საქმე # 330100122005909701
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №208აპ-23 ქ. თბილისი
კ-ე გ, 208აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ-ეს, - დაბადებულს --- წლის - ნოემბერს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ქ. თ-ი, ნ. ყ-ს ქუჩის N--ში მდებარე ბინა 9--ში გ. კ-ემ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ქალის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებაში, მისი დაქვემდებარებულ და დამცირებულ მდგომარეობაში ჩაყენების სურვილში, ვაიფაის აპარატის, ე.წ. „როუტერის“ თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ს. ვ-ს, რომელსაც წარსულში მიღებული ფიზიკური ტრავმების გამო შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების უნარი, კერძოდ, მას ჩატარებული აქვს მარცხენა ფეხის ტერფის ამპუტაცია, რის გამოც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ყავარჯნების გარეშე. გ. კ-ისათვის ძალადობის ჩადენის დროს ცნობილი იყო ს. ვ-ს შეზღუდული შესაძლებლობის ფაქტი. გ. კ-ის ქმედების შედეგად ს. ვ-ს აღენიშნებოდა კეფის მიდამოში ნახეთქი/ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
· 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ქ. თ–ი, ნ. ყ-ს ქუჩის N--ში მდებარე ბინა 9--ში გ. კ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ს. ვ-ს კუთვნილ „iPhone 8” ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
2.1. გ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი.
2.3. გაუქმდა გ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 4 მაისიდან იმავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
2.4. გ. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და გ. კ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 4 მაისიდან იმავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 1 თებერვლიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. თ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. კ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდება, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება. დაზარალებულ ს. ვ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, ასევე მოწმეების - ნ. ჯ-ის, ნკ--ისა და სხვათა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N--- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ქ.თ-ი, ნ.ყ--ს ქუჩის N--ში მდებარე ბინა 9--ში გ. კ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ს. ვ-ს კუთვნილ, 400 ლარად ღირებულ „iPhone 8” ფირმის მობილურ ტელეფონს, კერძოდ:
2.1. გ. კ-ის მიერ ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების ჩადენის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის, დაზარალებულ ს. ვ-ს პირდაპირი ჩვენება. მართალია, ს. ვ-ს პირადად არ დაუნახავს, თუ როგორ აიღო გ. კ-ემ მობილური ტელეფონი (რაც ბუნებრივია, რამდენადაც ქურდობის დროს დამნაშავე მოქმედებს ფარულად, როგორც დაზარალებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის შეუმჩნევლად), თუმცა დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ჩვენება შეიცავს როგორც გ. კ-ის მიერ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ფარული დაუფლების ფაქტის, ასევე მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად საჭირო ინფორმაციას. დაზარალებულ ს. ვ--ს გამოკითხვის ოქმით ცალსახად დასტურდება, რომ 2022 წლის 3 მაისს გ. კ--ე ავტომანქანის გასაღების მოსაძებნად შევიდა მის საძინებელ ოთახში, სადაც დაახლოებით ორი წუთი იმყოფებოდა. ამის შემდეგ, ნ. ჯ--ნ ერთად, თავადაც შევიდა საძინებელში და შეამჩნია, რომ მისი მობილური ტელეფონი, რომელიც ამავე ოთახში დასატენად შეიტანა, ადგილზე აღარ იყო. იგი დააკვირდა გ. კ--ის ტანსაცმელს და შენიშნა, რომ ჯინსის შარვლის წინა ჯიბეებში ედო ტელეფონის მსგავსი საგნები. მიხვდა რომ ტელეფონი მან აიღო, თუმცა ძებნის მიუხედავად, ტელეფონი ვერ იპოვა და გ. კ-ეს უთხრა, რომ დაუკითხავად აღებული მობილური ტელეფონი სასწრაფოდ დაებრუნებინა მისთვის. აღნიშნულზე მსჯავრდებულმა აგრესიულად განუცხადა, რომ ტელეფონი მას არ აუღია და მანქანის გასაღების მოსაძებნად იყო მისული. გარდა ამისა, ს. ვ-ს განმარტებით, მართალია, გ. კ-ის მიერ მისი მობილური ტელეფონის აღების მომენტი არ დაუნახავს, თუმცა დაზუსტებითა და დანამდვილებით იცის, რომ 2022 წლის 2 მაისს, ბინაში შესვლის, ასევე 2022 წლის 3 მაისს, სუფრის დასრულების დროს, ტელეფონი თან ჰქონდა და მისი საძინებელი ოთახიდან მხოლოდ მას შემდეგ დაიკარგა, რაც იქ გ. კ-ე შევიდა გასაღების მოსაძებნად. ამასთანავე, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 2022 წლის 4 მაისს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, გ. კ-ის მეგობარმა ნ. კ-მ მიუტანა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელშიც გ. კ-ის მიერ 2022 წლის 4 მაისს 13:13 საათზე გაკეთებული იყო შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „მე გავამწარე და რომ ბევრ რამეს მიხვდები“, „გკოცნი, მიდი მიყვარხარ“.
2.2. მოწმე ნ. ჯ-მ თავის ჩვენებაში დაზარალებულ ს. ვ-ს მიერ მიცემული ჩვენებების ანალოგიურად აღწერა განვითარებული მოვლენები და გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას, დაადასტურა, რომ გ. კ-ე, რომელსაც ს. ვ. მისი საძინებელი ოთახიდან მობილური ტელეფონის დაუკითხავად აღებას აბრალებდა და დაუყოვნებლივ დაბრუნებას სთხოვდა, უარყოფდა აღნიშნულ ფაქტს და აცხადებდა, რომ გასაღებისთვის დაბრუნდა და არა მობილური ტელეფონის მოსაპარად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არ დადგენილა რაიმე მოტივი, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი იქნებოდა.
2.3. დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებასთან - ს. ვ-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმთან, რომლის თანახმადაც, დაზარალებულის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერდა მის მობილურ ტელეფონში არსებული გ. კ-ის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. ამასთან, ჩანაწერში აღნიშნული ტექსტი გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მობილური ტელეფონის წაღების მიზანს მასში არსებული შეტყობინებების კონკრეტული პირისთვის ჩვენება წარმოადგენდა.
2.4. რაც შეეხება 2022 წლის 3 მაისის შემდგომ განვითარებული მოვლენებს, რა დროსაც მსჯავრდებული გ. კ-ე ჯერ დაზარალებულის დას - ფ. ვ-ს ე.წ „მესენჯერში“ წერს და ესაუბრება მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე, რომელიც თითქოს ს. ვ-ს მის ავტომანქანაში დარჩა, ხოლო საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, ნ. კ-ის მეშვეობით, თავად დაზარალებულს უბრუნებს მისივე საცხოვრებელი ბინიდან ფარულად დაუფლებულ მობილურ ტელეფონს, საკასაციო სასამართლოს აზრით, ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მცდელობას და არ გამორიცხავს გ. კ-ის მხრიდან ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობისათვის სავალდებულო კომპონენტის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ს. ვ-ს წინაშე, რომელმაც მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება, გ. კ-ე კატეგორიულად უარყოფდა მისი საძინებელი ოთახიდან მობილური ტელეფონის აღებას და ამტკიცებდა, რომ მასთან მხოლოდ ავტომანქანის გასაღების მოსაძებნად იყო მისული. ამ პირობებში, სასამართლოსთვის სრულიად გაუგებარია, რა უშლიდა ხელს გ. კ-ეს, თუნდაც იმ მომენტში მართლაც დაებრუნებინა მობილური ტელეფონი მესაკუთრისთვის.
2.5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამატყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს არ შეიძლება მივანიჭოთ ისეთი ვიწრო განმარტება, რომ იგი სახეზეა მაშინ, როდესაც პირი სხვის ქონებას ეუფლება მხოლოდ და მხოლოდ მის საკუთრებაში საბოლოოდ დარჩენის მიზნით. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა დადასტურებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა უკანონოდ მოისურვა სხვისი მატერიალური სიკეთის საკუთარი მიზნებისა და შეხედულებისამებრ გამოყენება და განკარგვა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას სურვილი საბოლოოდ მის საკუთრებაში დარჩენილიყო აღნიშნული ქონება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მობილური ტელეფონი მესაკუთრის - ს. ვ-ს მფლობელობიდან გავიდა მისგან ფარულად, რის შემდეგაც, გ. კ-ეს წარმოეშვა მოპარული ნივთის, როგორც საკუთარის, ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო დანაშაულის შემდგომი ქცევა არ გამორიცხავს წინარე ქმედების უკანონობას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და თავის მხრივ, ქურდობის შემადგენლობის არსებობას.
2.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ის ქმედებაში გამოკვეთილია მისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, როგორიცაა - სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, ქმედების ფარული ფორმით ჩადენა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - კანონიერია.
3. ადვოკატი ასევე უკანონოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გ. კ--ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია, კერძოდ:
4. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გ. კ-ის მიერ დაზარალებულ ს. ვ-სათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტს, რაც ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. ვ-ს გამოკითხვის ოქმითა და მოწმე ნ. ჯ-ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N---- დასკვნით, შპს „ს.ხ–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N4295-ის ჩანაწერებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.
5. ადვოკატ ს. თ--ის მოსაზრებით, სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რის გამოც მსჯავრდებულ გ. კ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
6. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება და დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს:
7. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს მის ჩადენას წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ (120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
8. საქმის მასალების თანახმად, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ გ. კ-ეს შეცნობილი ჰქონდა დაზარალებულ ს. ვ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ფეხის ტერფის ამპუტაცია, რის გამოც იგი გადაადგილდებოდა ყავარჯნებით. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ს. თ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოების - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან დაზარალებულს კანონმდებლობის შესაბამისად სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
9. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ არის სამართლებრივი ტერმინი. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა.
10. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
11. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების, ფუნქციური დარღვევების მიხედვით, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის დროს, ამ ინსტრუქციის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამის პუნქტებში და ქვეპუნქტებში მითითებული დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტებისა და ფუნქციური დარღვევების გათვალისწინებით, მონაწილეობას იღებენ ექიმი-სპეციალისტები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 11). ამავე ბრძანების მე-31 მუხლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში - დაწესებულება) ამ ინსტრუქციის მე-32 მუხლის შესაბამისად, რომელსაც შერჩევის საფუძველზე 2 წლის ვადით გადაეცემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პირს უნდა ჰქონდეს კანონით დადგენილი წესით მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებულ ს. ვ-ს არ მიუმართავს სამინისტროსათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსასაზღვრად; შესაბამისად, ზემოჩამოთვლილ პროცედურებს ადგილი არ ჰქონია და საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და არ არის წარმოდგენილი მისთვის მინიჭებული სტატუსის დამდგენი დოკუმენტი. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს ს. ვ-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, რის გამოც გ. კ-ის ქმედების დაკვალიფიცირება 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე რედაქციით) არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია გ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
16. სასჯელის დასაბუთება:
16.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
16.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.
16.3. დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს.
16.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
16.5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სასამართლო განხილვისას, ეროვნულმა ხელისუფლებამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს მხედველობაში მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა, მისი ფიზიკური და მორალური მოწყვლადობა და რაც შეიძლება სწრაფად შეაფასოს სიტუაცია ადეკვატურად (ტალპისი იტალიის წინააღმდეგ, Talpis v. Italy, განაცხადი N41237/14; 02/03/2017).
16.6. განსახილველი საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების (მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროების, ხასიათის, სიმძიმის (ჩადენილია მძიმე კატეგორიის, განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ხელყოფს ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას), დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის (ანგარების მოტივით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთს; გენდერული შეუწყნარებლობა), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი შედეგის (გ. კ-ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ს. ვ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; (,,ვაიფაის“ აპარატის, ე.წ. „როუტერის" რამდენჯერმე დარტყმა თავის არეში, კეფის მიდამოში ღია ჭრილობა, თავის ზედაპირული ტრავმა) მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და გ. კ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არის სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების პროპორციული, რომლითაც შესაძლებელი იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2022 წლის 6 ივნისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე (2022 წლის 6 ივნისამდე რედაქცია);
4. გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 6 ივნისამდე რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 6 ივნისამდე რედაქცია) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. გ. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 1 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 4 მაისიდან იმავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- კომპიუტერული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- გატეხილი სარკე, ჭიქის ნატეხები, ანაწმენდები, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები განადგურდეს;
- ე.წ. „როუტერი“ და სამი ცალი ანტენა, ტელევიზორის პულტი, გ. კ-ის მობილური ტელეფონი, ს. ვ-ს მობილური ტელეფონი, ს. ვ-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს/მფლობელებს;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი