Facebook Twitter

საქმე # 140100118002715141

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №110აპ-23 ქ. თბილისი

ლ-ე გ, 110აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით:

1.1. გ. ლ-ე, - დაბადებული ... წლის .... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 ივნისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ ხ-ში, შ. მ-სა და რ-ის ქუჩების კვეთაზე გ. ლ-მ შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ბასრი საგნის - დანის გამოყენებით განიზრახა ზ. ხ-სა და ო. თ-ის მკვლელობა. ამ მიზნით მან შემავალი ჭრილობები მიაყენა ზ. ხ-ნს მუცლის, ო. თ-ს კი გულმკერდის არეში. მიყენებული დაზიანებებისაგან ზ. ხ-ნი გარდაიცვალა, ხოლო ო. თ-ს დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. გ. ლ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლსა და 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

3.3. გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: სსკ-ის 108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ. ლ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 ივნისიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ ხ-ში, შ. მ-ის და რ-ის ქუჩების კვეთაზე გ. ლ-მ, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ბასრი საგნის - დანის გამოყენებით, მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა და განზრახ მოკლა ზ. ხ-ნი, ხოლო ო. თ-ს იმავე დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

5. კასატორმა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5.1. მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შესაგებლით მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

5.2. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გ. ლ-ის გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ლ-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულის გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გ. ლ-ის წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირება გამოიწვია, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17).

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ამ ქმედების შედეგად ზ. ხ-ის მიყენებული სხეულის დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, შესაძლო შედეგს (ზ. ხ-ის სიკვდილს) იგი უცილობლად ითვალისწინებდა. შესაბამისად, ზ. ხ-ის მიმართ ჩადენილი ქმედების ნაწილში გ. ლ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

12. რაც შეეხება დაზარალებულ ო. თ-ის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის ჩადენაშიც ბრალი დაედო გ. ლ-ს, ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობის (მცდელობის) ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის, როგორიცაა ორი ან მეტი პირის მკვლელობა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობას ერთდროულად ან მეორე პირისათვის სიცოცხლის მოსპობას პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ მკვლელობის ამ პუნქტით დაკვალიფიცირებისათვის დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით.

13. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მსჯავრდებული გ. ლ-ე დაზარალებულების - ზ. ხ-სა და ო. თ-ის დაზიანებების მიყენების დროს მოქმედებდა ერთიანი განზრახვით. დადგენილია, რომ გ. ლ-ის საქციელით განაწყენებული პირები - ზ. ხ-ნი, ო. თ-ს, რ. ხ-ნი, ნ. ლ-ი, გ. ხ-ნი და ხ. მ-ნი მივიდნენ გ. ლ-ის საცხოვრებელ უბანში, ისინი მას ბოდიშის მოსახდელად ბ-ში წაყოლას სთხოვდნენ და კონფლიქტი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ამაზე გ. ლ-მ უარი განაცხადა. შემდეგ გ. ლ-ან გამწვავებული საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის ამგვარი უეცარი განვითარება ბ-ისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. შემთხვევის უშუალო თვითმხილველ პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. ხ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ხელით უბიძგა გ. ლ-ს და სწორედ ამ დროს მიაყენა მსჯავრდებულმა მას სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. შესაბამისად, მოცემულ მომენტში გ. ლ-ის განზრახვა მოიცავდა მხოლოდ ზ. ხ-ის სიცოცხლის მოსპობას. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ კი გ. ლ-მ დაზიანება მიაყენა ო. თ-აც, თუმცა აღნიშნული ფაქტი აპრიორი არ გულისხმობს მისი ერთიანი განზრახვით მოქმედებას.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის შეფასებას, რომლის თანახმად, გ. ლ-ე დაზარალებულ ო. თ-ის დაზიანების მიყენების დროს მოქმედებდა ახლად აღმოცენებული განზრახვის ფარგლებში, რამდენადაც მან ო. თ-ს დაზიანება მიაყენა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ჩადგა გ. ლ-სა და უკვე დაჭრილ ზ. ხ-ს შორის. ამ დროს კი გ. ლ-ს ზ. ხ-ზე თავდასხმა უკვე დასრულებული ჰქონდა. დაზარალებულმა ო. თ-მ ჩვენებაში მიუთითა, რომ როცა დაჭრის შემდეგ ავტომანქანასთან მივიდა, იქ უკვე დახვდა მანამდე მისული ზ. ხ-იც. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ლ-ე დანაშაულის ჩადენის დროს არ მოქმედებდა ერთიანი განზრახვით და ო. თ-ის დაზიანების მიყენების განზრახვა წარმოეშვა ზ. ხ-ის დაზიანების მიყენებიდან დროის მცირე მონაკვეთში. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. ლ-მ დროის მცირე ინტერვალით დაზარალებულების მიმართ განახორციელა დანით დარტყმები, ვერ წარმოშობს მისი ქმედების, როგორც ორი პირის მკვლელობის მცდელობის ჩადენის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან არ ვლინდება, რომ ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით იყო მოცული. მისი მხრიდან მხოლოდ აგრესიულ რეაქციას ჰქონდა ადგილი ო. თ-ის მოქმედებაზე, რომელიც ჩადგა მასსა და დაჭრილ ზ. ხ-ს შორის.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ო. თ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის თუნდაც უეცრად აღმოცენებული, არაპირდაპირი განზრახვის არსებობას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ განაწყენებული მსჯავრდებულის პირისპირ იყო სრულიად შეუიარაღებელი მსხვერპლი, თუმცა მსჯავრდებულმა, განზრახვის სისრულეში მოყვანის სრული შესაძლებლობის მიუხედავად, არ განაგრძო დაზიანებათა კვლავ მიყენება. აღნიშნული გარემოებები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ გ. ლ-ს არ ჰქონდა ო. თ-ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და არსებული - ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ მოქმედებები აღარ განახორციელა.

16. ქმედების კვალიფიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის იარაღსა და მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციაზე, არამედ სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებებსა და ნიშნებზე, რომლებიც უნდა შეფასდეს ყოველ საქმეზე ინდივიდუალურად სხვა გარემოებებთან ერთად. დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია და რაოდენობა უპირობოდ არ წარმოადგენს მკვლელობის განზრახვის არსებობის დადასტურებას და, შესაძლებელია, აღნიშნული გარემოების არსებობისას სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებით ვერ დგინდება გ. ლ-ის განზრახვა, მოეკლა ო. თ-ძე. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია მკვლელობის განზრახვის არსებობის შესახებ არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს წარმოადგენს.

17. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ მ. ც-ის პოზიციას მსჯავრდებულ გ. ლ-ს უდანაშაულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს გ. ლ-ის მიერ როგორც ზ. ხ-ის, ასევე ო. თ-ის ბასრი საგნის - დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტს.

18. მოწმეების - ნ. ფ-ის, გ. მ-ის, ვ. ს-სა და ლ. ხ-ის, ასევე ხ. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივნისს, სოფელ ა-ი მდებარე რესტორან „ნ-ში“ ყოფნისას გ. ლ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ფ-ს, გ. მ-ს, ვ. ს-სა და ლ. ხ-ნს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სწორედ რესტორან „ნ-ში“ მომხდარი ინციდენტის გამო გადაწყვიტეს აწ გარდაცვლილმა ზ. ხ-მა (ნ. ფ-ის მეუღლე) და ო. თ-მ გ. ლ-ის ნახვა, რათა მას ბოდიში მოეხადა მანდილოსნებისათვის. დაზარალებულ ო. თ-ის, ასევე მოწმეების - რ. ხ-ის, ნ. ლ-ის, გ. ხ-სა და ხ. მ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ისინი ავტომანქანიდან გადავიდნენ და მივიდნენ გ. ლ-ან. გაიგო რა მასთან მისული პირების ვინაობა და მისვლის მიზეზი, გ. ლ-ე გახდა აგრესიული, განაცხადა, რომ მანდილოსნებისათვის ბოდიშის მოხდას არ აპირებდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისულებს. აღნიშნულის გამო ზ. ხ-მა გულმკერდის არეში ხელით უბიძგა გ. ლ-ს, რის შემდეგაც მან მარჯვენა ხელი წაიღო უკან, ამოიღო დანა და ზ. ხ-ნს დაარტყა მუცლის არეში. ამის შემდეგ ო. თ-ე ჩადგა გ. ლ-სა და ზ. ხ-ს შორის. გ. ლ-მ მასაც დაარტყა დანა გულმკერდის არეში. მითითებულ მოწმეთა ჩვენებები აწ გარდაცვლილ ზ. ხ-ის მუცლის არეში, ხოლო ო. თ-ის გულმკერდის არეში დანის მეშვეობით ჭრილობის მიყენების შესახებ, თავისი თვისობრიობიდან გამომდინარე, თანხვდენილია სრულიად ნეიტრალურ მტკიცებულებებთან - სამედიცინო და ტრასოლოგიური ესპერტიზების დასკვნებთან, კერძოდ:

19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N. დასკვნით დგინდება, რომ ზ. ხ-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობიდან სისხლდენის შედეგად შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით. ნაჭდევები განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სხვა დანარჩენი დაზიანებები - სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ერთობლივად მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით სხვა გარემოებებთან ერთად დადგინდა, რომ შპს „ახალი კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის N.... სამედიცინო ბარათის თანახმად, ო. თ-ს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 2018 წლის 29 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ტრავმული ჰემოთორაქსი (არამზარდი), გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა. როგორც სს „სამედიცინო კორპორაცია ე-ის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის N4961 სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, ო. თ-ე აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 2018 წლის 30 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი - გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი. დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, ჭრილობა მდებარეობს გულკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ; ძუძუს დვრილის გასწვრივ არსებული სწორნაპირებიანი ნაწიბური ირგვლივ ნაკერების კვლებით (სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, გულკერდის მარცხენა ნახევრის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა) წარმოადგენს სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით.

21. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ ზ. ხ-ის ტანსაცმლიდან მხოლოდ მაისურზე, მუცლის მიდამოში, მარცხნივ არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. ზ. ხ-ის სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნაში მითითებული სხეულზე არსებული ჭრილობა, ლოკალიზაცით შეესაბამება ტანსაცმელზე (მაისურზე) არსებულ დაზიანებას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას როგორც დინამიკით - ტანსაცმლისა და სხეულის ურთიერთგადაადგილებით, ასევე დაზიანების ხასიათით. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ო. თ-ის ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი და უსახელო მაისური, ჯინსის შარვალი ქამრით, ქვედა საცვალი - ტრუსი, ერთი წყვილი წინდა) მხოლოდ მაისურებზე, წინა გულმკერდის მიდამოში მარცხნივ არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. ამასთან, ტანსაცმელზე არსებული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება ო. თ-ის სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობას.

22. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ შეიცავს მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ნიშნებს; დაზარალებულ ო. თ-ა და მოწმეების - რ. ხ-ს, ნ. ლ-ის, გ. ხ-ის, ხ. მ-ის, ზ. ა-ის, გ. კ-ს, გ. გ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს დაზარალებულებს და მათთან ერთად მყოფ სხვა პირს (პირებს) დანა ან იარაღად გამოსაყენებელი სხვა საგანი თან არ ჰქონდათ. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს მოწმე ზ. ხ-ის მიერ დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებთან ერთად მყოფი პირი ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რაც იარაღის ძირს დავარდნისა და მის მიერ აღნიშნული პირის შეკავების გამო ვერ მოხერხდა. მოწმის მიერ მითითებული ეს გარემოება არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით. ამდენად, მოწმე ზ. ხ-ის ჩვენება ამ ნაწილში არის არასაკმარისი და არასარწმუნო მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის. ამ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს, რაც კავშირშია როგორც დაზარალებულების, ასევე მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების სიმძიმესთან, მიყენების საშუალებებსა და დაზიანებათა ლოკალიზაციასთან. დაზარალებულების მხრიდან მსჯავრდებულზე სიცოხლისათვის სახიფათო ფიზიკური თავდასხმა არ დასტურდება აგრეთვე გ. ლ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. ზ. ხ-სა და ო. თ-ის სხეულზე არსებული დაზიანებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ორივე მათგანს დაზიანება მიყენებული აქვს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობების სახით. ექსპერტიზის დასკვნებითა და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებით ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ გ. ლ-მ ზ. ხ-ს დანა დაარტყა მუცლის არეში, ხოლო ო. თ-ს - გულმკერდის არეში იმ ვითარებაში, როდესაც ზ. ხ-სა და ო. თ-ის მხრიდან მისი მისამართით არ ჰქონია ადგილი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ქმედების ჩადენას.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ლ-ის საცხოვრებელ უბანში მასთან პრეტენზიებით მივიდნენ ზ. ხ-ნი, ო. თ-ე, რ. ხ-ი, ნ. ლ-ი, გ. ხ-ნი და ხ. მ-ი, მათ შორის გაიმართა დაძაბული საუბარი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა მოსულთა რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად მათგან არ მომდინარეობდა იმგვარი საფრთხე, რაც გ. ლ-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩააყენებდა. მოწინააღმდეგეთა უპირატესობის დასაძლევად, შურისძიების მოტივით, მათ მიმართ ანგარიშსწორების მიზნით გ. ლ-მ ჩხუბის დროს ჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ზ. ხ-სა და ო. თ-ს. აქვე მხედველობაშია მისაღები საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ: დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანების რაოდენობა და ხარისხი; დაზიანებათა ლოკალიზაცია, ასევე გ. ლ-ის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი - მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგანი (როგორც მოწმეების აღნიშნავენ, დიდი ზომის დანა). ეს გარემოებები ცალსახად გამორიცხავენ მსჯავრდებულის ვერსიას იმის შესახებ, რომ შექმნილ ვითარებაში იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თანხვდენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გ. ლ-ს დაზარალებულებმა მიაყენეს რაიმე სახის დაზიანება, ობიექტურად არსებობდა თავდასხმა და სუბიექტურად გ. ლ-ს ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

25. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. ლ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

26. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

28. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი