საქმე # 330100121005151219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №207აპ-23 ქ. თბილისი
პ-ი მ, 207აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიასა და მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. პ-ს, - დაბადებულს … წლის … დეკემბერს, - ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 273-ე მუხლით, ასევე 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა მ. პ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 58,508 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 164,66 გრამი ფხვიერი მასა და 70,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (ფუძე) შემცველი 83,08 გრამი კრისტალისებური ნივთიერება ფხვნილთან ერთად. მ. პ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებებიდან 0,261 გრამის შემცველი, 0,76 გრამი ფხვიერი მასა მისგან ამოიღეს თ-ი, გ-ის ქუჩის N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2021 წლის 16 სექტემბერს, 18:15 საათიდან 18:35 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული პირადი ჩხრეკით, ხოლო 58,247 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 163,90 გრამი ფხვიერი მასა და 70,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (ფუძე) შემცველი 83,08 გრამი კრისტალისებრი ნივთიერება ფხვნილთან ერთად ამოიღეს 2021 წლის 16 სექტემბერს, 20:20 საათიდან 21:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ რ-ი, მ-ის ქუჩის N…-ში მდებარე ბინა N…-ში ჩატარებული ჩხრეკით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:
2.1. მ. პ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
2.2. მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, ამავე სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენითა და 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 სექტემბრიდან.
2.5. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, ასევე 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა მ. პ-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,261 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვიერი მასა, რაც მისგან ამოიღეს თ-ში, გ-ის ქუჩის N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2021 წლის 16 სექტემბერს, 18:15 საათიდან 18:35 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. პ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმება და მ. პ-ის გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, პროკურორი ითხოვს მ. პ-ის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ადვოკატი - მის სრულად გამართლებას.
8. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ეპიზოდი:
8.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველი, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ქ.რ-ი, მ-ის ქ.№.., ბინა №…-ში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების მ. პ-ის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი მსჯავრდება განაპირობა.
8.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
8.3. მხარეებს სადავო საკითხად არ გაუხდიათ და საკასაციო სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია 2021 წლის 16 სექტემბერს, ქ.რ-ი, მ-ის ქ.№…-ში მდებარე №…-ე ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინისა და ჰეროინის ამოღების ფაქტი. აღნიშნული დადასტურებულია როგორც ბინის ჩხრეკის ოქმით, ისე ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, თავად მსჯავრდებულისა და მოწმე ჩ. ზ-ის ჩვენებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნით. მხარეთა შორის დავის საგანია, ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მ. პ-მი კუთვნილება, რასაც საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს დადასტურებულად.
8.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განაჩენს, რომლის თანახმადაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი არ არის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მ. პ-მი კუთვნილება. ამ ნაწილში თავისი პოზიციის გამყარებას სახელმწიფო ბრალმდებელი ცდილობს ისეთ მტკიცებულებებზე მითითებით, როგორიცაა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, რასაც ბრალდებული ხელს აწერს ყოველგვარი პრეტენზიის გამოთქმის გარეშე, მოწმეთა ჩვენებები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს მხოლოდ საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს, მაგრამ არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კავშირი ჰქონდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებთან მ. პ-ს. მსჯავრდებულისა და მოწმე ჩ. ზ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ბინაში, რომელიც უქირავა მ. პ-მა, ცხოვრობდა ჩ. ზ-ი ბავშვთან ერთად, რომელთანაც მსჯავრდებულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მასთან მიდიოდა და რჩებოდა ხოლმე. ჩ. ზ-ის განმარტებით, ორივეს ჰქონდათ ბინის გასაღები.
8.5. პროკურორი თამაზ მებონია ასევე აპელირებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N… დასკვნაზე. ამ მტკიცებულების თანახმად, საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე აღებულ ანაწმენდებზე მაჟორული წილი ეკუთვნის ერთსა და იმავე მდედრობით სქესის ადამიანს - ჩ. ზ-ს, ასეთი არაერთი კვალი იქნა ნანახი. ამავე მასალაზე ორ ადგილას ნანახი მინორული წილი კი ეკუთვნის მ. პ-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. პ-ის გენეტიკური პროფილი ემთხვევა მისი ძმის - თ. პ-ის გენეტიკურ პროფილს. მიუხედავად ამისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი დაპატიმრებულია და აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი ვერ იქნება მისი. ამდენად, უდავოდ დადგენილია აღმოჩენილი გენეტიკური პროფილის სწორედ მ. პ-მი კუთვნილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არათუ ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას, არამედ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა ჩ. ზ-ს, როგორც ამას მ. პ-ი აცხადებს.
8.6. მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩ. ზ-ი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მხილებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში და ამისათვის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს ჩ. ზ-ის შემხებლობას ნარკოტიკულ საშუალებებთან. შესაბამისად ეს გარემოება უფრო საფუძვლიანს ხდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა მ. პ-ის ჩვენება სწორია და სწორედ ეს ქალბატონი ინახავდა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს. ამასვე ამტკიცებს საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N… დასკვნა, რომლის თანახმადაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალაზე არაერთ ადგილას დაფიქსირდა სწორედ ჩ. ზ-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი. დასახელებულის სანაცვლოდ, მხოლოდ ორ ადგილას დაფიქსირდა მ. პ-ის კვალი და ისიც მხოლოდ მინორული წილი სახით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ე. ს-ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც მაჟორული წილი ნიშნავს მეტი ბიოლოგიური მასალის, ხოლო მინორული წილი - ნაკლები ბიოლოგიური მასალის არსებობას.
8.7. ამ მოცემულობის ფონზე საყურადღებოა ასევე ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც მ. პ-ის მიერ დატოვებულია კვლები სიგარეტის კოლოფზე, ასევე შავი და გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტზე, რაშიც თავის მხრივ, შეფუთული იყო ნარკოტიკული საშუალებები. დასახელებული ნივთების რაობისა და აღმოჩენილი ბიოლოგიური კვლების სიმცირის, ასევე ამავე ნივთებზე სხვა პირის ბიოლოგიური კვალის მაჟორული წილის არსებობის გათვალისწინებით, ლოგიკურია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ ნივთებში (სიგარეტის კოლოფი და პოლიეთილენის პარკი) ნარკოტიკული საშუალება შეფუთეს მას შემდეგ, რაც ისინი დანიშნულებისამებრ გამოიყენა მ. პ-ა და გამოყენების შემდეგ დატოვა ბინაში, სადაც ის ფაქტიურად ცხოვრობდა.
8.8. მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის ბ. მ-ის ჩვენების თანახმად, რომელიც იყო გამოძიების მწარმოებელი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პირადი ჩხრეკის შემდეგ, გარდა ჩატარებული გამოკითხვისა, მ. პ-ს ასევე პირადი საუბარი ჰქონდა როგორც მასთან, ისე სამმართველოს უფროსთან. მან უთხრა, რომ ვითანამშრომლებო და დაახლოებით 10-15 „ჩეკს“ ამოგაღებინებთო. შესაბამისად, მ. პ-ს ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა რ-ი და მოწმე გაკვირვებული დარჩა, როდესაც 10-15 „ჩეკი“ კი არა, გაცილებით მეტი ნარკოტიკი ამოიღეს. ბ. მ-ს ჩვენების ეს ნაწილი სრულ შესაბამისობაშია პოლიციის სხვა თანამშრომელთა ჩვენებებთან. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ იყო მ. პ-ის და მან იცოდა მხოლოდ სხვის მიერ მისი შენახვის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეცოდინებოდა მისი რაოდენობაც.
8.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ აღმოფხვრა ეჭვი იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები შესაძლოა ეკუთვნოდა სხვა პიროვნებას და არა მ. პ-ს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია პირის მსჯავრდება, რამდენადაც მისი ბრალეულობა დადგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №306აპ-22).
9. პირადი ჩხრეკის ეპიზოდი:
9.1. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ასევე ადვოკატმა ხ. ჩ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ მითითებული გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში პასუხის გასცა დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტებს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მ. პ-ის უდანაშაულობის შესახებ.
9.2. მოცემულ შემთხვევაში მ. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დასტურდება როგორც პირადი ჩხრეკის ოქმითა და ჩხრეკის ჩამტარებელი საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლების - გ. ა-ის, ბ. ნ-ა და ბ. მ-ის ჩვენებებით, ისე მ. პ-ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული. კერძოდ, ჩანაწერში დაფიქსირებულია მ. პ-ან სამართალდამცავების წარდგომისა და დადგენილების გაცნობის შემდეგ ბრალდებულისთვის შეთავაზება, წარედგინა თუკი რაიმე სახით კანონსაწინააღმდეგოს ფლობდა, რის შემდეგ მ. პ-ი ჯიბიდან იღებს სიგარეტის დაშლილი კოლოფისმაგვარ ქაღალდს, რომელშიც მოთავსებულია შავი და ლურჯი ფერის პოლიეთილენში შეფუთული მოგრძო ფორმის ნივთიერებები, რაც მისი თანდასწრებით ილუქება პოლიციის თანამშრომლების მიერ. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნითა და ექსპერტების - ნ. ო-სა და პ. წ-ის ჩვენებებით დადგენილია მ. პ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების რაოდენობა და რაობა, კერძოდ, შავი ფერის თავმომწვარ პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ყავისფერი ფხვნილი, წონით 0,25 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,081გრამს, ხოლო ლურჯი ფერის თავმომწვარ პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული მუქი ყავისფერი წონით-0,51 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,18 გრამს. ამასთან, ორივე ობიექტში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 0,261 გრამი.
9.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე გადაადგილებისას მსჯავრდებულ მ. პ-ს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი თან ჰქონდა შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან თანამშრომლობის ფარგლებში და მიუთითებს, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული პოზიცია არ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულზე მიმანიშნებელი არცერთი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში მ. პ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნით 0,261 გრამი ჰეროინის შემცველ ნივთიერებას წარმოადგენს, არის დიდი ოდენობა, რამდენადაც ხსენებული კანონის დანართი №2-ის მიხედვით, 0,2 გრამს ზევით 1 გრამამდე ჰეროინი ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას წარმოადგენს.
9.4. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმეების - დ. ფ-ის, გ. ა-ის, ბ. მ-სა და სხვათა ჩვენებები, პატაკი, პირადი ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნა, განაჩენები, განჩინება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 სექტემბრის წერილი) და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ მ. პ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, არაერთგზის, დიდი ოდენობით.
10. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიასა და მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი