. პ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ი. ს–ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ო. პ–ს, ნ. პ–სის, დ. ბ–ს, ტ. ს–ს გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმი), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. პ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მ. პ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მ. პ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი მითითებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის, ერთი მხრივ, აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს და იმავდროულად - აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ ვითარებაში ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების (მათ შორის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ჩადენის გარემოებების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინაარმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ა.შ.) და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ მ. პ–სმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და შესაბამისად, სამართლიანია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მ. პ–სის ქმედებაში გამოკვეთილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი და ითვალისწინებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის შინაარსს (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმად, გამოკითხვისას დაზარალებულს დაესვა შეკითხვა, თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მეუღლის მხრიდან იმგვარ ფაქტებს, როდესაც მეუღლის ნებართვის გარეშე არ შეეძლო თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ესარგებლა ტელეფონით, სოციალური ქსელით, ჰყოლოდა მეგობრები, კონტაქტი ჰქონოდა მისთვის სასურველ ადამიანებთან, რაზეც დაზარალებულმა გასცა უარყოფითი პასუხი.

13. დანაშაულის გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე

14. განსახილველ შემთხვევაში მ. პ–ს ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა ეჭვიანობის საფუძველზე, მეუღლის ფოტოზე სოციალურ ქსელში სხვა პირის მიერ დაწერილ კომენტარზე გაღიზიანებულმა. სხვა რაიმე მამტკიცებელი იმისა, რომ მ. პ–ს გააჩნია შეუწყნარებელი გენდერული დამოკიდებულება მეუღლის მიმართ, საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა შესაძლებელია, უკავშირდებოდეს ეჭვიანობას, თუმცა, ცალკე აღებული, ეჭვიანობა per se დიფერენცირებული მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ თვითკმარ საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის №337აპ-22 განაჩენი).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე