საქმე # 330100122006148142
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №206აპ-23 ქ. თბილისი
ა-ი ნ, 206აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ნ. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
1.2. ნ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 28 ივლისიდან იმავე წლის 16 ნოემბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თ-ი, ვ.ლ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ა-ა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ს. მ-ე არასრულწლოვანი შვილების - 7 წლის ე. ა-სა და 6 წლის ფ. ა-ის თანდასწრებით, კერძოდ, მარცხენა მხარეს საფეთქელთან დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც რამდენჯერმე ასევე მუშტი დაარტყა კეფაში, მარცხენა მკლავის მიდამოსა და ზურგის არეში. თითოეული აღნიშნული ძალადობის შედეგად ს. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თ-ში, ვ.ლ-ის ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ა-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. მ-ას, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ი-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნ. ა-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება; ხოლო მუქარის ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
6.1. მსჯავრდებულ ნ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ს. მ-სა და მოწმეების - ე. ა-ის, ე. ქ-ძის, ფ. ა-ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
7.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ მ. ი-ის მოსაზრებას ნ. ა-ის უდანაშაულობაზე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მისთვის შერაცხული ბრალის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მუქარა დაზარალებულს არ უნდა აღექვა რეალურ მუქარად და არ უნდა გამოეწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს, კერძოდ:
7.2. დაზარალებულ ს. მ-ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2022 წლის 9 ივლისს მეუღლე შვილებთან ერთად, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, წასული იყო ს-ოს რაიონის სოფელ მ-ში, საიდანაც ასევე ბავშვებთან ერთად დაბრუნდა გაბრაზებული. სახლში შემოსვლისთანავე შეიყვანა იგი ბავშვების ოთახში და დაუწყო ყვირილი, თუ რატომ არ უნდოდათ მათ შვილებს მასთან ყოფნა. როდესაც დაზარალებულმა უთხრა, რომ ბავშვის სწორად აღზრდისათვის საჭირო იყო შენიშვნის მიცემა და გაწყრომა, მისი მეუღლე უფრო გაბრაზდა და დაუწყო ცემა, კერძოდ, უკან გაუწია და დაუჭირა ორივე ხელი, რის შემდეგაც მარცხენა მხარეს საფეთქელთან ძლიერად დაარტყა მუშტი, რამდენჯერმე ასევე - კეფაში, მარცხენა მკლავის მიდამოსა და ზურგზე. ყოველი დარტყმის დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ცემის შემდეგ ორივე ხელი წაუჭირა ყელში და ცდილობდა მის დახრჩობას, ეძახდა რომ ყელში ამოუვიდა და მოკლავდა. მან მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან ხელს ძლიერად უჭერდა და თანდათან სუნთქვა უჭირდა, შეეშინდა მართლა არ მოეკლა. თავდაპირველად ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ რაც ყელში წაუჭირა და ახჩობდა, დასუსტდა და ყვირილიც აღარ შეეძლო. ამ დროს იმავე ოთახში იმყოფებოდნენ მათი შვილები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ, ხმას ვერ იღებდნენ და ჩანდნენ შეშინებულები. მან თანდათან დაიწყო გონების დაკარგვა. როდესაც მისმა მეუღლემ - ნ. ა-მა დაინახა, რომ მართლა იხრჩობოდა, ხელი გაუშვა. იმ დღეს სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებია, რადგან ქართული არ იცოდა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მეუღლე აკონტროლოებდა, რომ სახლიდან არ გასულიყო და პოლიციისათვის არ მიემართა. 2022 წლის 12 ივლისს, დილის 10:00 საათზე, როდესაც მეუღლეს ეძინა, ჩუმად გამოვიდა სახლიდან, მივიდა მათი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, გამყიდველს უამბო მომხადრის შესახებ და სთხოვა სასწრაფო დამხარების გამოძახება, რადგან თავს კვლავ ცუდად გრძნობდა.
7.3. შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ ნ. ა-ს 30 დღის ვადით აეკრძალა ორდერით დადგენილი მოქმედებების განხორციელება. ორდერის თანახმად, 2022 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მათ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ს. მ-ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ნ. ა-მა, რის შემდეგ ხელებს უჭერდა ყელში და ახრჩობდა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ს. მ-ას გაუჩნდა მუქარის აღსრულების რეალური შიში.
7.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
7.5. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ს. მ-მ დამაჯერებლად და თანამიმდევრულად აღწერა 2022 წლის 9 ივლისს განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ ბავშვების თანდასწრებით ჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტები დაარტყა სახის, მკლავებისა და წელის არეში, ხოლო შემდეგ ხელები მოუჭირა ყელზე და ახრჩობდა, თან ემუქრებოდა რომ მოკლავდა. აღნიშნული მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების რეალური შიში. ამასთან, მსჯავრდებულმა ნ. ა-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, დაეთანხმა მათში გადმოცემულ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მუქარის ფაქტი არც საკასაციო საჩივარშია უარყოფილი.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142).
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათისაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ნ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
11.1. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი გიორგი ცეცხლაძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ნ. ა-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო ადვოკატი მ. ი-ი - სასჯელის შემსუბუქებას.
11.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11.3. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).
11.4. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, ნ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაულები, რაც ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი (რამდენჯერმე მუშტის ჩარტყმა სხეულის სხვადასხვა არეში, სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი მტკიცე სურვილი, მისწრაფება დაზარალებული დაეშინებინა, დაერღვია მისი სიმშვიდე და მყუდროება, მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), პირადი და ეკონომიკური პირობები (თვითდასაქმებულია, აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, არის ოჯახის მარჩენალი, მხარეთა განმარტებით, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, ნ. ა-ს სურს თანაცხოვრების გაგრძელება), მსჯავრდებულის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს; ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნ. ა-ი პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს და მსჯავრდებულს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების ან დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი