საქმე # 010142223700989456
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №8აგ-23 ქ. თბილისი
ჯ. ა. 8აგ-23 24 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჯ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ მაია სილაგაძესა და ა. ჯ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
1.1. ა. ჯ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით;
1.2. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ა. ჯ–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სასჯელმოხდილმა ა. ჯ–მ, რომელიც ითხოვს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენის გადასინჯვას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენით გასამართლდა ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე; მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა ზეწოლა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ. საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, ადვოკატის რჩევით, აღიარა დანაშაული, რომელის არ ჩაუდენია. ა. ჯ–ს განმარტებით მან მოიპოვა ერთერთი მოწმის - ლ. ტ–ს აღიარებითი ჩვენება, რომლითაც დასტურდება რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და ლ. ტ-მ დანაშაული იძულებით დააბრალა. აღნიშნულის საფუძველზე ლ. ჯ–სე ითხოვს 2012წლის 5 ივლისის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ჯ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზეც და მიაჩნია, რომ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენს.
4.1. 2023 წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ჯ–სემ და წარმოადგინა დამატებითი მასალები, რომელიც კასატორისვე განმარტებით ადასტურებს, რომ 10 წელია იბრძვის სიმართლის დასადგენად.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
3. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისთვის მტკიცებულების სიყალბე (მოცემულ შემთხვევაში - მოწმის ჩვენების) დადგენილი უნდა იყოს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (რომელიც ადგენს შესაბამისი მტკიცებულების სიყალბეს) და იმავდროულად ასეთი განაჩენის არსებობის შემთხვევაშიც კი, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ყალბად მიჩნეული მტკიცებულება საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამდენად, საქართველოს სსსკ 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ მტკიცებულების სიყალბის დადგენის წესს, რომელსაც ემყარება გადასასინჯი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში ა. ჯ–ს მიერ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მის მიერ მითითებული მოწმის ჩვენების სიყალბე, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მოწმის ნოტარიულად დამოწმებული აღიარებითი ჩვენება და საქმეზე დართული ყველა სხვა ინფორმაცია ვერ გახდება განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ჯ–მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით. საკასაციო საჩივარში კი კასატორი უთითებს ასევე საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ასეთ მტკიცებულებებს კი წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობისას იძულებით და მუქარით ჩამორთმეული ე.წ. აღიარებითი ჩვენებები.
4.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო იხილავს საჩივარს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო წარმოების ფარგლებში კასატორი არ უთითებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, აღნიშნული არ წარმოადგენდა გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს განხილვის საგანს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობას, რომელზეც არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმებისას.
5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები), ა. ჯ–ს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისა და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ა. ჯ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე